დელიმხანოვი იმითაც არის ცნობილი, რომ სადეპუტატო მანდატს უთავსებს უკრაინაში მოქმედი ჩეჩნური გვარდიის, იმავე „კადიროველების“ საქმიანობის კოორდინაციას.
ოფიციალური ფორმულირებით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, დელიმხანოვს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა „სიმამაცისა და გმირობისთვის, რომელიც გამოიჩინა სპეციალური სამხედრო ოპერაციისას დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის და უკრაინის ტერიტორიებზე“.
ნიშანდობლივია, რომ 26 აპრილს რამზან კადიროვი 1 მილიონი დოლარის ფულად ჯილდოს დაჰპირდა ინფორმატორს, ვინც რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის დამცველთა რიგებში მებრძოლი შეიხ მანსურისა და ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
სალმან რადუევის მძღოლობიდან კადიროვის ამალამდე
21 აპრილს, კადიროვმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სხვა ჩეჩნების გარემოცვაში მყოფი დელიმხანოვი ამბობს, რომ „მარიუპოლის განადგურების და წმენდის ოპერაცია, შეიძლება ითქვას, დასრულებულია“. ქალაქის „განადგურება“ და „წმენდა“, როგორც ჩანს, ეს იყო ადამ დელიმხანოვისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ჩეჩნური დანაყოფის მთავარი ამოცანა, რის გამოც რუსეთს კიდევ ერთი ეროვნული გმირი შეემატა ისეთი ოდიოზური პიროვნების სახით, რომელიც თავის დროზე ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაურის და შემდგომში კრემლის მიერ ტერორისტების თავკაცად მონათლული, სალმან რადუევის მძღოლად მუშაობდა, - უთხრა რადიო თავისუფლებას საფრანგეთში მცხოვრებმა ჩეჩენმა ბლოგერმა, ფსევდონიმით ბესლანმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის დასახელება უსაფრთხოების მიზნით არ ისურვა.
„ადამ დელიმხანოვის გმირულ ბრძოლაზე უკრაინაში არაფერია ცნობილი, გარდა იმ ვიდეოებისა, რომლებსაც ის და რამზან კადიროვი ერთობლივად დებენ "ტელეგრამის" არხში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე ყოფნის დროს. ამ ვიდეოებს შემდეგ ყოველდღიურად უჩვენებენ ჩეჩნეთის სატელევიზიო არხებზე - თუ როგორ მართავს ადამ დელიმხანოვი თათბირებს, განიხილავს საკითხებს, არიგებს ჰუმანიტარულ დახმარებას, აჩვენებენ ყოველდღიურ ცხოვრება იმ ჩეჩნური ბატალიონისა, რომელიც უკრაინაში იმყოფება რუსეთის სახელით და რომლის საქმიანობასაც კოორდინაციას სწორედ ადამ დელიმახნოვი უწევს. რაც შეეხება ოფიციალური ჩეჩნური ქვედანაყოფის მონაწილეობას ბრძოლებში, დელიმხანოვის დაქვემდებარებაში იმყოფება რუსეთის გვარდიის ჩეჩნური პოლკი, რომელიც თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე ე.წ. წმენდაში მონაწილეობს. ანუ კონკრეტულ ტერიტორიაზე ჯერ შედის საჯარისო ნაწილი და შემდეგ შედის ჩეჩნური გვარდია, რომელიც ამყარებს წესრიგს სამხედრო ნაწილების მიერ გათავისუფლებულ დასახლებულ პუნქტებში“, - ამბობს ბესლანი.
21 აპრილს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს აცნობა, რომ „რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებმა მარიუპოლი გაათავისუფლეს“. რუს მინისტრს ხაზგასმით არ გამოუყვია ჩეჩნური დანაყოფი, რომელსაც ადამ დელიმხანოვი მეთაურობს. მაგრამ, როგორც ჩანს, ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის დიდი ნდობით სარგებლობს, არ გაუჭირდებოდა მასთან ყველაზე მეტად დაახლოებული თანამზრახველისთვის მაღალი ჯილდოს მინიჭება გაეხერხებინა, - ამბობს ჩემი თანამოსაუბრე.
„ადამ დელიმხანოვი რუსეთის სახელმწიფო დუმის ოთხი მოწვევის დეპუტატია, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ის არცერთხელ არ გამოსულა პარლამენტის ტრიბუნაზე, არ შეუთავაზებია არცერთი კანონპროექტი. მთელი მისი საქმიანობა შემოიფარგლება რუსეთში ჩეჩნურ დიასპორასა და ჩეჩნურ ბიზნესთან მუშაობით, უფრო ზუსტად, როგორც იტყვიან, პირადად უგვარებს და ულაგებს მათ საქმეებს. დელიმხანოვი სწორედ თავისი ამ როლის გამოა ასე ფასეული რამზან კადიროვისთვის, რომლის გვერდითაც ატარებს სახალხო დეპუტატი თავისი სამუშაო დროის 99%-ს. დელიმხანოვს აქვს მეორე თანამდებობაც, ის არის რამზან კადიროვის თანაშემწე და ამ ეგიდით გამუდმებით იმყოფება ჩეჩნეთში. დღეისათვის, ის არის რამზან კადიროვთან ყველაზე მეტად დაახლოებული პირი“, - აღნიშნავს ბესლანი.
