ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც სახალხო მოძრაობის მოთხოვნების შესახებ ხალხის ინფორმირებისთვის და თბილისში 3 ივლისისთვის დაგეგმილ აქციაზე მიწვევისთვის შეხვედრებს რეგიონებში მართავენ, დღეს, 29 ივნისს, ცალკეულ შემთხვევებში, მოსახლეობასთან გასაუბრების საშუალება არ მისცეს - დაპირისპირებისას ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები ისმოდა.
კერძოდ, გურიაში, ოზურგეთში, მოსახლეობასთან შესახვედრად ჩავიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ლევან ხაბეიშვილი და ხატია დეკანოიძე.
"გურიის გუბერნატორის მამა ეკლესიის ეზოში აწყობს პროვოკაციას. შენ გამოაგზავნე [ეს ხალხი]... ზონდერები, ფრაქციის თავმჯდომარეები, მოადგილეები, საკრებულოს ყველა წევრი [მოგვიგზავნეს] და გურიის გუბერნატორის მამა პირადად აკონტროლებდა ამ სიტუაციას", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარში.
ხატია დეკანოიძემ მედიას უთხრა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დაუპირისპირდნენ ქუთაისშიც.
პარტია "ლელოს" ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს, რომელიც ყვარელში თანაგუნდელ ლევან სამუშიასთან ერთად ჩავიდა, აგინეს.
"აქ დაგვხვდა მობილიზებული ხალხი. გაბოროტებულები, რომლებიც ცდილობენ ჩაშალონ შეხვედრა... გვაყენებენ შეურაცხყოფას, ცდილობენ ჩაგითრიონ პროვოკაციაში", - უთხრა "ფორმულას" ბადრი ჯაფარიძემ.
3 ივლისს თბილისში "სირცხვილიას" ორგანიზებით კიდევ ერთი აქცია გაიმართება. მანამდე მოსახლეობის ინფორმირებისთვის რეგიონებში ჩადის ყველა ის ჯგუფი, რომლებიც ემხრობიან სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" მოთხოვნებს, გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის: ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, ქუთაისში, ჭიათურაში, დმანისში, მარნეულში, ახმეტასა და თელავში.