Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას


თბილისი, რუსთაველის გამზირი, აქცია „შინ ევროპისკენ"
თბილისი, რუსთაველის გამზირი, აქცია „შინ ევროპისკენ"

ჩეხი ევროპარლამენტარის, მარკეტა გრეგოროვას (მწვანეების ჯგუფი/European Free Alliance​) ვიდეომიმართვა მოისმინეს თბილისში, პარლამენტის წინ, ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე. გრეგოროვა მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის წევრობას.

„მე სრულად გიჭერთ მხარს და ვზრუნავ თქვენს ევროპულ მომავალსა და ევროპულ მისწრაფებაზე. ნამდვილად ვფიქრობ, რომ თქვენ არა მხოლოდ უნდა მიიღოთ კანდიდატის სტატუსი, არამედ უნდა ილაპარაკონ თქვენზე, როგორც ქვეყანაზე, როგორც ხალხზე. თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას. რა თქმა უნდა, კარგად იცით, რომ ცოტა კრიტიკულები ვართ თქვენი მთავრობის მიმართ, საქართველოში არსებული ვითარების მიმართ, მაგრამ ეს არ ცვლის ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს, ჩვენს სურვილს, პროგრესს მიაღწიოთ, რომ გახდეთ ჩვენი, ევროკავშირის ნაწილი.

ყოველთვის გახსოვდეთ, თქვენ უკან ვდგავართ რთულ პერიოდშიც და მაშინაც, როდესაც გაკრიტიკებთ. დარჩით ძლიერები, პროევროპელი იდეალისტები. მჯერა ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც ჩემთვის", - თქვა ვიდეომიმართვაში გრეგოროვამ.

17 ივნისს ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.

ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.

XS
SM
MD
LG