რამზან კადიროვთან ერთად, ადამ დელიმხანოვი მიჩნეულია ჩეჩენი უფლებადამცველების, აქტივისტების და რუსეთის დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ მუქარის, რეპრესიებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ორგანიზატორად.
მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსლან გერემეევი, რომელიც მანამდე უკრაინაში, მარიუპოლის ტერიტორიაზე ნახეს, დაჭრილია და საავადმყოფოში იმყოფება. ვიდეოში, რომელიც ტელეგრამის არხმა „ოპერატიულმა რეპორტაჟებმა“ გამოაქვეყნა, საავადმყოფოში გერემეევს ესტუმრნენ რამზან კადიროვი და ადამ დელიმხანოვი.
რაც შეეხება უკრაინის ქალაქ მარიუპოლს, სადაც რამდენჯერმე მართლაც გამოჩნდა ადამ დელიმხანოვი და მის დაქვემდებარებაში არსებული ჩეჩნური დანაყოფი, აზოვის ზღვასთან მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო, ეს ინდუსტრიული ქალაქი უკრაინაში ორი თვის განმავლობაში მიმდინარე ომში ბრძოლის ერთ-ერთი ეპიცენტრია.
რუსეთის ძალების მიერ მისი დაპყრობა უკრაინას წაართმევს მნიშვნელოვან პორტს, მოსკოვს კი საშუალებას მისცემს, სახმელეთო დერეფანი შექმნას ყირიმის ნახევარკუნძულთან, რომლის უკრაინისგან ანექსირებაც მან 2014 წელს განახორციელა.
რუსეთის ჯარმა გააფთრებული საავიაციო და საარტილერიო დაბომბვის შედეგად მარიუპოლი მართლაც „გაანადგურა“, როგორც ამას დელიმხანოვი გავრცელებულ ვიდეოშიც აღნიშნავს, მაგრამ ქალაქში მდებარე მეტალურგიული ქარხნის, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ჯერაც იმყოფება 2000-მდე უკრაინელი მეომარი, რომლებიც დანებებას არ აპირებენ.
„ან პატიება უნდა ითხოვონ, ან მათი თავები დაგორდება“
მარიუპოლის გარდა, ახმატ-ჰაჯი კადიროვის სახელობის 141-ე სპეციალიზებული მოტორიზებული პოლკი, სხვა რუსულ დანაყოფებთან ერთად, კიევის ოლქში, ქალაქებში ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელშიც იმყოფებოდნენ.
ჩეჩნური დანაყოფი, რომელსაც ხალხში „კადიროველებს“ უწოდებენ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის მიერ გამოქვეყნებულ იმ რუსული სამხედრო ნაწილების სიაში მოხვდა, რომლებიც შესაძლოა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულში მონაწილეობდნენ.
„ჩრდილოეთის“ სახელით ცნობილი 141-ე პოლკის უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნა არაერთგზის დაადასტურა ჩეჩნეთის ლიდერმა, მათ შორის, პირველად 26 თებერვალს. მაშინ ჩეჩნეთის მეთაურმა უარყო ქვედანაყოფის მეთაურის, მაგომედ ტუშაევის, დაღუპვა.
საერთოდ ჩეჩნეთის ხელისუფლება მკაცრად ასაიდუმლოებს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში დაღუპულ ჩეჩენ მოქალაქეთა რეალურ რიცხვს და მათ ვინაობას.
რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის წყაროს ცნობით, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო ინტერვენციის განმავლობაში ჩეჩნეთის 60 წარმომადგენელი დაიღუპა. 1 მარტს ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა, აღიარა მხოლოდ ორის, აბდულბეკ ტარამოვისა და ტიმრილან ისაევის, დაღუპვა.
მაგრამ 7 აპრილს საინფორმაციო სააგენტომ „ჩეჩნეთი დღეს“ გამოაქვეყნა სტატია კიდევ 7 დაღუპული მებრძოლის ოჯახებისათვის სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის თაობაზე, რაც თავისთავად აყენებს ეჭვქვეშ ჩეჩნეთის ხელისუფლების მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციას.
„ოფიციალურად აცხადებენ, რომ უკრაინაში დაიღუპა ორი ჩეჩენი მებრძოლი. ეს ის ჯარისკაცები არიან, რომლებიც ხელისუფლებამ აღიარა და რომელთა სახელმწიფო ხარჯზე დაკრძალვა ადგილობრივმა ტელევიზიებმა აჩვენეს. მაგრამ შემდგომ აჩვენეს, თუ როგორ აჯილდოებენ დონეცკში დაღუპულებს სიკვდილის შემდგომ და, როგორც მახსოვს, ცნობაში ფიგურირებდა 7 ორდენი, ანუ შვიდი დაღუპული. მაგრამ ადგილებიდან მიღებული სხვადასხვა ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა უფრო მეტია, მაგალითად, ერთ-ერთმა წყარომ ჩრდილოკავკასიური ფედერალური ოლქიდან რადიო თავისუფლების საიტთან აღიარა, რომ ჯერ კიდევ აპრილში, დანაკარგი იყო 60 კაცზე მეტი. რესპუბლიკის მოსახლეობა კერძო საუბრებში კიდევ უფრო დიდ რიცხვს ასახელებს. და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ცნობილი არ გახდება ოფიციალური მონაცემები - დაღუპულთა სახელები და დაღუპვის თარიღი“, - ამბობს ბესლანი.
რამდენჯერმე გავრცელდა ცნობა, რომ რამდენიმე ე.წ. კადიროველი უკრაინის არმიის რიგებში მოქმედი შეიხ მანსურისა და ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონებთან შეტაკების დროს დაიღუპა. მაგრამ ეს ცნობა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მუსლიმ ჩებერლოევსკიმ, შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონის მეთაურმა უარყო.
„არა, რადგან ისინი წინ არ მოდიან. როცა რუსები აიღებენ გარკვეულ მონაკვეთს, მერე კადიროველები წამოეწევიან, იქვე გამაგრდებიან და იღებენ ვიდეოებს - აქ ვართ და გეძებთო. არადა, წინ თუ წამოვლენ, შეგვხვდებიან. რუსებს ხომ ვხვდებით?!“, - განაცხადა მუსლიმ ჩებერლოევსკიმ კითხვაზე, თუ ჰქონია მის ბატალიონს კადიროველებთან შეჯახება.
მაგრამ ამ ინტერვიუს შემდეგ თვე-ნახევარი გავიდა, მარიუპოლისათვის გააფთრებული ბრძოლის 40 დღე, და არ არის გამორიცხული, რომ ფრონტის ხაზის სხვადასხვა მხარეზე მეომარ ჩეჩნებს შორის ასეთი საცეცხლე კონტაქტი მომხდარიყო კიდეც, - ამბობს ბესლანი.
„ყოველ შემთხვევაში არსებობს რამდენიმე ვიდეო, რომელზეც შეიხ მანსურის ბატალიონის წევრები აჩვენებენ დახოცილებს და ამბობენ, რომ ისინი არიან კადიროველები, ბიძაშვილები, როგორც ჩანს, გარკვეული შეტაკებებიც იყო, თუმცა შეიხ მანსურისა და ჯოხარ დუდაევის სახელობის დანაყოფები ამის აფიშირებას არ ახდენენ, ისინი უხალისოდ გამოდიან კავშირზე, არ ხმაურობენ და არ იღებენ სხვებივით ტიკ-ტოკის ვიდეოს. უკრაინის მხარეზე მებრძოლ ჩეჩნებთან შეტაკება არც რამზან კადიროვსა და არც მის მარჯვენა ხელს, ადამ დელიმხანოვს არ უღიარებიათ, მაგრამ აშკარაა, რომ ჩეჩნეთის ლიდერს მოსვენებას არ აძლევს უკრაინის დამცველთა რიგებში მისდამი არალოიალურად განწყობილი ჩეჩნების ყოფნა. მეტიც, რამზან კადიროვმა გუშინ 1 მილიონი დოლარის ჯილდო გამოაცხადა მათთვის, ვინც შეიხ მანსურისა და ჯოხარ დუდაევის სახელობის ქვედანაყოფების მებრძოლთა ადგილმდებარეობას აცნობებს. ვფიქრობ, როცა რეგიონული ლიდერი თავად ადგენს ამხელა თანხას, 1 მილიონ დოლარს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ზემოხსენებულმა დანაყოფებმა ის ძალიან გააბრაზეს და კადიროვს სურს მათზე გარკვეული ინფორმაციის მიღება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჩეჩენი ბლოგერი.
ასეთი შთამბეჭდავი ჯილდოს დაწესების შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა საკუთარი „ტელეგრამის“ არხში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნავს, რომ არიან მეცენატები, რომლებიც მზად არიან გაიღონ აღნიშნული თანხა შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებისთვის.
„მე ვაცხადებ მილიონ დოლარს მათთვის, ვინც იტყვის, თუ სად იმყოფებიან ეს ე.წ. შეიხ მანსურისა და დუდაევის ბატალიონები. ჩვენ ისინი არ უნდა გავუშვათ ხელიდან, ჩვენ ისინი ან უნდა გავანადგუროთ, ან მათ უნდა დაიჩოქონ და პატიება სთხოვონ თავის ხალხს, ყველა მუსულმანს, ან მათი თავები დაგორდება“, - აცხადებს რამზან კადიროვი ვიდეომიმართვაში.
ჯოხარ დუდაევისა და შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონები უკრაინას 2014 წლიდან იცავენ. პირველი, ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის სახელს ატარებს, მეორე კი - რუსების წინააღმდეგ მებრძოლი ჩეჩნეთის ისტორიული ლიდერის, შეიხ მანსურისას. და როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა მუსლიმ ჩებერლოევსკიმ, ამჟამად მიმდინარეობს კიდევ ერთი მოხალისეთა რაზმის ფორმირება, რომელიც მთლიანად უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას დაექვემდებარება.