რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის ცნობით, ამაზე ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მაგომედ დაუდოვმა ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელეარხ "გროზნოს" ეთერში გაამახვილა ყურადღება. დაუდოვის თქმით, ეს 8 ათასი არის რესპუბლიკის ტერიტორიიდან უკრაინაში გაგზავნილ მებრძოლთა საერთო რაოდენობა და იგი მოიცავს როგორც ოფიციალურ უსაფრთხოების ძალებს, ასევე "მოხალისეებს".
ასევე ნახეთ ჩეჩნეთიდან უკრაინის წინააღმდეგ ომში 8000-ზე მეტი მებრძოლი გაიგზავნამაგრამ როგორც ადამიანის უფლებადამცველებმა და ოპოზიციურად განწყობილმა ბლოგერებმა გაარკვიეს, ეთნიკურად ჩეჩნები ამ კონტინგენტის მხოლოდ 25 %-ს შეადგენენ. ბევრად მეტია სხვადასხვა, მათ შორის, რუსეთის შორეული რეგიონებიდან ჩამოსული სხვადასხვა მოტივაციისა და წარსულის, მათ შორის, კრიმინალური წარსულის მქონე და იძულებით მობილიზებული პირები.
„ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა, რუსეთის პრეზიდენტისათვის თავისი ურყევი ლოიალობა რომ დაემტკიცებინა, ჩეჩნეთი აქცია უკრაინის ფრონტზე გასაგზავნ მოხალისეთა შეკრებისა და გადამზადების ერთ-ერთ ცენტრად, რისთვისაც რუსეთის ხელისუფლება მას ვალში არ რჩება“, - უთხრა ერთ-ერთმა ანონიმმა ჩეჩენმა ბლოგერმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.
პუტინის „ქვეითი ჯარისკაცი“ და მისი საბრძოლო რეზერვი
ჩეჩნეთის ოფიციოზის ცნობით, უკრაინაში მიმდინარე ინტერვენციის განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიის ამ რესპუბლიკიდან უკრაინაში 8,172-ზე მეტი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის სპეცდანიშნულების და რუსეთის გვარდიის მებრძოლი და მოხალისე გაიგზავნა.
უფლებადამცველ აბუბაკარ იანგულბაევის განცხადებით, 3 ივნისის მონაცემებით, უკრაინაში ჩეჩნეთიდან 3000-მდე „მოხალისე“ გაიგზავნა, საიდანაც ეთნიკური ჩეჩენი დაახლოებით მხოლოდ 1400 იყო. თუმცა ადამიანის უფლებების დამცველები რესპუბლიკიდან ე.წ. მოხალისეების გაწვევის იძულებით ხასიათზეც მიუთითებენ.
ჯერ კიდევ აპრილის თვეში ჩეჩნეთის ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილმა ტელეგრამის არხებმა გამოაქვეყნეს რესპუბლიკიდან უკრაინაში "მოხალისეების" გაგზავნის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ისმის სამხედრო კოლონის უკან მდგარი ქალების ტირილის ხმა.
ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის კრიტიკოსები ირწმუნებიან, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იძულებულია მონაწილეობა მიიღოს ომში და დაქირავებულთა შორის არიან არა მხოლოდ სამართალდამცავები, არამედ ისინიც, ვისაც ისინი დევნიან.
„ისინი ალბათ ბოლომდე მოხალისეებად ვერ ჩაითვლებიან. ცხადია, არიან მათ შორის ისეთებიც, ვისაც თავისი ნებით სურდა საომრად წასვლა. მაგრამ ჩვენ საკუთარი წყაროებიდან და ასევე რესპუბლიკიდან მიღებული ცნობებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესენი არიან იძულებითი "მოხალისეები". ანუ მათ სთავაზობენ, რომ ან წახვალთ, ან დაკარგავთ სამუშაოს. მეორეა, როდესაც ადამიანი ზის ციხეში როსტოვში, ან სადმე ჩეჩნეთის მეზობელ რეგიონში. გინდათ, რომ პატიმრობა ვადაზე ადრე დაამთავროთ? მაშინ მოაწერეთ ხელი ამ ქაღალდს და უკრაინაში წადითო, - სთავაზობენ. სიებში, რომლებიც ცოტა ხნის წინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვამ გაავრცელა, ჩვენ ვხედავთ, სავარაუდოდ, ასეულობით ადამიანს, რომლებიც უკრაინაში წასვლამდე საპატიმრო ადგილებში იმყოფებოდნენ. ეს ძალიან დიდი რიცხვია. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი იყო, რომ ბევრი ასეთი "მოხალისე" შეეკრიბათ. გროზნოსა და მოსკოვის მოლაპარაკება, ჩანს, იმაში გამოიხატებოდა, რომ ყოველ კვირას მათ უკრაინაში არანაკლებ 200 კაცი უნდა გაეგზავნათ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სალმანი, ანონიმი ჩეჩენი ბლოგერი.
