მარნეულში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ხელს უშლიდნენ ბუკლეტების დარიგებას

მარნეულის ბაზარი, სადაც "შინ ევროპისკენ" კამპანიის მონაწილეებს ხელს უშლიდნენ ბუკლეტების დარიგებაში

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები შეეცადნენ ხელი შეეშალათ 3 ივლისის დაგეგმილი აქციის სააგიტაციო ფლაერების დარიგებისთვის. სამოქალაქო მოძრაობის, "შინ ევროპისკენ" ფარგლებში მარნეულის ბაზარში ფლაერებს ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები არიგებდნენ, როცა მათ ადამიანთა ჯგუფი გადაეღობა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

კონტრაქციის მონაწილეთა შორის აქტიურობდნენ, მარნეულის მერიის წარმომადგენელი ირმა ზარქუა, მერიის ერთ-ერთი მენეჯერი რიმა ოთარაშვილი, ასევე "ალტ-ინფოს" ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ნანა დონაძე. ირმა ზარქუა სამირა ბაირამოვას ემუქრებოდა, რომ არ აპატიებდა ჯვრის "შეურაცხყოფას".

"რა უფლებით იღებ ხმას? რა უფლებით გადაღებე ჯვრები ["ალტ-ინფოს" პარტიის ოფისის მინები]? წაეთრიე აქედან", - მიმართავდა ირმა ზარქუას სამოქალაქო აქტივისტს.

ნანა დონაძე კი სამოქალაქო აქტივისტებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" აიგივებდა და ეუბნებოდა, რომ როგორც ამ პარტიის მმართველობის დროს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულის დედა, არ დაუშვებდა მათ დაბრუნებას ხელისუფლებაში. სამოქალაქო აქტივისტებს, მათივე სიტყვებით, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მერიის ზედამხედველობის თანამშრომლებიც.

სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს შორის იყვნენ ასევე საკრებულოს აპარატის თანამშრომლები. კონტრაქციის მონაწილენი აგრესიას ავლენდნენ ოპოზიციური ტელევიზიების ჟურნალისტების მიმართაც, აცხადებდნენ, რომ ისინი ხელს უწყობენ დეზინფორმაციის გავრცელებას და დესტაბილიზაციას.

პოლიციას მხოლოდ ერთხელ მოუწია ჩარევა, როცა ერთ-ერთი კაცი ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტისკენ მუქარის შემცველი სიტყვებით გაემართა.

"თქვენ ხართ კეზერაშვილის მონები. წადით მარნეულიდან", - მიმართავდა კაცი ჟურნალისტს.

პოლიციამ ის გაარიდა ტერიტორიას. თუმცა სამოქალაქო აქტივისტები იძულებულნი გახდნენ, პოლიციის თანხლებით დაეტოვებინათ ტერიტორია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სამოქალაქო აქტივისტებს ბროშურების დარიგებაში ხელი შეუშალეს. ასე მოხდა 30 ივნისსაც - 3 ივლისის აქციის ბუკლეტების დარიგება გააპროტესტეს და სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მაღლივ კორპუსთან".

ასევე ნახეთ თსუს "მაღლივ კორპუსთან" სტუდენტებს ხელს უშლიან 3 ივლისის აქციის შესახებ ბუკლეტების დარიგებაში

დაპირისპირება იყო გორში, თელავსა და ხონშიც.

ასევე ნახეთ გორში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ბადრი ჯაფარიძეს მწვანილი ესროლეს
ასევე ნახეთ "შვებას არ აძლევთ ხელისუფლებას" - ხონში 3 ივლისის აქციაზე ფლაერების დარიგება გააპროტესტეს
ასევე ნახეთ მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენლებს თელავშიც დაუპირისპირდნენ

29 ივნისს, მოქალაქეებთან შეხვედრების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩავიდნენ 3 ივლისის აქციის შესახებ ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

ასევე ნახეთ ოპოზიციის ლიდერებს რეგიონებში შეხვედრების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს სურთ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის პოლარიზება და არ უნდა უკვირდეთ, რომ მოქალაქეები უპირისპირდებიან.

ასევე ნახეთ პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას არ უნდა უკვირდეს, რომ მოქალაქეები უპირისპირდებიან

3 ივლისს თბილისში სახალხო მოძრაობის, "შინ ევროპისკენ" ორგანიზებით კიდევ ერთი აქცია გაიმართება. მანამდე კი, მოსახლეობის ინფორმირებისთვის რეგიონებში ჩადის ყველა ის ჯგუფი, რომლებიც ემხრობიან მოძრაობის მოთხოვნებს: გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის: ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, ქუთაისში, ჭიათურაში, დმანისში, მარნეულში, ახმეტასა და თელავში.

ასევე ნახეთ მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“, მთავარი მოთხოვნა: გადადგეს ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა