Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ზეიმი ნაადრევია“ - გენერალი უესლი კლარკი უკრაინის ომზე


გენერალი უესლი კლარკი
გენერალი უესლი კლარკი

„როდესაც ბატონი პუტინი უკრაინაში შეიჭრა, ეგონა, რომ უკრაინას გადაუვლიდა, იპოვიდა მოღალატეებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას გაყიდდნენ. და ვფიქრობ, რომ სახტად დარჩა, როდესაც ასე არ მოხდა. უკრაინელები მედგრად იბრძვიან, და არც ნატო დაიშალა. ის იმედოვნებდა, რომ გერმანიას გამოუთხრიდა ძირს ყოფილი კანცლერი შროდერის მეშვეობით - აქაც პირიქით მოხდა, პუტინის ქმედებებმა აქეთ გამოუთხარა ძირი შროდერისა და სოციალისტური პარტიის რეპუტაციას. ეკონომიკურ პასუხად სანქციები მიიღო, დიპლომატიურ პასუხად კი - შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრება. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ რუსეთი ვერ მოიგებს. ეს კონფლიქტი მაშინ გადაწყდება, როდესაც თავად პუტინიც გაიაზრებს ამას“, - ეუბნება ოთხვარსკვლავიანი გენერალი, უესლი კლარკი რადიო თავისუფლებას. გენერალი კლარკი ევროპაში ნატოს გაერთიანებული ჯარების მთავარსარდალი იყო ალიანსის 78-დღიანი საჰაერო კამპანიის დროს ყოფილი იუგოსლავიის ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის წინააღმდეგ ალბანელების ეთნიკური წმენდის შესაჩერებლად. ვაჟა თავბერიძესთან საუბარი მან 1999 წლის საჰაერო ოპერაციის გახსენებით დაიწყო:

რუსეთსა და პუტინთან იგივე მიდგომა უნდა გვქონდეს, როგორიც მილოშევიჩთან გვქონდა.

„მაშინ ძალისა და დიპლომატიის კომბინაციის გამოყენება დაგვჭირდა, რათა მილოშევიჩი დაგვერწმუნებინა, რომ ის ვერ მოიგებდა. საბოლოოდ საერთაშორისო ტრიბუნალზე ამოყო თავი, მაგრამ მანამდე დავარწმუნეთ, რომ რაც არ უნდა ექნა, ვერ მოიგებდა, ეს გამორიცხული იყო. ამიტომ არჩია დიპლომატიური გამოსავალი - დაიდო შეთანხმება და მან თავის ჯარებს უკან დახევა უბრძანა. სწორედ ასეთივე მიდგომა უნდა გვქონდეს რუსეთსა და პუტინთანაც: ის უნდა დარწმუნდეს, რომ მოგება გამორიცხულია.

რადიო თავისუფლება: მილოშევიჩისგან განსხვავებით, პუტინს ე.წ. წითელი ღილაკი აქვს - იმოქმედებს კი მასზე იგივე მეთოდები, რამაც მილოშევიჩზე გაჭრა?

გენერალი კლარკი: მილოშევიჩმა აღმოაჩინა, რომ ნატოს საჰაერო იერიში გარდაუვალი იყო, რომ მას არც ნატოს თვითმფრინავების ჩამოგდება შეეძლო და არც იმის იმედი უნდა ჰქონოდა, რომ ამ იერიშს გაუძლებდა და გადაიტანდა. ასე რომ, მოუწია, გამოსავალი ეძებნა. პუტინმაც უნდა დაინახოს, რომ სამხედრო გზით უკრაინაში არაფერი გამოუვა. ამას დაემატება სხვა სახის ზეწოლა და ის დარწმუნდება, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი უნდა ეძებოს. თუ დაუფიქრდებით, სიტუაცია საკმაოდ მსგავსი იყო 1998 წლის ზაფხულში, კოსოვოში. საფრანგეთმაც და გერმანიამაც განაცხადეს, რომ არ ჩაერეოდნენ, თუ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუცია არ იქნებოდა მიღებული. რუსეთი კი ამ საბჭოს წევრი იყო და, რა თქმა უნდა, აცხადებდა, რომ მსგავს რეზოლუციას ვეტოს დაადებდა. შედეგად, 400 000-მდე ალბანელი ლტოლვილად იქცა იმ ზაფხულს. მაგრამ რუსეთიც და მილოშევიჩიც მოტყუვდნენ - საფრანგეთი და გერმანია დაეთანხმნენ სამხედრო ოპერაციის ჩატარებას, როდესაც ცხადი გახდა, თუ რას აპირებდა მილოშევიჩი.

უკრაინაში პუტინი ვერაფრით დაიტრაბახებს.

