კობახიძე ამბობს, რომ შეკითხვები არც „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვრამიას დაკავების საფუძველებთან დაკავშირებით უნდა ჩნდებოდეს.
საქართველო და მოლდოვა, უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ცდილობენ და განაცხადზე ბრიუსელის პასუხს ელოდებიან. კობახიძის "კითხვები არ უნდა ჩნდებოდეს" - ეს ევროპელი პარტნიორების მისამართითაც იყო ნათქვამი.
მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, პრორუსი პოლიტიკოსი, იგორ დოდონი, კორუფციის ბრალდებით ამჟამად შინაპატიმრობაშია. ამ ფაქტს არ მოჰყოლია ისეთივე კრიტიკული რეაქციები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორც ეს საქართველოში დაკავებებს მოჰყვა.
- რამდენად რელევანტურია და რას გვაძლევს ორ ქვეყანაში დაკავებული ყოფილი პოლიტიკოსების ერთმანეთთან შედარება?
- რა არის მთავარი განსხვავება, რაც დიდ მნიშვნელობას იძენს საქართველოსა თუ მოლდოვისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში?
დოდონი შინ
პროკურატურის კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, მოლდოვის სოციალისტური პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, გამოკვეთილად პრორუს ექსპრეზიდენტს (2016-2020), იგორ დოდონს, სასამართლომ, 26 მაისს, 30-დღიანი შინაპატიმრობა შეეფარდა.
ეს გადაწყვეტილება არც სააპელაციო პალატამ შეცვალა, 31 მაისის სხდომაზე.
პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობას ითხოვდა.
ოფიციალური ინფორმაციით, კორუფციის ბრალდებით არის დაკავებული, თუმცა ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დოდონი ეჭვმიტანილია ასევე სახელმწიფო ღალატში, დანაშაულებრივი ორგანიზაციებიდან დაფინანსების მიღებასა და ქონების უკანონო დაგროვებაში.
ძირითადი ბრალდების თანახმად, იგორ დოდონმა ქრთამი არაპირდაპირი გზით აიღო მოლდოველი ოლიგარქის, დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერისა და მოლდოვის „რუხ კარდინალად“ წოდებული ვლადიმირ პლაჰოტნიუკისგან, რომელსაც, ოჯახის წევრების ჩათვლით, აშშ-მა, 2020 წელს, სანქციები დაუწესა.
ასევე ნახეთ მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია. რა ბედი ელის იგორ დოდონს? ასევე ნახეთ პუტინის თქმით, მოსკოვი არ შეწყვეტს მოლდოვის პრორუსული ორიენტაციის პრეზიდენტის მხარდაჭერას
დოდონი ძალაუფლებისთვის ახლაც იბრძვის და, მათ შორის - ქვეყნის სათავეში დაბრუნების დაპირებებით, შინაპატიმრობიდან ფეისბუკზე უამრავ პოსტს აქვეყნებს.
დოდონის შინაპატიმრობიდან წერს, რომ ამჟამინდელ პრეზიდენტს, მაია სანდუს მოლდოვის ომში ჩართვა აქვს გადაწყვეტილი.
„[ჩემს დაკავებაში - რთ] არის გეოპოლიტიკური შემადგენელიც, რადგან ხელისუფლება უახლოვდება ნატოს, ემზადება უკრაინის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვისთვის და არ სურს, რომ ვინმემ შეუშალოს ხელი ამ პროცესს“, - წერს დოდონი ფეისბუკის ერთ-ერთ ბოლო პოსტში.
დოდონი ყოველთვის აპროტესტებდა პრორუსი პრეზიდენტის სტატუსს და თავს ეროვნულ, პრომოლდოვურ ხელისუფლად თვლიდა. თუმცა მისი საქმიანობა საწინააღმდეგოზე მეტყველებდა.
დოდონის დაკავებასთან დაკავშირებულ მოვლენებს ფართოდ აშუქებს რუსეთის მედია და ისმის უკმაყოფილება რუსეთის სახელისუფლებო წრეებიდან; თუმცა, როგორც კიშინიოვში აცხადებენ, რუსეთის რეაქციები ზეგავლენას ვერ მოახდენს კორუფციასთან ბრძოლის პროცესზე და პროცესები კანონის უზენაესობის შესაბამისად წარიმართება.
„ახლოსაც ვერ მივა“
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ იგორ დოდონი, „შავი პარკის“ ისტორიითა და კორუფციის დანაშაულთან დაკავშირებული ვარაუდებით, ახლოსაც ვერ მივა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ დამფუძნებლის დაპატიმრების ისტორიებთან.
ასევე ნახეთ RSF: ნიკა გვარამიას საქმე უპრეცედენტო და სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულია ასევე ნახეთ ევროპარლამენტში იმსჯელებენ საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე
დოდონის დაკავებასთან გავლებული პარალელების ფონზე, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, კიდევ ერთხელ დახატა ბოლო პერიოდში არაერთხელ ნათქვამი სცენარი, რომ: ოპოზიციასა და მის უცხოელ ლობისტებს სურთ - საქართველომ, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი; შემდეგ, ამას უნდა მოჰყვეს საზოგადოების მღელვარება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოს ომში ჩართვა.
ხელისუფლება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მწვავედ რეაგირებს საერთაშორისო კრიტიკაზე და კრიტიკოსების უმეტესობას „კრიმინალების მფარველად“ თუ ომის სცენარის მოსურნედ მოიხსენიებს.
ასევე ნახეთ კობახიძე: ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არა აქვს ასევე ნახეთ როცა (არ) წუხხარ გასაკეთებელზე - რა პასუხს მიიღებს საქართველო ევროკავშირისგან?შედარებასა და განსხვავებაზე
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ყოფილი პოლიტიკოსების დაკავების ფაქტების შედარება აზრს მოკლებულია, თუკი არ მოხდება პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემებისა და გადადგმული ნაბიჯების შედარება და მაგალითად, „რამდენად უზრუნველყოფილია პატიმრის უფლებები, მათ შორის - აღკვეთის ღონისძიებასთან მიმართებით“ და „რამდენად უზრუნველყოფს სასამართლო პოლიტიკურად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას“.
ამ ჭრილში ლევან ალაფიშვილი 2 ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას:
- „იგორ დოდონის შემთხვევაში, სასამართლომ პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეზე [აღკვეთის ღონისძიებად - რთ] შინაპატიმრობა გამოიყენა [და არ განათავსა ის იზოლატორში]... ეს შესაძლოა მცირე დეტალია, მაგრამ მნიშვნელოვანია მგრძნობიარე საქმის განხილვის შემთხვევაში“;
- „დოდონის შემთხვევაში, ჯერ გამოძიება მიმდინარეობს, განაჩენი არ არსებობს; ხოლო სააკაშვილის შემთხვევაში განხილვები მიდის და საქმეების ნაწილი დასრულებულია. ბუნებრივია, შედარებით დაბალია შეფასების სტანდარტი, როდესაც გამოძიებაზეა ლაპარაკი, ვიდრე - სასამართლო განხილვებისა და დამდგარი განაჩენის შემთხვევაში“.
და რატომ ხდება, რომ საერთაშორისო პარტნიორები შეკითხვებს სვამენ საქართველოსთან დაკავშირებით, ხოლო იგივე არ ხდება დღეს, მოლდოვის შემთხვევაში?
ლევან ალაფიშვილი გვეუბნება, რომ საქართველოს სასამართლო სისტემას არა აქვს სათანადო ნდობა, არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, რადგან - „არ გვაქვს მმართველი პარტიის მიმართ არანეიტრალური სასამართლო სისტემა და დასავლელ პარტნიორებს აქვთ შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების სამივე შტო არის ერთი პოლიტიკური დღის წესრიგის მსახური“.
შედეგად კი, „ბუნებრივია, ყოველთვის იქნება კრიტიკა დემოკრატიული ოჯახიდან და უფრო ინტენსიური იქნება განსაკუთრებით მგრძნობიარე საქმეებზე“.
ასევე ნახეთ ცეცხლი, ნავთი და შეხვედრები ბრიუსელში - რას ელიან ღარიბაშვილისგან
საქართველოს სასამართლო სისტემის კრიტიკა სააკაშვილისა და გვარამიას დაკავების შემდეგ არ დაწყებულა.
მაგალითად, ჯერ კიდევ შარშან მარტში, აშშ-ის სენატში გამართულ შეხვედრაზე განმარტავდნენ, რომ:
- „სასამართლო სისტემა ფართოდ აღიარებულია, როგორც არადამოუკიდებელი და მიკერძოებული“ ;
- სასამართლო რეფორმის პროცესი „ძალიან, ძალიან გახანგრძლივდა“;
- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებისადმი ნდობის პრობლემაც დიდწილად სასამართლოს მიმართ უნდობლობამ განაპირობა.
მას შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ მრავალჯერ მოისმინა რეკომენდაციები სასამართლო სისტემის, როგორც სახელმწიფოს აუცილებელი ქვაკუთხედის რეფორმირების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ეს საკითხი ერთ-ერთი უმთავრესია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის ქვეყნების შეფასების პროცესშიც.
თბილისის პასუხია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოთხოვნილი რეფორმები უკვე შესრულებულია და სასამართლო სისტემა სრულად დამოუკიდებელია.
ყოფილი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მოლდოვაში, წინა წლებში აღძრული არაერთი საქმის მიუხედავად, რომლებიც ძირითადად კორუფციას უკავშირდებოდა, საერთაშორისო პარტნიორებს არ ჰქონიათ (დღევანდელი საქართველოს მსგავსი) მწვავე შეფასებები მაია სანდუს ხელისუფლების მიმართ და ხშირად აღინიშნებოდა, რომ მოლდოვის ხელისუფლება სწრაფად მიიწევს წინ დემოკრატიის გზაზე.