უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაურმა, მაიორმა სერგეი ვოლინამ მსოფლიოს ლიდერებს, სამოქალაქო და რელიგიურ მოღვაწეებს და დიპლომატებს მიმართა, რომ ჯერ კიდევ არსებობს მარიუპოლის გადარჩენის შანსი და ათასობით ადამიანის სიცოცხლე მათ ხელშია. წუხელ მაიორმა ვოლინამ ფეისბუკით გაავრცელა მიმართვა რუსულ და ინგლისურ ენებზე.
36-ე ბრიგადის მეთაურის თანახმად, არსებობს მარიუპოლის გადარჩენის ორი ვარიანტი. როგორც სერგეი ვოლინა წერს, პირველი - ეს არის დაუყოვნებლივი სამხედრო ოპერაცია დიდი რაოდენობით, კარგად აღჭურვილი ძალების და ყველა საჭირო საშუალების, მათ შორის, ავიაციის და არტილერიის გამოყენებით. ვოლინა ამ ვარიანტს შესაძლებელს, თუმცა, რთულს და სარისკოს უწოდებს.
საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაური მეორე ვარიანტად ასახელებს პოლიტიკურ გადაწყვეტას, რასაც ეფექტიანი დიპლომატიის შემთხვევაში, სრულიად რეალურად მიიჩნევს. სერგეი ვოლინას განცხადებით, უნდა შეიქმნას ომის ხაფანგში მომწყვდეული საბრძოლო გარნიზონის და სამოქალაქო პირების გასვლის უსაფრთხოების საერთაშორისო კონტროლი.
გამთენიისას, მაიორმა ვოლინამ ფეისბუკით გაავრცელა ვიდეომიმართვაც, რომლის ადრესატებს შორის მითითებული ჰყავს უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების და თურქეთის პრეზიდენტები, ზელენსკი, ბაიდენი და ერდოანი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჯონსონი.
სერგეი ვოლინა ამბობს, რომ რუსების ძალები უკრაინელი მებრძოლების ძალებს ათჯერ აღემატება და ეს შესაძლოა, იყოს ბოლო მიმართვა, რადგან დღეები ან საათები დათვლილია. 36-ე ბრიგადის მეთაურის თანახმად, მასთან და მის მებრძოლებთან ერთად „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფება 500 დაჭრილი და ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე. ვოლინა უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და თურქეთის ლიდერებს მოუწოდებს მესამე ქვეყანაში ევაკუაციის ორგანიზებისკენ.
საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა პოლკ "აზოვთან" ერთად მარიუპოლს იცავს მეტალურგიული ქარხნის, "აზოვსტალის" რაიონში. 19 აპრილს, ღამით, "აზოვის" მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ "კალინა" პალამარმა განაცხადა, რომ რუსებმა ქარხანა თითქმის მიწასთან გაასწორეს "მძიმე ბომბების" გამოყენებით და ნანგრევებში მოყვნენ სამოქალაქო პირებიც. არსებული ინფორმაციით, "აზოვსტალის" მიწისქვეშა საცავებს თავს აფარებს მარიუპოლის ასეულობით მცხოვრები, მათ შორის ქალები და ბავშვები.
როგორც პალამარმა თქვა, "აზოვი" დანებებას არ აპირებს და ბრძოლას ბოლო ტყვიამდე გააგრძელებს.
რუსულ არმიას მარტის დასაწყისიდან ბლოკადაში ჰყავს დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია. ქალაქის მერის ინფორმაციით, მარიუპოლში დაღუპულია 10 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი.