შეჩერებული ე.წ. რეფერენდუმი - ცხინვალში კრემლის გზავნილი კარგად გაიგეს

ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ახალმა პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა შეაჩერა ე.წ. ექსპრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განკარგულება სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. განკარგულება შეჩერებულია მოსკოვთან კონსულტაციების დასრულებამდე.

„რუსულ მხარესთან კონსულტაციები მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შემდგომ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მთელ სპექტრზე“, - ნათქვამია სამხრეთ ოსეთის ახალი დე ფაქტო ლიდერის განკარგულებაში.

გაგლოევის ბრძანებულება „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შემდგომი ინტეგრაციის გზების შესახებ“ ეხება „რეფერენდუმზე წარდგენილი საკითხის სამართლებრივი შედეგების გაურკვევლობას“, ასევე „რეფერენდუმის ჩატარების ცალმხრივი გადაწყვეტილების დაუშვებლობას“.

ასევე ნახეთ გაგლოევმა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ბიბილოვის განკარგულება შეაჩერა

ანატოლი ბიბილოვმა 13 მაისს მოაწერა ხელი განკარგულებას 17 ივლისს ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა , ბიბილოვის განკარგულების შეჩერებამდე ადგილობრივ პოლიტიკოსებთან კონსულტაციები გამართა. იგი დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი მოწვევის პარლამენტის წევრებს შეხვდა. გაგლოევის თქმით, რეფერენდუმის ფორმულირება დღეს კითხვებს აჩენს, მაშინ როცა აუცილებელია რუსულ მხარესთან შესაბამისი კონსულტაციების გამართვა.

„პირველად დებატების დროს გავიგეთ ამ რეფერენდუმის შესახებ. მისი ფორმულირება მაშინ სხვანაირად ჟღერდა, დღეს - სხვაგვარად. კითხვა ასე რომ ყოფილიყო: “მხარს უჭერთ თუ არა რუსეთის ფედერაციაში შესვლას ცალკე სუბიექტის უფლებებით?“, მაშინ ყველაფერი გასაგები იქნებოდა. დღეს კი რეფერენდუმის ფორმულირება ასეა წარმოდგენილი: „მომხრე ხართ თუ არა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანების?“ - აღნიშნა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

გაგლოევმა ე.წ. რეფერენდუმის ფინანსურ კომპონენტზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკას 32.5 მილიონი რუბლი (დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი) დაუჯდება.

„ჩვენ შეგვიძლია რეფერენდუმის ჩასატარებლად ბანკისგან ვისესხოთ ფული, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მზად იქნება თავის შემადგენლობაში მიგვიღოს”, - განუცხადა ახალარჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. ყოფილ დეპუტატებს.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის პირველი მოწვევის ე.წ. დეპუტატები დაეთანხმნენ გაგლოევს, რომ „რეფერენდუმის ფორმულირება არასწორია და გადასინჯვას ექვემდებარება“.

ასევე ნახეთ არ უღირთ ახლა - რატომ გადადებს რუსეთი რეფერენდუმს ცხინვალის რეგიონში

ოსური მედიის ცნობით, ასევე იყო მოსაზრებები, რომ არ არის საჭირო მეორე რეფერენდუმის ჩატარება, რადგან ამ საკითხზე დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობამ თავისი აზრი 30 წლის წინ გამოთქვა.

„1992 წელს ჩვენ მხარი დავუჭირეთ კონკრეტულ დოკუმენტს - სამხრეთ ოსეთის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას რუსეთთან გაერთიანების შესახებ. მის პირველ პუნქტში ნათქვამია: „ეთხოვოს რუსეთის ფედერაციის უმაღლეს საბჭოს, მიიღოს სამხრეთ ოსეთი მის წევრად“. და ამ დოკუმენტს არ აქვს ხანდაზმულობის ვადა“, - განაცხადა პირველი მოწვევის ე.წ. დეპუტატმა ვიაჩესლავ გობოზოვმა.

დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა კონსტანტინ კოჩიევმა დასძინა, რომ რუსეთის ოფიციალური პოზიცია რუსეთის ელჩმა დე ფაქტო რესპუბლიკაში, მარატ კულახმეტოვმა გამოაცხადა.

„აქ ყველაფერი აბსოლუტურად ნათელია. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გადავდგათ ასეთი ნაბიჯები მოსკოვის თანხმობის გარეშე. აუცილებელია რუსულ მხარესთან კონსულტაციების გამართვა და ყველა ჩვენი ქმედების კოორდინაცია“, - აღნიშნა კოჩიევმა.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. რეფერენდუმის საკითხის შეჩერება ისევ კრემლისგან მიღებული გზავნილის შედეგია, თუმცა მოსკოვი მინისაბჭოთა კავშირის აღდგენაზე უარს არასოდეს იტყვის და ამ საკითხს მხოლოდ დააკონსერვებს.

ისტორიკოსის სოსო ვახტანგაშვილის აზრით, ბიბილოვის კრემლთან შეუთანხმებელმა ქმედებებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა, რუსეთს უბიძგა, რომ ე.წ. რეფერენდუმის საკითხი გადაედო, რადგან დაძაბულობის ახალი კერის შექმნა კავკასიაში ხელს არ აძლევდა. მისი აზრით, უკრაინის საკითხის გადაჭრის შემდეგ უფრო ნათელი გახდება რუსეთის კავკასიური პოლიტიკა, მანამდე კი ცხინვალის მოქალაქეებისთვის ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებით კრემლმა ერთგვარად გადაფარა ე.წ. რეფერენდუმის გადადების საკითხი.

ასევე ნახეთ რუსეთმა ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთთან" ორმაგი მოქალაქეობა ოფიციალურად დაამტკიცა

დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 17 ივლისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთთან გაერთიანების შესახებ რეფერენდუმი დანიშნა. კითხვა ფორმალურად ასეთია: მხარს უჭერთ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის გაერთიანებას? როგორც რუსული მხარე, ასევე ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი აცხადებენ, რომ აღნიშნული კითხვის ფორმულირება არ არის სწორი.

24 მაისს პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ სიტყვა „გაერთიანება“ თავის თავში ახალი სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს, რაც არ იგეგმება და „ალბათ, საჭიროა უბრალოდ ცოტათი დაფიქრება ფორმულირებაზე იურიდიული კუთხით“. მიუღებელი სიტყვის ალტერნატივად კრემლი, სავარაუდოდ, „შეერთებას“ განიხილავს, თუმცა პესკოვი დეტალებს აღარ უღრმავდება.

ასევე ნახეთ პესკოვმა გაიმეორა, რომ რუსეთი „სამხრეთ ოსეთის“ მიერთებისკენ ნაბიჯებს არ დგამს

„ამ შემთხვევაში და ამასთან დაკავშირებით, რუსეთის მხრიდან არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა და არ იგეგმება“, - ასეთია მისი განცხადება რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით.

ალან გაგლოევმა ე.წ. რეფერენდუმის შეჩერების განკარგულების მეორე ნაწილით შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოსკოვთან ღრმა ინტეგრაციის თვალსაზრისით, კონსულტაციებს გამართავს. ამ ჯგუფს თავად ხელმძღვანელობს, მის შემადგენლობაში ასევე შედიან დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე, ე.წ. უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი, ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ასევე დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი. ამ ჯგუფის მიზანია კრემლთან დააზუსტოს ე.წ. რეფერენდუმის გამართვისა და შემდგომი ინტეგრაციის საკითხები.