ევროპარლამენტის წევრმა, ევრონესტის თანათავმჯდომარემ, ლიეტუვის ორგზის პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა თბილისში ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს მიმართა. როგორც ის აცხადებს, საქართველოს სჭირდება არა ფასადური, არამედ ნამდვილი დემოკრატია.
„ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ცხოვრებას. საქართველოს მომავალი უნდა იყოს ევროკავშირის ნაწილი. ევროკავშირის მომავალი კი საქართველოს, როგორც კავშირის წევრი ქვეყნის ყოლაა. ჩვენ ვიბრძოლებთ ასეთი საერთო მომავლისთვის როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს შიგნით. ქართველი ერი პროევროპელია და მას უნდა ჰყავდეს პროევროპული მთავრობა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს ფასადური დემოკრატია კი არ სჭირდება, არამედ ნამდვილი დემოკრატია, სადაც პატივს სცემენ ოპოზიციას, განსხვავებულ აზრს, სიტყვის თავისუფლებას და არ იქნება პოლიტიზებული მართლმსაჯულება.
ქართველი ხალხი იმსახურებს ასეთ დემოკრატიას, რადგან ეს ერთადერთი გზაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ევროკომისიამ გარკვევით უთხრა საქართველოს მთავრობას, ვერ გახდება კანდიდატი თუ პატივს არ სცემს ნამდვილი დემოკრატიის წესებს.
საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს საკუთარ ხალხს და ევროკომისიის წევრებს. ასე იქცევიან დემოკრატიული მთავრობები ევროკავშირში", - თქვა კუბილიუსმა.
17 ივნისს ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.
ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას ასევე ნახეთ ანა ფოტიგა: ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს ასევე ნახეთ რასა იუკნევიჩიენე: ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია. ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზე არის საუბარი ასევე ნახეთ პავილიონისი: მოახდინეთ თქვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და აუცილებლად გაიმარჯვებთ