გორის ბაზარში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, პარტია "ლელოს" ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს მწვანილი ესროლეს. ჯაფარიძე თანაგუნდელებთან - ფიქრია ჩიხრაძესთან, ლევან სამუშიასთან, საბა ბუაძესთან და ლანა გალდავასთან ერთად - ჩავიდა გორში, რათა 3 ივლისს თბილისში დაგეგმილ აქციაზე რეგიონებიდან ხალხის მობილიზებისთვის შეეწყო ხელი.
როგორც რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტი იუწყება, პოლიტიკოსს მწვანილი ესროლა გორის მუნიციპალიტეტის სპორტის, განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომელმა, ვოვა ჯანეზაშვილმა. ჯანეზაშვილი პოლიციამ ადგილიდან განარიდა.
"შინ ევროპისკენ" აქციის მხარდამჭერებს გორის ბაზრის ტერიტორიაზე მოქალაქეთა ერთი ჯგუფი მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც პოლიტიკოსებმა სპეციალური ბუკლეტების დარიგება დაიწყეს.
დღეს, 30 ივნისს, 3 ივლისის აქციის ბუკლეტების დარიგება გააპროტესტეს და სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მაღლივ კორპუსთანაც".
დაპირისპირება იყო თელავსა და ხონშიც.
გუშინ, 29 ივნისს, მოქალაქეებთან შეხვედრების დროს შეურაცხყოფა მიაყენეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩავიდნენ 3 ივლისის აქციის შესახებ ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს სურთ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის პოლარიზება და არ უნდა უკვირდეთ, რომ მოქალაქეები უპირისპირდებიან.
3 ივლისს თბილისში სახალხო მოძრაობის, "შინ ევროპისკენ" ორგანიზებით კიდევ ერთი აქცია გაიმართება. მანამდე კი, მოსახლეობის ინფორმირებისთვის რეგიონებში ჩადის ყველა ის ჯგუფი, რომლებიც ემხრობიან მოძრაობის მოთხოვნებს: გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის: ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, ქუთაისში, ჭიათურაში, დმანისში, მარნეულში, ახმეტასა და თელავში.