Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში "კადიროველების" დიდი მსხვერპლის გამო, ჩეჩნეთში აკრძალეს დიდი ქორწილები


ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი. გროზნო, 2022 წლის მარტი
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი. გროზნო, 2022 წლის მარტი

უკრაინაში ჩეჩენი სამხედროების დიდი დანაკარგის გამო, ჩეჩნეთში არაოფიციალურად აკრძალეს ქორწილების მასშტაბურად აღნიშვნა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტს, Кавказ.Реалии-ს ჩეჩნეთიდან აცნობა ორმა წყარომ. მათი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მითითება არ არსებობს, გადაწყვეტილება მიღებულია იმაზე დაყრდნობით, რომ „ასე ფიქრობს ფადიშაჰი“, ანუ ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი.

Кавказ.Реалии-ს წყაროების ინფორმაციით, ბოლო დღეებში ჩეჩნეთში დაკრძალეს უკრაინაში დაღუპული კიდევ სამი „კადიროველი“, რომლებიც რუსული არმიის ჩეჩნურ ქვედანაყოფში მსახურობდნენ. გამოცემის წყაროთა თანახმად, უკრაინაში საომარი მოქმედებებისას მოკლულია ჩეჩნეთის 60-მდე მცხოვრები. თავად კადიროვმა მხოლოდ ერთხელ, 1 მარტს განაცხადა, რომ უკრაინაში ორი ჩეჩენი მებრძოლი დაიღუპა.

ჩეჩნეთში ხალხმრავალი ქორწილების არაოფიციალურად აკრძალვის შესამოწმებლად Кавказ.Реалии-ს კორესპონდენტი გროზნოში დაუკავშირდა ხუთ საბანკეტო დარბაზს, სადაც ასეთი წვეულებები იმართება. ჟურნალისტს ხუთიდან ოთხში არ უპასუხეს, ერთგან კი უთხრეს, რომ მზად არიან მხოლოდ 50-მდე სტუმრის მისაღებად, რაც ადგილობრივი ტრადიციის გათვალისწინებით, საკმაოდ ცოტაა.

გუდერმესის და არღუნის საბანკეტო დარბაზებში Кавказ.Реалии-ს კორესპონდენტს განუცხადეს, რომ „რაღაც ინფორმაცია უნდა დააზუსტონ“, ერთ-ერთი დიდი დარბაზის ადმინისტრაციამ კი, ქორწილის მასპინძლობაზე უარი თქვა კონკრეტული მიზეზის დაუსახელებლად. ჩეჩნეთის ადგილობრივი ხელისუფლება ქორწილების არაოფიციალურად აკრძალვაზე კომენტარს არ აკეთებს.

XS
SM
MD
LG