ასევე ნახეთ ჩეჩნეთიდან "მოხალისეების" მორიგი რაზმი გაემგზავრა უკრაინაში. ბევრი მათგანი რესპუბლიკიდან არ არისჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები და ბლოგერები იტყობინებიან, რომ მათ მიმართა რესპუბლიკის არაერთმა მცხოვრებმა, რომელთა თქმით, ადამიანებს იტაცებენ, რათა შემდეგ იძულებით "მოხალისეებად" გაგზავნონ უკრაინის წინააღმდეგ ომში. მათი თქმით, არჩევანი ადვილი არ არის: ან ხელს აწერთ კონტრაქტს და მიდიხართ მოსაკლავად, ან რისკავთ "საიდუმლო" ციხეებში განუსაზღვრელი დროის გატარებას.
ჩეჩენი "მოხალისეები" უკრაინის ომის თემაზე რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის თვითშემოქმედების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. თავდაპირველად, მან განაცხადა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მზად იყო საომარ მოქმედებებში მონაწილეობა "ნებაყოფლობით" მიეღო, შემდეგ ცნობილი გახდა შემთხვევები, როდესაც ომში წასასვლელად იწვევდნენ უსაფრთხოების ძალების "მსჯავრდადებულ" წარმომადგენლებს და კადიროვის კრიტიკოსების ნათესავებს. გარკვეული დროის შემდეგ, "მოხალისეების" დაქირავება ფულადი ანაზღაურებით დაიწყეს.
რამზან კადიროვი თითოეულ "მოხალისეს" უკრაინაში საბრძოლველად წასვლის სანაცვლოდ 300 ათასი რუბლის ერთჯერად გადახდას დაჰპირდა, რაც რამდენიმე კვირის შემდეგ გაუქმდა, თუმცა ჩეჩნეთი კვლავ რჩება უკრაინაში გასაგზავნი მრავალეროვნული დანაყოფის მომზადების ერთ-ერთ ცენტრად.
რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული თუ საკუთრივ ჩეჩნეთში მობილიზებული მოხალისეები სპეციალურ მომზადებას ქალაქ გუდერმესში მდებარე სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის ბაზაზე გადიან და შემდეგ უკვე უკრაინაში იგზავნებიან საბრძოლო დავალების შესასრულებლად.
„სხვა რეგიონში იგულისხმება, რომ მთელი რუსეთიდან არის გამოცხადებული შეკრება ჩეჩნეთში, ეს შეთანხმდა რუსეთის ხელისუფლებასთან კადიროვის მოსკოვში ყოფნის დროს. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, თავდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებით მას მისცეს ნება, რომ ჩეჩნეთში მოემზადებინათ სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოქალაქეები, რომლებიც უკრაინაში მოხალისეებად უნდა გაეგზავნათ. ამისთვის კამჩატკიდან, ხაბაროვსკიდან, ბურიატიიდან, ჩვენ მახლობლად მდებარე ყალმუხეთიდან, კარელიიდან, ანუ მთელი რუსეთიდან ადამიანები სპეციალურად ჩამოდიან ჩეჩნეთში, რომ ორი კვირის განმავლობაში მომზადება გაიარონ. ეს არალოგიკური, არაბუნებრივი და არანორმალურია, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად. ისინი ჩამოდიან ჩეჩნეთში, ორი კვირის განმავლობაში მათ ამზადებენ დედაქალაქ გროზნოდან დაახლოებით 40 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ გუდერმესში, სადაც სპეცდანიშნულების რაზმის უნივერსიტეტი არსებობს. ის ითვლება რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტად, რომელიც შეიქმნა სწორედ მსგავსი ხასიათის სწავლებისა და შეკრების ჩატარების მიზნით. და აი, ამ სასწავლებელში ყველა რეგიონიდან შერჩეულ კანდიდატებს ამზადებენ ორკვირიანი, ყოფილა შემთხვევები, როგორც ჰყვებიან, უფრო მოკლე, ერთკვირიანი პროგრამით. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ამის შემდეგ მათ სვამენ მოზდოკში თვითმფრინავებში და უკრაინაში გზავნიან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სალმანი.
ჩეჩნეთიდან ჩასული მოხალისეები უკრაინაში, მარიუპოლსა და ლუგანსკის რაიონებში, რამზან კადიროვთან დაახლოებული ადამ დელიმხანოვის განკარგულებაში ხვდებოდნენ.
რუსეთის დუმის დეპუტატი დელიმხანოვი კადიროვის უახლოესი თანამოაზრე და, სხვადასხვა წყაროს თანახმად, მისი ნათესავიცაა.
ხოლო ბრიტანული დაზვერვის თანახმად, ამ კონტინგენტს პირადად კადიროვი აკონტროლებს.
ასევე ნახეთ ბრიტანული დაზვერვა: ადამ დელიმხანოვი მარიუპოლში ასრულებდა ჩეჩენთა საველე მეთაურის ფუნქციას
კრემლის მადლიერება კადიროველთა ურყევი ლოიალობის სანაცვლოდ
თავად რამზან კადიროვი, რომელმაც საკუთარ თავს პუტინის „ქვეითი ჯარისკაცი“ უწოდა, ფრონტის ხაზიდან ხშირად ავრცელებს ტელეგრამის არხებით ცნობებს ჩეჩენი მებრძოლების მიერ წარმატებული ოპერაციების შესახებ, რასაც არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლება, არამედ პრორუსულად განწყობილი სეპარატისტებიც უარყოფენ.
ასევე ნახეთ დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი რამზან კადიროვს ტყუილში ადანაშაულებსასე მაგალითად, 10 მაისს სეპარატისტული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ყოფილმა ლიდერმა, იგორ სტრელკოვმა (გირკინი) ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი, უკრაინის პატარა ქალაქ პოპასნაიას აღებასთან დაკავშირებით პიარში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კადიროვის ერთგულ ქვედანაყოფებს არავითარი კავშირი არ აქვთ ამ დასახლებული პუნქტის აღებასთან.
მანამდე, ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა იმის თაობაზე, რომ ქალაქ პოპასნაიას დიდი ნაწილი სპეცდანიშნულების ნაწილ "ახმატ-გროზნის" მეთაურის, ანზორ ბასაევისა და რუსეთის გვარდიის პოლკ "სევერის" მეთაურის, მაგომედ ტუშაევის ჩეჩენმა მებრძოლებმა აიღეს.
სეპარატისტი გირკინი ამტკიცებდა, რომ პოპასნაია "კადიროველების ყოველგვარი რეალური ჩარევის გარეშე იქნა აღებული". ეს ინფორმაცია საიტ "კავკაზ.რეალიის" დაუდასტურეს მოხალისე ჩეჩენთა ბატალიონში, რომელიც უკრაინის მხარეზე იბრძვის.
მაგრამ კადიროვის პიარ-აქტიურობა აშკარად სიამოვნებს რუსეთის ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის განმავლობაში ჯილდოებს არ იშურებს ლოიალური ჩეჩენი ლიდერისა და მის ახლო გარემოცვისთვის.
„რამზან კადიროვი ყოველთვის ცდილობს, აჩვენოს და ამჟღავნებს კიდეც თავის ამ ლოიალობას. იგი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხაზს უსვამს, რომ პუტინის "ქვეითი ჯარისკაცია" და მზად არის ბევრი რამის გასაკეთებლად, რათა პუტინმა დაუჯეროს. და ნიშნად პუტინის მხრიდან მადლიერებისა, ჩვენ ამ დღეებში დავინახეთ, რომ კადიროვის ნათესავმა და რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა, რუსეთის გმირის წოდება მიიღო. ასევე მისმა კანდიდატურამ გაიარა განხილვა და 6 ივნისს ოფიციალურად იქნა წარდგენილი დუმის ძალიან მნიშვნელოვან, უშიშროებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე. ხოლო ერთ-ერთმა მისმა თანასოფლელმა, მისი ქალიშვილის მამამთილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალხანოვმა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიიღო, თანაც მილიციის გენერალ-პოლკოვნიკისა, რაც პირველი შემთხვევაა ჩეჩნეთის ისტორიაში. რუსეთის გვარდიიდან იქ ადგილზე, უკრაინაში, იმყოფებიან ჩეჩნები, რომლებსაც ბოლო ხანს ძალიან სწრაფად აძლევენ წოდებებს და აწინაურებენ. ანუ, ლოიალობის სანაცვლოდ მოსკოვი მზად არის, რომ კადიროვის გარემოცვას უბოძოს მაღალი თანამდებობები და წოდებები. და ამას კადიროვი კარგად ახერხებს“, - აღნიშნავს სალმანი.
თუ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი რამზან კადიროვისა და მისი გარემოცვისთვის თავის გამოჩენის და ხელისუფლების კიდევ უფრო განმტკიცების შესაძლებლობაა, სამაგიეროდ, უბრალო ჩეჩნებში სულ უფრო იზრდება წუხილი უკრაინაში დაღუპული თანამემამულეების გამო.
უკრაინაში ჩეჩენი სამხედროების დიდი დანაკარგის გამო, ჩეჩნეთში არაოფიციალურად აკრძალეს ქორწილების მასშტაბურად აღნიშვნა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტს, Кавказ.Реалии-ს ჩეჩნეთიდან აცნობა ორმა წყარომ. მათი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მითითება არ არსებობს, გადაწყვეტილება მიღებულია იმაზე დაყრდნობით, რომ „ასე ფიქრობს ფადიშაჰი“, ანუ ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი.
ასევე ნახეთ უკრაინაში "კადიროველების" დიდი მსხვერპლის გამო, ჩეჩნეთში აკრძალეს დიდი ქორწილები„დაღუპულთა შესახებ ცნობები იმალება. მართალია, რამდენჯერმე ადგილობრივი ტელევიზიით უჩვენეს უკრაინაში პირველად დაღუპული ორი ჩეჩენი მებრძოლის დაკრძალვა. შემდეგ აჩვენეს რამდენიმე კაცის დაჯილდოება. ჩეჩნეთში არ ხდება აფიშირება უკრაინაში ამა თუ იმ მცხოვრების დაღუპვის ფაქტისა. არცერთი საინფორმაციო სააგენტო ასეთ ცნობას არ იტყობინება. ეს იმალება, მაგრამ ვინაიდან რესპუბლიკა პატარაა, ასეთი რამის დამალვა არ ხერხდება. როდესაც მორიგი დაღუპული ცხედარი ჩამოაქვთ, ისევე როგორც ჩვეულებისამებრ მთელ კავკასიაში, ჩვენთანაც ყველა ნათესავი და მეზობელი, მეგობრები თუ მეგობრების მეგობრები უნდა მივიდნენ ასეთ დაკრძალვაზე. იქ შენ იგებ, რომ ეს ადამიანი ფრონტზე დაიღუპა. ასეთი ადამიანების რიცხვი, თუ ვენდობით ოპოზიციონერ ბლოგერებს და ჩეჩნეთის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ უფლებადამცველებს, 120-ზე მეტია. რადიო თავისუფლებას და კავკაზ.რეალიის აქვთ სია, რომლის თანახმად, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა 40 კაცი. მაგრამ არა 9, როგორც ამას ჩეჩნეთის ხელისუფლება ამტკიცებს“, - ამბობს ანონიმი ჩეჩენი ბლოგერი, სალმანი.
თავად რამზან კადიროვმა მხოლოდ ერთხელ, 1 მარტს განაცხადა, რომ უკრაინაში ორი ჩეჩენი მებრძოლი დაიღუპა.