Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთიდან "მოხალისეების" მორიგი რაზმი გაემგზავრა უკრაინაში. ბევრი მათგანი რესპუბლიკიდან არ არის


ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები მარიუპოლში
ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები მარიუპოლში

ჩეჩნეთის ქალაქ გუდერმესიდან მოხალისეების მორიგი ჯგუფი გაემგზავრა უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ზონაში. მათ მომზადება გაიარეს იქ განლაგებული რუსეთის სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის ბაზაზე - იუწყება სახელმწიფო ტელეკომპანია "გროზნი".

ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა, ჩეჩნეთის მეთაურის თანაშემწემ, მაგომედ დაუდოვმა, რომელიც მებრძოლების სანახავად მივიდა, ურჩია მათ "მოუსმინონ გამოცდილ მეთაურებს", რომლებიც თითქმის ორი თვეა უკრაინაში მსახურობენ და ადგილზე ელოდებიან მათ.

ამავე დროს, სატელევიზიო რეპორტაჟით თუ ვიმსჯელებთ, შეკრებილი სამხედრო მოსამსახურეების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის სხვა რეგიონებიდანაა. კორესპონდენტის მიერ ჩატარებული გამოკითხვით ირკვევა, რომ ექვსი მებრძოლიდან სამი არის ხანტი-მანსის, სახალინისა და ბელგოროდის რეგიონებიდან და მხოლოდ ერთი - ჩეჩნეთიდან.

ჩეჩნეთის ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილმა ტელეგრამის არხებმა გამოაქვეყნეს რესპუბლიკიდან უკრაინაში "მოხალისეების" გაგზავნის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ისმის სამხედრო კოლონის უკან მდგარი ქალების ტირილის ხმა.

კადიროვის კრიტიკოსები ირწმუნებიან, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იძულებულია მონაწილეობა მიიღოს ომში და დაქირავებულთა შორის არიან არა მხოლოდ სამართალდამცავები, არამედ ისინიც, ვისაც ისინი დევნიან.
უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ბრძოლებში შეამჩნიეს კადიროვის გარემოცვის ის წარმომადგენლები, რომლებსაც გახმაურებულ პოლიტიკურ მკვლელობებში მონაწილეობა ედებათ ბრალად - კერძოდ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი რუსლან გერემეევი, ასევე უსმან მამადიევი, რომელიც ჩეჩენი ბლოგერის, იმრან ალიევის სავარაუდო მკვლელად ითვლება, იგი ასევე ცნობილია, როგორც მანსურ სტარი.

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ხელმძღვანელი რამზან კადიროვი 300 ათასი რუბლის ერთჯერად გადახდას დაჰპირდა ყველა მოხალისეს, რომლებიც უკრაინაში საბრძოლველად მიდიან, - ამის შესახებ გამოცემა "სააგენტოზე" დაყრდნობით რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იუწყება.

XS
SM
MD
LG