Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთთან" ორმაგი მოქალაქეობა ოფიციალურად დაამტკიცა


რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის ორმაგი მოქალაქეობის შემოღების რატიფიცირების შესახებ. შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ აიღონ რუსეთის მოქალაქის პასპორტიც, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტის შენარჩუნებით.

შეთანხმების მოქმედებს ვადაა 5 წელი, შემდგომი ავტომატური გაგრძელების პერსპექტივით, იმ შემთხვევაში, თუკი მხარეები საწინააღმდეგო პოზიციას არ დააფიქსირებენ. თუკი ერთ-ერთი მხარე გადაიფიქრებს, მეორე მხარეს წერილობით უნდა შეატყობინოს 6 თვით ადრე 5-წლიანი ვადის ამოწურვამდე.

უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 კვირაში, რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო სათათბიროს რატიფიკაციისთვის წარუდგინა კანონპროექტი ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ.

19 მაისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას დაუჭირა მხარი რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ.

23 მაისს, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტმა ამ საკითხის დამტკიცებისკენ წარმომადგენელთა პალატას მოუწოდა. დამტკიცების შემდეგ კი, დოკუმენტს პრეზიდენტის ხელმოწერა ესაჭიროებოდა.

როგორც რუსეთის მედია იუწყება, რატიფიცირებული შეთანხმება უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო პორტალზე და ძალაში შედის რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან.

XS
SM
MD
LG