იმავე სიტუაციასთან გვაქვს საქმე დღესაც: რუსეთმა ვერ გათვალა, ის ფიქრობდა, რომ დასავლეთი უსუსური და სუსტი იყო - დასავლეთი სუსტი არაა, ის გამძლეა, ძლიერია. უბრალოდ, რუსეთისაგან განსხვავებით, ყოველდღე იმპერიული გეგმების განხორციელებით არაა გართული. პუტინი 12 წლის განმავლობაში აწყობდა გეგმებს, ამერიკასა და ევროპაში კი ხალხი, იმპერიული ამბიციების ნაცვლად, საკუთარ სახლებზე, ოჯახებზე, ბავშვებისთვის განათლების მიცემაზე იყო ორიენტირებული. ეს სრულიად განსხვავებული მენტალიტეტია. ეს ამოუხსნელი ფენომენია ისეთი ხალხისთვის, როგორიცაა პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, მათ ეს არ ესმით, ვერ ითავისებენ და ვერ ეგუებიან. მაგრამ იგივე დასავლეთი უზარმაზარი ძალის პატრონია, თუკი გამოიწვევ. ესაა გაკვეთილი, რომელიც მთელმა მსოფლიომ უნდა გაითავისოს.

რადიო თავისუფლება: ომამდე, მახსოვს, განაცხადეთ, რომ პუტინისთვის უკრაინა „კრივის სავარჯიშო მსხალი“ იყო, რომელიც საჯაროდ უნდა ეცემა, რათა „მაყურებლებს“ სათანადო „დასკვნები“ გამოეტანათ. როგორც აღმოჩნდა, ეს „მსხალი“ დარტყმებს დარტყმითვე პასუხობს, თანაც საკმაოდ მწარედ. რა სამხედრო მიღწევებით შეუძლია პუტინს დაიტრაბახოს უკრაინაში?

გენერალი კლარკი: უკრაინაში პუტინი ვერაფრით დაიტრაბახებს. კიევი თავისუფალია, ხარკოვში უკრაინელები დღითი დღე იუმჯობესებენ პოზიციებს, რუსები ამ რეგიონებში საარტილერიო დიაპაზონის მიღმა არიან, უკრაინელები კონტრიერიშებს ახორციელებენ, დონბასში კი ფრონტის ხაზი მეტწილად უცვლელია.

კრიტიკული მომენტი დადგება, როდესაც ნიადაგი გაშრება - დონბასში, თუ რუსები მოახერხებენ რამდენიმე დიდი მდინარის გადაკვეთას, გავლენ უფრო ღია ტერიტორიაზე, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მანევრები და ტაქტიკა, რომელსაც რუსები ვერა და ვერ ელევიან, უფრო ეფექტიანი იქნება. რუსები ცდილობენ ნაბიჯ-ნაბიჯ შეაღწიონ უკრაინული თავდაცვის ხაზის სიღრმეში და გზადაგზა სოფლებს ანადგურებენ, რადგან იციან, რომ ამ სოფლებს უკრაინა ანტისატანკო და საჰაერო თავდაცვისთვის დასაყრდენ პუნქტებად იყენებს, ამიტომ ცდილობენ, ისინი არტილერიის გამოყენებით უბრალოდ გააცამტვერონ.

ვიყოთ გულწრფელები - ამერიკის მიზანია, ამ ომში რუსეთმა სტრატეგიული დამარცხება იწვნიოს და ისე დასუსტდეს, რომ მომავალში მსგავსი რამ ვეღარ გაბედოს.

მალე, როდესაც ნიადაგი გაშრება, ისინი გასცდებიან ამ სოფლებს და ღია ველებზე გავლენ, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უკრაინას მაქსიმალურად დავეხმაროთ ამ ტიპის შეტაკებებისთვის მოსამზადებლად. მათ არ ჰყავთ ის ტანკები, რომლებიც ასეთ შემთხვევაში სჭირდებათ და რაც ჰყავთ, ისიც არასაკმაო რაოდენობით, არ აქვთ საკმარისი არტილერია, არ ჰყავთ გამანადგურებელი თვითმფრინავები, სადესანტო თვითმფრინავები, არ ჰყავთ მოიერიშე ვერტმფრენები.

რუსები ფიქრობენ, და ეს იდეა ეყრდნობა როგორც მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებას, ასევე თანამედროვე რუსულ შეიარაღებას, რომ უკრაინის თავდაცვის ხაზს „გახვრეტენ“, 50-100 კილომეტრის სიღრმით შეიწევენ თავიანთი ბატალიონებით და შემდეგ თავადვე გადაერთვებიან ამ ახალი ბლოკპოსტების თავდაცვაზე. ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ, მეტწილად გარემოს გამო. მაგრამ თუ ამას მოახერხებენ, უკრაინას ამაზე ჯეროვანი რეაგირება უნდა შეეძლოს.

