- რამდენად ცხადი და ნათელია „ოცნების“ დატოვების მიზანი?
ფაქტები და ვარაუდები
„მგონი ჯობს იმ ხალხს შევუერთდე, ვინც მეტის ლაპარაკს აპირებს“, - 11 ივლისს ამ სიტყვებით გამოეთიშა „ქართული ოცნების“ რიგებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ გოგინაშვილი. 5 მუნიციპალიტეტის საკრებულოებიდან ამ დღეს წასული წარმომადგენლების მსგავსად, გოგინაშვილიც „მეტის თქმას“ აპირებს, მაგრამ როდის და როგორ - უცნობია.
წასვლის შესახებ განცხადებები წერილობით გაკეთდა. ტექსტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი; დახატულია სურათი, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს შიდა პროცესებში ერევიან; ისინი და ოპოზიციურად განწყობილი ძალები, მათ შორის - არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს ომში ჩათრევას აპირებენ და "ოცნებიდან" წასული წევრები კი - „თანამოაზრეებთან ერთად“ არავის მისცემენ საშუალებას „კიდევ ერთხელ გახვიონ ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში“.
კიდევ ერთი, რაზეც მმართველი პარტიიდან წასულები თანხმდებიან - ისინი პარტიისა და ძველი გუნდის ერთგულ გულშემატკივრებად და თანამოაზრეებად რჩებიან.
არაერთი სხვა ადრინდელი შემთხვევისგან განსხვავებით, პარტიიდან წასვლა ახლა სრულიად უხმაუროდ ხდება. აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელების საქციელს „ქართულ ოცნებაში“ არავინ აკრიტიკებს და ხმამაღალი განსჯის საგანი არც ლაგოდეხის საკრებულოს წარმომადგენლის მოწოდება გამხდარა, რომელმაც დაწერა, რომ მიესალმება, თუკი სხვებიც დატოვებენ მმართველ პარტიას. ის იქვე მიუთითებდა, რომ პროცესი "ქართული ოცნების" ინტერესების დაუზიანებლად უნდა მოხდეს.
პარტიიდან წასულებისა და დარჩენილების პოზიციებს შორის სხვაობას თითქმის საერთოდ ვერ ხედავენ ექსპერტები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა. ამბობენ ასევე, რომ ჯერჯერობით, წასულებისგან ისეთი ახალი არაფერი მოუსმენიათ, რაც "ქართული ოცნების" ლიდერებს სხვადასხვა დროს არ უთქვამთ.
ასევე ნახეთ კობახიძე დეგნანის განცხადებაზე: „შეურაცხმყოფელი პასუხი გაეცა ჩვენს კოლეგას, მიშა ყაველაშვილს“ ასევე ნახეთ ეფესბეს სახელმძღვანელოს მზაკვრული ნარატივი - დეგნანი საქართველოს ომში ჩართვის შესახებ განცხადებებზე
სიმბიოზური განშორება და საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკურ ცხოვრებაში, ზოგადად, როცა წევრები რომელიმე პარტიას მასობრივად ტოვებენ, ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვის სახარბიელო არ არის და გარკვეული დასუსტების მანიშნებელია; თუმცა ექსპერტი და ტელეწამყვანი, არჩილ გამზარდია, რომელიც 2015 წლამდე თანამშრომლობდა „ქართულ ოცნებასთან“, ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში, მიმდინარე პროცესებისთვის ზოგადი საზომი არ გამოდგება, რადგან ეს "რეალური წასვლა არ არის" და რომ პარტიიდან წასულები, მისი აზრით, მხოლოდ შეთანხმებულ მესიჯებს გაავრცელებენ.
არჩილ გამზარდია ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილის კონცეფციით წამოწყებულია რაღაც „ახალი პროცესი“, რომელიც სხვადასხვა ჯგუფის მიერ საერთაშორისო პარტნიორებისთვის კონკრეტული სიგნალების გაგზავნას ისახავს მიზნად და შესაძლოა, ერთგვარი შანტაჟიც იყოს.
„ეს არის სიგნალები ბიძინა ივანიშვილისგან, რომლებიც არ ხორციელდება პირდაპირ ხელისუფლების სახელით... ის აჩვენებს მხარეებს, რომ ანტიდასავლური განწყობის გამრავლება შეუძლია... ეს არის ერთგვარი შანტაჟი პარტნიორების მიმართ და განაცხადი - მე შემიძლია მთლიანად მოვსპო თქვენი ინტერესები საქართველოში და რასაც ახლა ასეთი სიგნალებით ვაკეთებ, ხვალ ზეგ გავაკეთებ ხელისუფლების სახელით და ვერავინ გამიწევს წინააღმდეგობას“, - ეუბნება არჩილ გამზარდია რადიო თავისუფლებას.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი საუბრობს იმ ეჭვებზე, რომლებიც ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართულობაზე მიუთითებდა12 ივლისს, „ქართული ოცნება“ კვლავ აქტიურად ამტკიცებდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამის სათქმელად სპეციალური წერილი გამოაქვეყნა.
პრემიერი წერს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ერევა და რომ „ქართულმა ოცნებამ“ სრულიად დამოუკიდებლად მიიღო „ორი საკვანძო გადაწყვეტილება“ – „რუსეთისთვის სანქციების არდაწესება და ომში ქვეყნის არჩართვა“. „ამ საკითხთან დაკავშირებით არავის რჩევა და კარნახი არ გვჭირდება“, - წერს ღარიბაშვილი.
12 ივლისს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლი ქებით შეამკო, ხოლო ოპოზიცია და დასავლელი პარტნიორები განიკითხა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა.
საგარეო პოლიტიკა - ანტიდასავლური განწყობები
„ბიძინა ივანიშვილის კონცეფტით“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გაგზავნილ სიგნალებში ექსპერტი არჩილ გამზარდია „ყველაზე ცუდს“ უწოდებს საგარეო-პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებულ ტონალობებს, რაც, მისი თქმით, დასავლეთისთვის ზურგის შექცევის მუქარასაც შეიცავს:
„ცხადია, არ ვთვლი, რომ პუტინისგან იღებენ [ხელისუფლებაში] მესიჯებს... მაგრამ საერთაშორისო პარტნიორებს „ქართული ოცნება“ ეუბნება - თქვენ თუ არ აგვყვებით ჩვენ, რომლებსაც სრული ძალაუფლება გაგვაჩნია ქვეყანაში, არსებობს სახელმწიფო, რომელსაც ეს მიდგომა ხელს აძლევს და ეს სახელმწიფოა რუსეთი. ან თქვენ მოიქცევით ისე, როგორც ჩვენ - ბიძინა ივანიშვილსა და მის დაქირავებულ წარმომადგენლებს გვინდა, ან თქვენი ინტერესების სივრციდან გავქრებით და გვყავს მხარე, რომელიც ჩვენი ძალაუფლების უსაფრთხოებას დაიცავს“.
არჩილ გამზარდია მთელი ამ საერთო პროპაგანდის ერთ-ერთ სეგმენტად განიხილავს ხელმოწერების შეგროვების პროცესსაც აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის გაწვევის მიზნით. პეტიცია ლევან ვასაძის ანტიდასავლურმა პოლიტიკურმა ძალამ - „ერთობა, რაობა, იმედი“ - შეადგინა. ის მიმართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს - მოხდეს აშშ-ის ელჩის საქართველოდან გაწვევა.
„მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი უცხო ქვეყნის ელჩი პატივს უნდა სცემდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და მის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. შესაბამისად, ვითხოვთ ქ-ნი კელი დეგნანის გაწვევას ქვეყნიდან და მისი ახალი, ღირსეული კანდიდატით ჩანაცვლებას“, - წერია პეტიციის ტექსტში.
„ქართული ოცნება“ კატეგორიულად უარყოფს ანტიდასავლური განწყობების არსებობას მისი რიგებიდან გასული დეპუტატების რიტორიკაში.
მიმდინარე პროცესებში ანტიდასავლური განწყობების გაძლიერების საფრთხეებს ხედავს, მაგრამ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი მაინც ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „პარტიული გადაადგილებისა და როლების შეცვლის“ „საკმაოდ უსუსური“ პროცესი წამოიწყო, რაც „თავისივე შექმნილი ნარატივის განხილვაში დასავლელი პარტნიორების ჩათრევის“ მცდელობაა და, თავის მხრივ - ძალაუფლების შენარჩუნების მიზნებით არის განპირობებული.
„პოლიტიკური პინგ-პონგი დავარქვათ ამას. შემოჰყავთ ჯგუფები, რომლებმაც დასავლელი პარტნიორები უნდა ჩაითრიონ ცნობილი საკითხების განხილვაში - გვინდა თუ არა ომი, გვაძალებენ თუ არა ომს და ასე შემდეგ... მაგრამ ისინი [პარტნიორები] კარგად ხედავენ ყველაფერს, მათთვის გასაგებია, რაც ხდება. ეს ადვილად დასანახია და არ სჭირდება ამას დიდი გამჭრიახობა“.
დიმიტრი ცქიტიშვილი შიშობს, რომ ძალაუფლების შენარჩუნების მოტივით, „ქართული ოცნება“ არც საგარეო-პოლიტიკური კურსის შეცვლაზე იტყვის უარს, მაგრამ იმედი აქვს, რომ მმართველ პარტიას ეს არ გამოუვა.
„მე მგონია, რომ არ არის ეს რეალიზებადი და ეს არის გზა არაფრისკენ... პრორუსულობა და ანტიდასავლურობა ასე მარტივად არ ყალიბდება. ძალიან ბევრი ფუნდამენტური საკითხია, რაც ამას შეუშლის ხელს. ასე იოლად არ დაექვემდებარება ქვეყანა საგარეო კურსის ცვლას“, - ამბობს „ოცნების“ ყოფილი წევრი.
ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა?
ექსპერტები დიდწილად არ იზიარებენ ვერსიას, რომ „ქართული ოცნებიდან“ წევრების გადინების მიზანი კიდევ ერთი პარტიის შექმნაა, რომელმაც, შესაძლოა, სამომავლოდ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლოს.
თუკი წასულები პარტიას მაინც შექმნიან, ის, არჩილ გამზარდიას აზრით, არა „ოცნების“ ჩამნაცვლებლად, არამედ - შესაძლოა, უფრო გიორგი გახარიას პარტიისთვის („საქართველოსთვის“) ამომრჩევლების წასართმევად იყოს ჩაფიქრებული. „გახარიას პარტიასთან თუ იქნება ის თეორიულად კონკურენტუნარიანი. „ქართული ოცნების“ მიმართ ასეთი კონკურენციის პერსპექტივას ვერ ვხედავ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გამზარდია.
აშშ-ის საელჩოს წინააღმდეგ მიმართულ მესიჯებში მსგავსების მიუხედავად, გამზარდია არ იზიარებს მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნებიდან“ გადინების „ხელოვნური პროცესი“ რამენაირად უკავშირდებოდეს „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებულ კონსერვატიულ პარტიას - მისი ელექტორატის გადაბირებასა თუ მასთან შესაძლო გაერთიანებას. ექსპერტულ წრეებში ფიქრობენ, რომ ღიად პრორუსული მიდგომებით გამორჩეული ელექტორატი ამ ეტაპზე საქართველოში მცირე სეგმენტს წარმოადგენს და „ოცნებისთვის“ დიდი მნიშვნელობის მატარებელი არ არის.
როცა ლიდერებიდან და მომხრეებიდან რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს, 2 ივლისს გამართული აქციის შემდეგ „ალტ-ინფო“ და მისი მომხრეები ღიად დაუპირისპირდნენ „ქართულ ოცნებას“.
„ალტ-ინფოს“ ორგანიზებით წარმართულ პროცესთან - 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით, 12 ივლისს საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.
„შოკისმომგვრელი ძალადობა გვახსენებს ძალადობის ორგანიზატორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მნიშვნელობას. დაუსჯელობა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ძალადობა მისაღებია, ძალადობა კი არასდროსაა მისაღები“, - აცხადებს ელჩი.