ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტისთვის პრეზიდენტის მიერ შერჩეული ორი კანდიდატიდან თამარ ალფაიძის კანდიდატურა წლის დასაწყისში, სხვა პოსტისთვის, პარლამენტს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა. ახლა კი, სახელისუფლებო პარტია ამ კანდიდატურის წინააღმდეგაც გამოდის და საერთოდ, "თავს მოხვეულს" უწოდებს "შარლ მიშელის შეთანხმების" საფუძველზე შემოღებულ არჩევის წესს.
მანამდე, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ამ პოსტზე სამუშაოდ, 2-ჯერ 6-6 თვით, პრეზიდენტის წარდგინებითა და „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხარდაჭერით აირჩიეს.
ახალ დაპირისპირებას ექსპერტები პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის გამწვავებული დავის შემადგენელ ნაწილად თვლიან.
- ვინ არიან პრეზიდენტის მიერ შერჩეული კანდიდატები?
- როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
ადრე პრემიერის მიერ შერჩეული
„ჩვენ გვინდა გაბრწყინებული, დალოცვილი საქართველო“, - ამბობდა ცესკოს თავმჯდომარის პოსტისთვის პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ შერჩეული ერთ-ერთ კანდიდატი, სამართლის დოქტორი, თამარ ალფაიძე, 2019 წელს, როდესაც ის მთაწმინდის ოლქის შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს და ასევე აცხადებდა, რომ მის უკან „დიდი ძალა“ იდგა - „ერთობის, მიმტევებლობისა და ურთიერთპატივისცემის“ სახით.
შესარჩევი კომისიის მიერ ივლისში გამართულ გასაუბრებაზე, ალფაიძეს შეახსენეს, რომ 2019 წლის არჩევნებზე მას აქტიურად ეხმარებოდა ამჟამად „ლელოს“ წარმომადგენელი პოლიტიკოსი ლანა გალდავა. კანდიდატმა ახსნა, რომ ეს პარტიული კუთვნილება 3 წლის წინ არ არსებობდა და თავის „დოქტორანტსა და მეგობარს“ „გარკვეულ საკითხებში“ დღესაც ენდობა.
ასევე ნახეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე პარლამენტი კენჭს უყრის თამარ ალფაიძის კანდიდატურასაც
საპარლამენტო კომიტეტში, ალფაიძის მოსმენა 2022 წლის თებერვალში გაიმართა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტისთვის, ის პრემიერ-მინისტრის მიერ შერჩეული ერთ-ერთი კანდიდატი იყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევანი საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული სამი კანდიდატიდან, წესისამებრ, ორზე შეაჩერა და ერთ-ერთი სწორედ თამარ ალფაიძე იყო. კომისიის შემადგენლობაში იყვნენ უმრავლესობის წარმომადგენლები ანრი ოხანაშვილი და მიხეილ სარჯველაძე. კომისიის თავმჯდომარე იყო იმხანად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - ილია დარჩიაშვილი, რომელი ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებს.
"ოცნების“ ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებულად გაუქმებისა და მის ნაცვლად ორი ახალი უწყების - პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების შექმნის ხმაურიანი პროცესის ფონზე, ალფაიძემ, როგორც კანდიდატმა, გასაუბრებაზე განაცხადა, რომ ამ პროცესს ის „ასე მტკივნეულად“ არ უყურებს.
რადიო თავისუფლების შეკითხვებზე პასუხის გაცემის თხოვნას თამარ ალფაიძემ 9 აგვისტოს არაპირდაპირი, წერილობითი უარით უპასუხა. მისი მოკლე ტექსტური შეტყობინება გვამცნობს, რომ განცხადება „საკონკურსო ეტაპის ნაწილის შემდეგ“ გაკეთდება და მის გვერდზე გამოქვეყნდება.
მერიიდან ცესკოში
სალომე ზურაბიშვილის მიერ შერჩეული მეორე კანდიდატი - რევაზ ეგაძე 2022 წლის მაისიდან, ცესკოში, სწავლების პროცესის მონიტორინგის ჯგუფს ხელმძღვანელობს.
მანამდე ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი იყო, ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის საკითხებში; ხოლო კიდევ უფრო ადრე (2017-2020 წლებში) მერის მოადგილის პოსტსაც იკავებდა და, ადგილობრივი მედიის ცნობებით, ის ამ პოსტიდან 2020 წლის ივლისში გაათავისუფლეს. თუმცა თავად ეგაძემ TV4-თან განაცხადა, რომ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილმა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე პარლამენტის წინაშე მორიგი ვადით ასარჩევად არ წარადგინაეგაძის ავტობიოგრაფიიდან ვიგებთ, რომ 2017 წელს ის გარდაბნის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრი იყო და ასევე, სხვადასხვა დროს, მუშაობდა: გარდაბნის გამგეობაში სამსახურის უფროსად თუ გამგებლის მრჩევლად. როგორც თავად წერს, 2005-2008 წლებში კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება „სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაშიც“ დააგროვა.
„მე გახლავართ განათლებითაც და, ჩემი პრაქტიკული საქმიანობითაც, პრაქტიკოსი საჯარო მოხელე, მიუკერძოებელი, ნეიტრალური, პოლიტიკური აფილაციისა და პოლიტიკური შეხედულებების გარეშე“, - უთხრა კანდიდატმა შესარჩევი კომისიის წევრებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ მოსმენაზე.
„ცესკო“ და „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ
ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის კანდიდატურის კვლავ წარდგენაზე სალომე ზურაბიშვილმა უარის თქმა იმით ახსნა, რომ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის გარშემო კვლავ შეუთანხმებლობაა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.
პრეზიდენტმა ახსნა, რომ კალანდარიშვილის საქმიანობის მიმართ პრეტენზიები არ ჰქონდა, თუმცა მისთვის პრინციპულია „ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ასარჩევად ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანდიდატურების გამოვლენა".
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მოულოდნელი უწოდა თავად გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც მანამდე ორჯერ სწორედ პრეზიდენტის წარდგინებით დაინიშნა ცესკოს თავმჯდომარედ და უკმაყოფილო დარჩა, რომ პრეზიდენტმა მისი „დიდი გამოცდილება“ და ადმინისტრაციის მიერ მიღწეული „პროგრესი“ ვერ დააფასა.
თუმცა ამას მოჰყვა უფრო მწვავე და ბრალდებების შემცველი განცხადება ცესკოს სახელით, რომელშიც ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტმა იხელმძღვანელა „არა ობიექტური კრიტერიუმებით, არამედ პოლიტიკური მოტივებით“.
ასევე ნახეთ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარისთვის გაუგებარია, რომ პრეზიდენტმა მისი კანდიდატურა არ მოიწონა ასევე ნახეთ ცესკო აცხადებს, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატები პრეზიდენტმა პოლიტიკური მოტივით შეარჩიაპრეზიდენტს კიდევ ერთხელ გაუწყრნენ "ქართულ ოცნებაშიც".
„რეალურად პრეზიდენტს არ ევალება, მით უმეტეს ამ საკითხში, პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა“, - თქვა 8 აგვისტოს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და იქვე გამოაცხადა, რომ მმართველი გუნდი არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის „არამოტივირებულ გადაწყვეტილებას“.
ქადაგიშვილის განცხადებაშია სავარაუდო გეგმაც:
- პრეზიდენტის მიერ არჩეული კანდიდატები კენჭისყრაზე ჩავარდებიან და გამოცხადდება ახალი კონკურსი, სავარაუდოდ - ოქტომბერში;
- ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გააგრძელებს მოვალეობის შესრულებას, ვიდრე არ იქნება არჩეული ახალი თავმჯდომარე, ახალი კონკურსის შედეგად.
უკვე 9 აგვისტოს, ქადაგიშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის კიდევ ერთხელ შეცვლას არ გამორიცხავს და რომ ამჟამად მოქმედი წესი საქართველოს "მოახვიეს თავს".
„ამ წესს დავთანხმდით იმიტომ, რომ მთელმა მსოფლიომ მაინცდამაინც საქართველოზე მოინდომა ექსპერიმენტის ჩატარება, რომ რამენაირად ოპოზიცია ქუჩაში სირბილის [2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდა და აქციებს მართავდა - რთ] ნაცვლად შემოსულიყო პარლამენტში. რაც მთელ მსოფლიოში არ მუშაობს, არ მუშაობს არც საქართველოში“, - თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ასევე ნახეთ ცესკოს თავმჯდომარეობის შერჩეული და დაწუნებული კანდიდატები„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ გამართლებულად მიიჩნევენ ცესკოს თავმჯდომარის „მაღალი კონსენსუსით არჩევის“ მიზანს, რომელიც „შარლ მიშელის შეთანხმებამ“ დასახა. ორგანიზაციის წარმომადგენელი, ლევან ნატროშვილი გვეუბნება, რომ მაღალი კონსენსუსი ნიშნავს შეთანხმებას სახელისუფლებო და ოპოზიციურ ძალებს შორის, "რაც ზრდის ნდობას ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, ცესკოს, მიმართ", რაც, თავის მხრივ - "პოლარიზაციის შემცირების წინაპირობაც არის".
„ეს აუცილებელია, თუ ჩვენ გვინდა, რომ პოლიტიკა დაემსგავსოს კომპრომისების პროცესს, შეთანხმების პროცესს, რასაც გვთხოვს ევროკავშირი... ახლა რასაც ვხედავთ, საზოგადოებაშიც და პოლიტიკოსებს შორისაც, ყველაფერი თეთრისა და შავის, ბოროტისა და კეთილის დაპირისპირებაზეა აგებული“, - გვეუბნება ნატროშვილი.
შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ გამართლებულად თვლიან პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ცესკოს თავმჯდომარის მაღალი კონსენსუსით არჩევის შესახებ, თუმცა „უცნაურსაც“ უწოდებენ იმის გამო, რომ მაგალითად - პრეზიდენტს პრეტენზიები არა აქვს შესარჩევი კომისიის წევრების დაკომპლექტების პროპორციებზე, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სადავოა და „ბევრ კითხვას აჩენს“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, საიამ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ წელსაც უარი განაცხადეს კანდიდატების შესარჩევი კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე.
ასევე ნახეთ „37-იდან 36 ელჩი დავნიშნე” - ზურაბიშვილმა დაასახელა დიპლომატი, რომლის დანიშვნას ხელს არ აწერს ასევე ნახეთ "არ ვიცი, საით მიდის "ოცნება" - ირღვევა თუ არა კონსტიტუციის 78-ე მუხლი?პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ „ოცნებისთვის“ არასასურველი ნაბიჯის გადადგმას უკვე არსებული მზარდი დაპირისპირების ნაწილად განიხილავს მმართველი ძალის ყოფილი წარმომადგენელი, ყოფილი პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი. თუმცა, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, პრეზიდენტი "ოცნების" ინტერესებთან დაპირისპირებას მხოლოდ შედარებით უმნიშვნელო საკითხებში ახერხებს და არც კი ფიქრობს, მაგალითად, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვებოდა საზღვარგარეთაც.
დავით ზურაბიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურების კონტექსტში „ოცნების“ ასეთ დიდ წინააღმდეგობას არ მოელოდა.