უკრაინელებისთვის ეს ნიშნავს, რომ მათ სხვანაირად უნდა იბრძოლონ, სხვა ტიპის შეიარაღება და ჯავშანტექნიკა სჭირდებათ, ვიდრე აქამდე იბრძოდნენ, მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, ძველი ტაქტიკა არ გამოადგებათ. მე ვიცი, რომ ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ ამისთვის. მესმის ბევრი დაპირება, რომ მათ დავეხმარებით. მაგრამ როდესაც ვუყურებ, თუ რა [შეიარაღება] მივაწოდეთ და ჯერჯერობით რა ჩავიდა უკრაინაში, ეს არასაკმარისია. ეს შეიძლება საკმარისი იყოს სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად. მაგრამ მოდით, ვიყოთ გულწრფელები - ამერიკის მიზანია, ამ ომში რუსეთმა სტრატეგიული დამარცხება იწვნიოს და ისე დასუსტდეს, რომ მომავალში მსგავსი რამ ვეღარ გაბედოს. აქედან გამომდინარე, თუ ბრძოლები შეჩერდება და რუსეთს შერჩება ყველაფერი, რასაც დღეს აკონტროლებს, ამას ძნელად თუ დაარქმევ მათ სტრატეგიულ მარცხს - უკრაინის თითქმის მთელი სამხრეთი და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დიდი წილი ჩაიგდეს ხელში, ფინანსური გადმოსახედიდან 500 მილიარდიდან 1 ტრილიონ დოლარამდე ზარალი მიაყენეს უკრაინას. მე ამას ჩვენს წარმატებად ვერ მოვნათლავდი.

არ მინდა ვისმენდე მილოცვებს, თუ რა კარგად მისდის უკრაინას საქმე. ეს არის ომი, რომელიც [უკრაინამ] შეიძლება წააგოს. იმისთვის, რომ უკრაინამ ეს ომი მოიგოს, საჭიროა შტატებისა და დასავლელი პარტნიორების მხრიდან ბევრად უფრო მეტი სამხედრო დახმარება.

უკრაინას მეტად უნდა დავეხმაროთ. მას აქვს ბრძოლის უნარი და სურს იბრძოლოს და რუსები გააძევოს საკუთარი მიწიდან, მას არ აქვს ამისთვის საჭირო ინსტრუმენტები და სწორედ ამ მხრივ სჭირდებათ დახმარება. ასე რომ, ზეიმი ნაადრევია, არ მინდა ვისმენდე მილოცვებს, თუ რა კარგად მისდის უკრაინას საქმე. ეს არის ომი, რომელიც [კიევმა] შეიძლება წააგოს. ომის მოგება უკრაინას მხოლოდ შტატებისა და დასავლელი პარტნიორების მხრიდან ბევრად უფრო მეტი სამხედრო დახმარებით შეუძლია.

რადიო თავისუფლება: რა ტიპის სამხედრო დახმარება შეიტანდა გარდატეხას ომში?

გენერალი კლარკი: პირველ რიგში, რუსული არტილერია უნდა დაამარცხონ. ახლა რომ მოახერხონ რუსული არტილერიის ნეიტრალიზება, რუსები ვერასოდეს გაარღვევენ თავდაცვის ხაზს. თუ, როდესაც ისინი ქალაქებს ბომბავენ, შენ საპასუხოდ მათ არტილერიას ბომბავ და ანადგურებ, ეს ნიშნავს, რომ ქალაქები არ განადგურდება - ეს მათი გადარჩენის საუკეთესო შანსია. მათ ასევე სჭირდებათ დაზვერვის მხარდაჭერა. არ ჰყავთ არც საკმარისი რაოდენობით დრონები. მაგრამ, ძირითადად, რაც გარდაუვლად სჭირდებათ, ეს არტილერიაა. ბევრი, ბევრი და ბევრი არტილერია, საკმარისი საბრძოლო მასალით, ასობით საარტილერიო სროლა თითო საარტილერიო დანადგარზე დღეში, რათა რუსებს ჯეროვნად „გაუმასპინძლდნენ“.

შემდეგ სჭირდებათ სწრაფი რეაგირების ძალები, რისთვისაც უნდა ჰყავდეთ მოიერიშე ვერტმფრენები და ჰქონდეთ „ჰაერი-მიწა“ კლასის შესაძლებლობები. ეს არ აქვთ. უკრაინა ალბათ ახორციელებს დღეში ორ ან სამ გაფრენას ან ცალკეულ საჰაერო მისიებს, არადა, დღეში 50 ფრენაა საჭირო. უკრაინელებს საკმარისი საჰაერო რესურსი სჭირდებათ რუსეთის საჰაერო ძალების შესაკავებლად. ესაჭიროებათ უკეთესი საჰაერო თავდაცვა. რაც აქვთ, დაეხმარათ კიევის დაცვისას, მაგრამ არ გამოადგებათ 300-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე დონბასში. სჭირდებათ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები. ყოველდღე მესმის დაპირებები, რომ მივაწვდით, მაგრამ ჯერ არაფერი ჩასვლიათ...

ჩვენს განკარგულებაში იყო რამდენიმე კვირა, ეს იყო შესაძლებლობების ფანჯარა, რომ უკრაინა გაგვეძლიერებინა. ეს კვირები უკვე გავიდა.

რუსული გემები, ნაპირიდან 150-200 კილომეტრის მოშორებით, არხეინად ისვრიან „კალიბრის” ტიპის რაკეტებს - რატომ უნდა ჰქონდეს რუსულ ფლოტს განცდა, რომ არაფერი ემუქრება და მას ვერ უპასუხებენ? ოდესის პორტში მილიონობით ტონა ხორბალი ელოდება ექსპორტს, მსოფლიოს ძალიან სჭირდება ეს ხორბალი. რუსებმა კი გასასვლელი გადაკეტეს. [უკრაინელებს] თუ სათანადო უპილოტო საჰაერო სისტემები და შორი დისტანციის საზენიტო რაკეტები ექნებათ, შავი ზღვის გახსნა შეიძლება. სხვა საკითხია იქ რუსული წყალქვეშა ნავების არსებობა, მაშინ ამას, თუ აუცილებელი გახდა, ჰუმანიტარული მიზნებისთვის იმ ტერიტორიის ნატოს საზღვაო ზონად გამოცხადებით მოევლება.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელარუსიც შეიძლება ჩაერთოს ომში. თუ მართლაც ასე მოხდება, ეს კიდევ უფრო ამწვავებს სწრაფი რეაგირების ძალების აუცილებლობას: [აქაც] უკრაინას დასჭირდება მოიერიშე ვერტმფრენები, რომლებსაც შეუძლიათ დაუყოვნებლივი რეაგირება, სადესანტო თვითმფრინავები, ტანკები, არტილერია, სხვა აღჭურვილობა.

რადიო თავისუფლება: დაწვრილებით აღწერეთ, თუ რა სჭირდება უკრაინას. და თუ თქვენი ტონით ვიმსჯელებთ, უკრაინას ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, უკვე „გუშინ სჭირდებოდა“, დასავლეთი კი არ ჩქარობს, მეტიც, ზოგჯერ ფეხსაც ითრევს. რა გამოსავალს ხედავთ?

გენერალი კლარკი: არ ვიცი, როგორ უნდა დავაჩქაროთ ეს პროცესი... მაგრამ უკრაინას დროზე და საკმარისი დახმარება უნდა მივაწოდოთ.

იმისთვის, რომ რუსები გაყარონ, უკრაინელებს ბევრად მეტი სჭირდებათ. შესაძლებლობის ფანჯარა, რომ უკრაინამ რუსები გააძევოს დონბასიდან და ქვეყნის სამხრეთიდან, ღია იქნება ივლისიდან აგვისტომდე.

მარტის ბოლოს, როდესაც რუსულმა ძალებმა კიევიდან უკან დაიხიეს, ჩვენს განკარგულებაში იყო რამდენიმე კვირა, ეს იყო შესაძლებლობების ფანჯარა, რომ უკრაინა გაგვეძლიერებინა. ეს კვირები უკვე გავიდა. ამერიკული ჰაუბიცების უმეტესობა იქ არის, ისევე როგორც სხვა მოკავშირეების მიერ გაგზავნილი შეიარაღების ნაწილი, მაგრამ ეს მხოლოდ იმისთვისაა საკმარისი, რომ უკრაინამ აქამდე განცდილი დანაკარგები აინაზღაუროს. იმისთვის, რომ რუსები გაყარონ, უკრაინელებს ბევრად მეტი სჭირდებათ. პროცესი უნდა დაჩქარდეს.

თუ გვაქვს შესაძლებლობა, რომ უკრაინამ რუსები გააძევოს დონბასიდან და ქვეყნის სამხრეთიდან, ეს შესაძლებლობის ფანჯარა ღია იქნება ივლისიდან აგვისტომდე. რუსეთი დეკემბრამდე ვერ მოახერხებს მნიშვნელოვანი ძალების მობილიზებას. ასე რომ, უკრაინისთვის შესაძლებლობის ფანჯარა მალე გაიღება და იმისთვის, რომ კიევმა ეს ფანჯარა გამოიყენოს, მათ საჭირო ამუნიცია უნდა მივაწოდოთ.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG