ბაიდენის კომენტარის მიუხედავად, უკრაინა ამერიკული MLRS-ებისა და HIMARS-ების მიღების იმედს არ კარგავს

ბრიტანეთის არმიის M270 სარაკეტო სისტემა (MLRS). ზაფხულის ფარი - 2022 წვრთნები, ადაზის სამხედრო ბაზა, ლატვია, 27 მაისი, 2022 წელი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა „გონივრული“ უწოდა ბაიდენის ორშაბათის განცხადებას, რომლის თანახმად, ამერიკა უკრაინას არ გადასცემს შორ რადიუსზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს.

„ჩვენ არ ვაპირებთ გავაგზავნოთ უკრაინაში სარაკეტო სისტემები, რომელიც რუსეთს მიაყენებს დარტყმას“, - განაცხადა 31 მაისს ჟურნალისტებთან საუბარში უქმე დღეების შემდეგ დელავერიდან თეთრ სახლში დაბრუნებულმა აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის შეიარაღებაზეა ლაპარაკი.

გასულ კვირაში არაერთმა წამყვანმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობა, რომ აშშ აპირებდა უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების მიწოდებას, რომლებსაც რამდენიმე ასეული მილით დაშორებული სამიზნეების განადგურება შეუძლიათ. კერძოდ, ნახსენები იყო მაღალი მობილურობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემა М142 Himars-ი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა М270 MLRS -ი.

ასევე ნახეთ ბაიდენი: აშშ უკრაინას არ გადასცემს სარაკეტო სისტემებს, რომლებიც რუსეთს შეიძლება მისწვდეს


ორივე მათგანის შეიარაღებაში შედის ისეთი ნომენკლატურის რაკეტები, რომლებსაც 300 კილომეტრ დისტანციაზე შეუძლიათ სამიზნის განადგურება.

„სხვაგვარად ჩვენს ქალაქებზე იერიშის შემთხვევაში რუსეთის შეიარაღებული ძალები შეასრულებდნენ მუქარას და დარტყმებს მიაყენებდნენ ამ დანაშაულებრივი გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებს“, - დაწერა გახარებულმა მედვედევმა Telegram-ში.

მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინას მიაწოდოს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, მაგრამ ისეთი რაკეტებით, რომლებსაც მცირე მანძილზე შეუძლიათ სამიზნეების განადგურება.

„ანუ უკრაინას აშშ გადმოსცემს MLRS-ის იმ რაკეტებს, რომელთა ფრენის სიშორე 50, 70 და 150 კილომეტრია, ხოლო რაკეტებს, რომელთა ფრენის სიშორე 300 კილომეტრია, ჯერჯერობით უკრაინას არ გადასცემენ. მაგრამ უკრაინისთვის დღევანდელ ამ პირობებში ეს სრულიად საკმარისია, რადგან ფრონტის სიღრმე ზუსტადაც რომ დაახლოებით 100 კილომეტრს შეადგენს“, - ამბობს მიხაილო სამუსი, „ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტი, რომელიც რუსეთის სიხარულს ნაადრევს უწოდებს.

რატომ ელოდება ასე მოუთმენლად უკრაინა MLRS-ებსა და HIMARS-ებს?

დღესდღეობით ეს არის მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, და მას საბჭოთა წარმოების სისტემისგან განასხვავებს ის, რომ არის მაღალი სიზუსტის...
მიხაილო სამუსი

აშშ-ის თამედროვე საარტილერიო და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს М270 MLRS-სა და М142 Himars-ს მათი საბჭოთა და რუსული ანალოგებისგან განსხვავებით პირველ რიგში მაღალი სიზუსტე, მობილურობა და ინტეგრირებულობა გამოარჩევს. ამ სისტემების გამოყენება შეიძლება ორმაგი დანიშნულებით: როგორც რეაქტიული დანადგარების და როგორც ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების.

„MLRS-ი ანუ Multiple Launch Rocket System-ი, ინგლისურიდან თუ ზუსტად ვთარგმნით, ეს არის მრავალფუნქციური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა. ეს მოდელი აშშ-ის შეიარაღებაში გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იმყოფება და ცხადია, ამ ხნის განმავლობაში არაერთი მოდიფიკაცია და ცვლილება განიცადა. დღესდღეობით ეს არის მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, და მას საბჭოთა წარმოების სისტემისგან განასხვავებს ის, რომ არის მაღალი სიზუსტის, არის ავტომატიზებული და სრულად ინტეგრირებული მართვისა და დაზვერვის სისტემასთან“, - განმარტავს მიხაილო სამუსი.

გარდა ამისა, აშშ-ისგან მათი მიწოდების შემთხვევაში უკრაინის არმიის განკარგულებაში იქნება შეიარაღება, რომლის ანალოგი დღეს არათუ უკრაინას, არამედ მის წინააღმდეგ მეომარ რუსეთსაც კი არ გააჩნია.

„რატომ არის ისინი ასეთი საჭირო, იმიტომ, რომ საბრძოლო დანიშნულებით ბევრად აღემატებიან რუსული „გრადის“ თუ „ურაგანის“ სახელით ცნობილი ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს. ამერიკულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარებს შესაძლებლობა აქვთ, რომ საკმაოდ დიდ მანძილზე უზუსტესი დარტყმები მიაყენონ მოწინააღმდეგის მართვის და ლოგისტიკის სისტემებს, შეასუსტონ უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვლის შემდეგ შეჭრილი რუსეთის საოკუპაციო ძალების ბრძოლისუნარიანობა და შექმნან ხელსაყრელი პირობები უკრაინის არმიის შეტევისა და კონტრშეტევისთვის“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების M142 (HIMARS)


უკრაინის ხელმძღვანელობა რამდენიმე კვირის განმავლობაში არწმუნებდა თავის ამერიკელ პარტნიორებს, რომ მასშტაბური ამერიკული დახმარების ფარგლებში პირველ რიგში მიეწოდებინა სწორედ აღნიშნული სარაკეტო სისტემები, რომლებიც, როგორც გენერალი უესლი კლარკი ამბობს, სხვა შეიარაღებასთან ერთად უკრაინას დღეს ძალიან დიდი დოზით სჭირდება.

„პირველ რიგში, რუსული არტილერია უნდა დაამარცხონ. ახლა რომ მოახერხონ რუსული არტილერიის ნეიტრალიზება, რუსები ვერასოდეს გაარღვევენ თავდაცვის ხაზს. თუ, როდესაც ისინი ქალაქებს ბომბავენ, შენ საპასუხოდ მათ არტილერიას ბომბავ და ანადგურებ, ეს ნიშნავს, რომ ქალაქები არ განადგურდება - ეს მათი გადარჩენის საუკეთესო შანსია. მათ (უკრაინელებს) ასევე სჭირდებათ დაზვერვის მხარდაჭერა. არ აქვს არც საკმარისი რაოდენობით დრონები. მაგრამ, ძირითადად, რაც გარდაუვალად სჭირდებათ, ეს არტილერიაა. ბევრი, ბევრი და ბევრი არტილერია, საკმარისი საბრძოლო მასალით, ასობით საარტილერიო სროლა თითო საარტილერიო დანადგარზე დღეში, რათა რუსებს ჯეროვნად „გაუმასპინძლდნენ“, - უთხრა ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა, უესლი კლარკმა რადიო თავისუფლებას.

ასევე ნახეთ „ზეიმი ნაადრევია“ - გენერალი უესლი კლარკი უკრაინის ომზე


როგორც გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ აღნიშნავს, რუსეთთან სამთვიანი ინტენსიური ომის შემდეგ უკრაინის არმიას ეწურება მის შეიარაღებაში არსებული „სმერჩისა“ და „ურაგანის“ კლასის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებისთვის საჭირო საბრძოლო მასალა, ხოლო აშშ-ისგან დახმარების სახით მიღებული 155 მილიმეტრი კალიბრის М777 ჰაუბიცები არ არის საკმარისი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში თავმოყრილი რუსეთის არმიის საცეცხლე პოტენციალზე უპირატესობის მოსაპოვებლად.

უკრაინას აშშ გადმოსცემს MLRS-ის რაკეტებს, რომელთა ფრენის სიშორე 50, 70 და 150 კილომეტრია, ხოლო რაკეტებს, რომელთა ფრენის სიშორე 300 კილომეტრია, ჯერჯერობით უკრაინას არ გადასცემენ...
მიხაილო სამუსი

მაგრამ იმის გამო, რომ როგორც М270 MLRS-ს, ისე М142 Himars-ს ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულებაც აქვს და რამდენიმე ასეულ მილზეც შეუძლია მოწინააღმდეგის მართვისა და ლოგისტიკის სისტემების განადგურება, თეთრ სახლში გამოთქვამდნენ შიშს, რომ ასეთი იარაღი შესაძლოა რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ შეტევისთვის იქნეს გამოყენებული. შესაბამისად, როგორც უკრაინაში ამბობენ, როგორც ჩანს ვაშინგტონი უკრაინას არ მიაწვიდს იმ ნომენკლატურის რაკეტებს, რომლებმაც შესაძლოა მიაღწიონ სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე.

„ამ სისტემების თავისებურება ისაა, რომ მათ აქვთ გამშვები დანადგარები, რომლებსაც ახლავს მოდულის პაკეტები სხვადასხვა ნომენკლატურის საბრძოლო მასალით. ამ პაკეტში შეიძლება იყოს როგორც 70 კილომეტრის, ისე 100 კილომეტრის და შეიძლება იყოს 300 კილომეტრზე სროლის სიშორის რაკეტები, რომლებიც ჰქონდა მხედველობაში ჯო ბაიდენს, როდესაც ჟურნალისტს უპასუხებდა. ანუ ლაპარაკია „ატაკამსის“ (ATACMS) რაკეტებზე, შორი რადიუსის ოპერატიულ-ტაქტიკურ რაკეტებზე და, როგორც ჩანს, ამ სახით უკრაინას ეს საბრძოლო მასალა არ გადმოეცემა. ანუ უკრაინას აშშ გადმოსცემს MLRS-ის რაკეტებს, რომელთა ფრენის სიშორე 50, 70 და 150 კილომეტრია, ხოლო რაკეტებს, რომელთა ფრენის სიშორე 300 კილომეტრია, ჯერჯერობით უკრაინას არ გადასცემენ. მაგრამ უკრაინისთვის დღევანდელ ამ პირობებში სრულიად საკმარისია 50, 70 და 150 კილომეტრზე ფრენის სიშორის რაკეტები. ეს იდეალური და მშვენიერია, რადგან ამ ეტაპზე უკრაინის ამოცანას წარმოადგენს მისი ტერიტორიების დეოკუპაცია და ფრონტის სიღრმე ზუსტადაც რომ დაახლოებით 100 კილომეტრს შეადგენს“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

რატომ არტილერია და არა ავიაცია?


რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომში ჩაბმული უკრაინის ხელისუფლება ამ ეტაპზე მთავარ აქცენტს არამხოლოდ შორი რადიუსის საარტილერიო და ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებზე აკეთებს. უკრაინის არმია ჯერჯერობით აგრესორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო ავიაციის თვალსაზრისითაც აშკარად ჩამორჩება.

„(უკრაინელებს) შემდეგ სჭირდებათ სწრაფი რეაგირების ძალები, რისთვისაც უნდა ჰყავდეთ მოიერიშე ვერტმფრენები და ჰქონდეთ „ჰაერი-მიწა“ კლასის შესაძლებლობები. ეს არ აქვთ. უკრაინა ალბათ ახორციელებს დღეში ორ ან სამ გაფრენას ან ცალკეულ საჰაერო მისიებს, არადა, დღეში 50 ფრენაა საჭირო. უკრაინელებს საკმარისი საჰაერო რესურსი სჭირდებათ რუსეთის საჰაერო ძალების შესაკავებლად. ესაჭიროებათ უკეთესი საჰაერო თავდაცვა. რაც აქვთ, დაეხმარათ კიევის დაცვისას, მაგრამ არ გამოადგებათ 300-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე დონბასში. სჭირდებათ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები. ყოველდღე მესმის დაპირებები, რომ მივაწვდით, მაგრამ ჯერ არაფერი ჩასვლიათ“, - ამბობს გენერალი უესლი კლარკი.

ჩვენი ქვეყნის სანაპირო დაცვა არა მხოლოდ გაძლიერდება „ჰარპუნებით“, არამედ ისინი გამოყენებულ იქნება გაწვრთნილი უკრაინული გუნდების მიერ...
ალექსეი რეზნიკოვი

ავიაციის საჭიროებაზე მოსაზრებას იზიარებენ უკრაინელი ექსპერტებიც, თუმცა საკუთარი ხელისუფლების ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია მათ აფიქრებინებთ, რომ დასავლეთის აქტიური სამხედრო დახმარებით უკრაინა ჩამორჩენას ამცირებს.

„რამდენადაც ღია სივრცეში უკვე გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია, უკრაინამ პარტნიორებისგან უკვე მიიღო თვითმფრინავ სუ-25-ის სათადარიგო ნაწილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინა აქტიურად გამოიყენებს სუ-25 კლასის მოიერიშეებს რუსეთის ჯარების კოლონების გასანადგურებლად. ასევე გრძელდება მი-29 კლასის თვითმფრინავებისათვის საჭირო მარაგ-ნაწილების მოწოდება. საუბარი და კამათი თავად მიგ-29 თვითმფრინავის პოლონეთიდან მოწოდების შესახებ გარეთ არ გამოდის, მაგრამ შესაძლოა, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობდეს რამშტაინის ან ორმხრივი კონტაქტების ფორმატში. ყოველ შემთხვევაში, უკრაინის სამხედრო ავიაციის ინტენსიურობა იზრდება და, როგორც ბოლო დღეების მოვლენები აჩვენებს, უკრაინის ავიაცია სულ უფრო ხშირად ახორციელებს შეტევებს და ანადგურებს მოწინააღმდეგის როგორც სახმელეთო ძალებს, ისე თვითმფრინავებს. სულ რაღაც 2 დღის წინ უკრაინულმა მიგ-29 ტიპის თვითმფრინავმა ხერსონის ოლქში ჩამოაგდო რუსული სუ-35 კლასის თვითმფრინავი. ასევე გამუდმებით გრძელდება საჰაერო ბრძოლები დონბასში, ასე რომ, ინტენსიურობა უკრაინის ავიაციისა არათუ არ კლებულობს, არამედ ძლიერდება, თუ იმ ღია წყაროების მიხედვით ვიმსჯელებთ, რომლებიც საზოგადოებამდე აღწევს“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

მაისის ბოლოს ცნობილი გახდა ასევე, რომ უკრაინამ დაიწყო გემსაწინააღმდეგო რაკეტების, „ჰარპუნის“ მიღება დანიისგან და თვითმავალი ჰაუბიცებისა - აშშ-ისგან.

„ჩვენი ქვეყნის სანაპირო დაცვა არა მხოლოდ გაძლიერდება „ჰარპუნებით“, არამედ ისინი გამოყენებულ იქნება გაწვრთნილი უკრაინული გუნდების მიერ“, - განაცხადა 28 მაისს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა. მისი თქმით, ნაპირი-გემი კლასის რაკეტა „ჰარპუნი“ უკრაინულ რაკეტა „ნეპტუნთან“ ერთად გამოყენებულ იქნება უკრაინის შავიზღვისპირეთის, მათ შორის, ოდესის დასაცავად.

„ჰარპუნი“ არის ნებისმიერ ამინდში მოქმედი გემსაწინააღმდეგო რაკეტა, რომელიც ჰორიზონტს მიღმა მოქმედებს, იყენებს აქტიურ სარადარო სისტემას და დაფრინავს პირდაპირ წყლის თავზე, რათა თავი აარიდოს თავდაცვის საშუალებებს. მისი გაშვება შესაძლებელია გემებიდან, წყალქვეშა ნავებიდან, თვითმფრინავებიდან ან სანაპირო ბატარეებიდან.

რუსეთმა ჩაკეტა უკრაინის პორტები და დაბლოკა სასიცოცხლო მნიშვნელობის მარცვლეულის ექსპორტი. ის შავ ზღვას იყენებს უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ სარაკეტო იერიშებისთვის.

რეზნიკოვმა თქვა, რომ უკრაინამ ასევე მიიღო მძიმე საარტილერიო იარაღი, მათ შორის, აშშ-ში წარმოებული თვითმავალი და მოდიფიცირებული ჰაუბიცები M109, რაც მის ჯარებს საშუალებას მისცემს, შორი მანძილიდან მიიტანონ იერიშები სამიზნეებზე.

ასევე ნახეთ რეზნიკოვი: უკრაინამ დაიწყო დანიური "ჰარპუნებისა" და ამერიკული ჰაუბიცების მიღება


მაისის ბოლოს პოლონეთის მთავრობამ გადაწყვიტა, 155-მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარების (AHS Krab), სამი ბატარეა გაუგზავნოს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

პოლონური რადიოს ცნობით, ვარშავამ უკვე დაასრულა იმ 100 უკრაინელი სამხედროს მომზადება, რომლებსაც აღნიშნული იარაღის ექსპლუატაცია ევალებათ.

ასევე ნახეთ პოლონეთი უკრაინაში 155 მილიმეტრიან ჰაუბიცებს გზავნის


პოლონეთს არც მეზობელი ჩეხეთი ჩამორჩა. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ 29 მაისს ტელეეთერის დროს განაცხადა, რომ პრაღას განზრახული აქვს, უკრაინას, 26-30 მილიონი დოლარის ფარგლებში, რაც შეიძლება მალე მიაწოდოს შეიარაღება. „უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დახმარება [უკრაინას] მუდმივად მიეწოდებოდეს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა, რომლის თქმითაც, რუსეთის სამხედრო აგრესიის განმავლობაში უკრაინამ ჩეხეთისგან 150 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დანიშნულების ტვირთი მიიღო.

ჩეხეთის მედიის ცნობით, უკრაინისთვის დაპირებულ სამხედრო დახმარებაში იქნება რამდენიმე ერთეული ტანკი Т-72, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, თვითმავალი ქვემეხი-ჰაუბიცები და ასევე, სავარაუდოდ, საბჭოთა წარმოების საბრძოლო ვერტმფრენები.

ასევე ნახეთ ჩეხეთი დამატებით შეიარაღებას გაუგზავნის უკრაინას


„თუ ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების დახმარება ამ ტემპით გაგრძელდა, უკრაინა მალე აღადგენს პარიტეტს და მალე არტილერიისა და ტანკების მხრივ ჩვენ შესაძლოა რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შედარებით უპირატესობასაც კი მივაღწიოთ“, - ამბობს მიხაილო სამუსი.