Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ჩემს თავსაც არ დავუტოვე უკან დახევის საშუალება” - ლაგოდეხის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” წასვლის შესახებ  


გიორგი ღამბაშიძე
გიორგი ღამბაშიძე

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე გიორგი ღამბაშიძე თანამდებობების გადაბარებისთვის ემზადება.

ღამბაშიძემ 10 ივლისს ფეისბუკზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ დატოვა თანამდებობა საკრებულოში, პარტიაში და ”ქართული ოცნების წევრიც” აღარ არის. ღამბაშიძის მოწოდების შემდეგ პარტია და თანამდებობები დატოვეს მისმა თანაგუნდელებმა გორში, ჭიათურაში, ახალციხესა და თერჯოლაშიც.

როგორ და რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, შეუთანხმა თუ არა ის პარტიას და რის უფლებას აძლევს მას ახალი ამპლუა - გიორგი ღამბაშიძე რადიო თავისუფლებას ესაუბრა.

- რატომ გადაწყვიტეთ პარტიის და ლაგოდეხის საკრებულოში თანამდებობის დატოვება?

- როცა პოლიტიკური პარტიის მუნიციპალური ფრთა ვიყავი, მე ჩემს თავს ვერ ვაძლევდი უფლებას რაღაც გადაწყვეტილება გამეხმაურებინა. მას შემდეგ, რაც სამეულმა (სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე) ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია, მივხვდი, რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს მათნაირად.

გადავწყვიტე ეს ნაბიჯი გადამედგა. ბოლოს ჩემთვის მოტივაციის მომცემი იყო ის ფაქტი, რომ მიხეილ ყაველაშვილის წერილზე ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა რეაქცია გამოხატა… დემოკრატიის მშენებლობის პროცესში ცალმხრივი მეგობრობა არ უნდა იყოს. საზოგადოებას აქვს კითხვები, რომელზეც პასუხი უნდა მიიღოს…ყაველაშვილი ხომ ხალხის მიერ დემოკრატიული არჩევნების გზით არის არჩეული. ჩემი აზრით, ელჩმა არადიპლომატიურად უპასუხა.

- თქვენი გადაწყვეტილება წინასწარ იყო შეთანხმებული თანაგუნდელებთან, რომლებმაც თქვენი გადაწყვეტილებიდან მალევე იგივე გააკეთეს?

- წინასწარ არ მითქვამს. მოგეხსენებათ, გვიანი საღამო იყო, როცა წერილი გავრცელდა, ემოციური ფონი მაღალი იყო, ბევრი ვიფიქრე, თან ჩემს თავსაც არ დავუტოვე უკან დახევის საშუალება და გამოვაქვეყნე, რომ მერე არ გადამეფიქრებინა. შემდეგ იყო ბევრი ზარი და ბევრი კითხვა, რის შემდეგაც გამოჩნდნენ თანამოაზრეებიც, რომლებმაც ასევე მიიღეს გადაწყვეტილება და შემოგვიერთდნენ.

- ამერიკის ელჩით უკმაყოფილების გარდა, კიდევ რას ვერ ამბობდით?

- მთავარი ამ მომენტში, ის არის, რომ გავთავისუფლებულიყავი და ოფიციალურად ასოცირებული არ ვყოფილიყავი "ქართულ ოცნებასთან", რადგან განცხადებას რომ აკეთებ, იმას კი არ ამბობენ, რომ გაგა ღამბაშიძემ თქვა, "ქართული ოცნება" ამბობსო, იძახიან. სწორედ ამიტომ, უხერხულობები რომ არ იყოს, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება მეც და ჩემმა თანამოაზრეებმაც.

- თქვენ გაკრიტიკებენ იმის, გამო რომ თქვენი განცხადებები ანტიდასავლურ რიტორიკას შეიცავს, თუ მომავალშიც აპირებთ მსგავსის თქმას, რას უპასუხებდით კრიტიკოსებს?

- მე 14 წლის ვიყავი შიმშილობა რომ დავიწყე 1988 წელს, მერე 9 აპრილის მონაწილეც ვარ და ასე შემდეგ... ეროვნულ მოძრაობაში ვარ ჩართული თავიდან ბოლომდე, ამ სულისკვეთებით გავიზარდე… დღეს ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია, რუსეთი ოკუპანტია და რამდენი ბოროტება აქვს ჩვენთვის გაკეთებული. მე ვინმემ მიწოდოს, რომ რუსეთის ინტერესებს ვატარებ, ის არის შეუგნებელი და მტერი ქვეყნის…

იმ დროს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ასეთი პარტნიორი ქვეყანაა ჩვენთვის… იმ დროს, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი მონაწილეობა გვაქვს მიღებული სამშვიდობო მისიებში, ამ ფონზე არ უნდა გაეკეთებინა ეს განცხადება მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს, მეგობრისგან უფრო გწყინს, ხომ ასეა? რუსეთს რომ გაეკეთებინა განცხადება, ასეთი რეაქცია არავის არ გვექნებოდა.

- გუშინ შეხვედრა გქონდათ "ქართული ოცნების" პარტიის ცენტრალურ ოფისში, რა იყო ამ შეხვედრის მთავარი მიზანი

- ამხელა თანამდებობა მქონდა მუნიციპალიტეტში, პლუს არჩევნებში შტაბის უფროსი ვიყავი და აღმასრულებელი მდივანი, ის პასუხისმგებლობა, რაც უნდა მოვიხსნა, როგორ გგონიათ, რომ იქ ფორმალური მოქმედებები არ არის გასაკეთებელი? მითუმეტეს წყენით და ჩხუბით არ წამოვსულვარ. საჭიროა რაღაც პროცედურები ჩატარდეს, რომ მე თანამდებობა დავტოვო. გარდა ამისა, იქ საუბარი იყო იმაზეც, რომ იქნებ გადაწყვეტილება შეცვლილიყო და ჩვეულებრივ მუშაობას დავბრუნებულიყავი. გამეგრძელებინა პარტიული და საკრებულოში ჩემს თანამდებობაზე მოღვაწეობა.

- რა ფორმით ითანამშრომლებთ მათთან, ვინც დატოვებს პარტიას და თანამდებობებს, ასვე სუბართან, ყაველაშვილთან და ხუნდაძესთან ?

- ორგანიზაცია არ ვართ და არ მგონია სამეულით ვინმე რაიმე ორგანიზაციის შექმნას აპირებდეს. პოლიტიკური მარწუხებისგან გავთავისუფლდით და კიდევ რაიმე ორგანიზაცია შევქმნათ?.. ზუსტად ამ პოლიტიკური ჩარჩოებიდან გამოვედით და ახლა კიდევ ახალზე ვიფიქრო, ეგეც ძალიან უგუნურობაა.

- დატოვეთ პარტია, თუმცა ამბობთ, რომ რჩებით გუნდის მხარდამჭერად. თქვენი აფილირება შესაძლოა მაინც მოხდება "ქართულ ოცნებასთან". ისიც ითქვა, რომ შესაძლოა ეს არის წინასწარ დაგეგმილი გარკვეული სცენარი.

- მე არ წავსულვარ ოპოზიციაში, მხარს ვუჭერ ხელისუფლებას, რომელიც ყველაზე სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს. მაგრამ "ოცნებასაც" შეიძლება რაღაცაში არ დავეთანხმო და ეს ინფორმაცია იყოს არგუმენტირებული.

- საბოლოო მიზანი რა არის, შედეგი რა უნდა იყოს ?

- ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხოლმე და კონსულტაციები გვექნება ამ ხუთ ადამიანს ვინც დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია… მოსახლეობის 85%-ს უნდა ევროპული გზა და დასავლური ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ამ მხრივ მიღწევებიც, თუმცა ვხედავთ, რომ რაღაც საკითხებში დავიჩაგრეთ, არ გვაქვს უფლება რომ კითხვები დავსვათ და პასუხები მივიღოთ? ახლა, მე როგორც მოქალაქე, მივცემ თავს უფლებას ეს კითხვები დავსვა და მიღებული პასუხებიც გავაცნო მოსახლებას.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG