Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი რამზან კადიროვს ტყუილში ადანაშაულებს


კადიროველები უკრაინის წინააღმდეგ ომში. ფოტო კრემლის დაფინანსებული სააგენტო "ტასის" მიერ არის გადაღებული
კადიროველები უკრაინის წინააღმდეგ ომში. ფოტო კრემლის დაფინანსებული სააგენტო "ტასის" მიერ არის გადაღებული

სეპარატისტული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ყოფილი ლიდერი, იგორ სტრელკოვი (გირკინი) ჩეჩნურ ქვედანაყოფს და ჩეჩნეთის მეთაურს, რამზან კადიროვს, უკრაინის პატარა ქალაქ პოპასნაიას აღებასთან დაკავშირებით პიარში ადანაშაულებს.

სტრელკოვის თანახმად, ჩეჩნეთის ლიდერის განცხადების მიუხედავად, კადიროვის ერთგულ ქვედანაყოფებს არავითარი კავშირი არ აქვთ ამ დასახლებული პუნქტის დაპყრობასთან.

სეპარატისტი გირკინი ამტკიცებს, რომ პოპასნაია "კადიროველების ყოველგვარი რეალური ჩარევის გარეშე იქნა აღებული". ეს ინფორმაცია საიტ "კავკაზ.რეალიის" დაუდასტურეს მოხალისე ჩეჩენთა ბატალიონში, რომელიც უკრაინის მხარეზე იბრძვის. თანამოსაუბრემ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, დაამატა, რომ "ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კადიროველები მიიწერენ სხვა საოკუპაციო ქვედანაყოფების მებრძოლების წარმატებას, რაც, თავის მხრივ, სხვა რუსული ქვედანაყოფების გაღიზიანებასა და უკმაყოფილებას იწვევს." ანონიმური წყაროს მტკიცებით, ამ უკმაყოფილებას რამდენჯერმე მოჰყვა ღია კონფლიქტი.

მანამდე ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა იმის თაობაზე, რომ ქალაქ პოპასნაიას დიდი ნაწილი სპეცდანიშნულების ნაწილ "ახმატ-გროზნის" მეთაურის, ანზორ ბასაევისა და რუსეთის გვარდიის პოლკ "სევერის" მეთაურის, მაგომედ ტუშაევის ჩეჩენმა მებრძოლებმა აიღეს.

პოპასნაიაზე კონტროლის დაწესების შესახებ კადიროვმა ჯერ კიდევ 13 აპრილს გაავრცელა ცნობა, შემდეგ 1 მაისს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "დაკავებულია ადმინისტრაციული შენობა", 5 მაისს კადიროვი იტყობინებოდა პოპასნაიას "რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშ გადასვლის შესახებ", ხოლო 9 მაისს დაწერა, რომ "კადიროველები აგრძელებენ" პოპასნაიას წმენდას.

2014 წელს, დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, პოპასნაია, რომელიც მებრძოლ მხარეებს შორის ხელიდან ხელში გადადიოდა, საბოლოოდ დარჩა უკრაინის კონტროლის ქვეშ. ბრძოლები ქალაქისთვის, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 20 ათასი ადამიანია, ორ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ხსოვნის დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებისა და მთელი მსოფლიოს გასაგონად გაკეთებულ მიმართვაში, პოპასნაია შეადარა ნაცისტების მიერ განადგურებულ ჩეხეთის სოფელ ლიდიცეს და ხაზი გაუსვა, რომ "ქალაქიდან ფერფლიც კი არ დარჩა."

XS
SM
MD
LG