Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა გაამარტივა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მაცხოვრებელთათვის რუსული პასპორტების მიღება


"დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" მაცხოვრებელი რუსეთის ფედერაციის პასპორტს იღებს როსტოვის ოლქში. 2019 წ. 14 ივნისი.
"დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" მაცხოვრებელი რუსეთის ფედერაციის პასპორტს იღებს როსტოვის ოლქში. 2019 წ. 14 ივნისი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოთხშაბათს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მაცხოვრებლებს უფლებას აძლევს, გამარტივებული წესით მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა.

ისინი რუსეთის პასპორტების მიღებას შეძლებენ იმავე პროცედურით, რაც მოქმედებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, რომლებსაც მოსკოვი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად მიიჩნევს.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები ნაწილობრივ დაექვემდებარა რუსეთის ჯარების კონტროლს. საქმე ეხება ხერსონის ოლქის უდიდეს ნაწილს ოლქის დედაქალაქის ჩათვლით და ზაპოროჟიეს ოლქის ნახევარს. თავად ქალაქ ზაპოროჟიეს უკრაინა აკონტროლებს.

უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ პუტინი და რუსეთის სხვა წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ რუსეთის მიზანი არ არის უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია. მაგრამ რუსეთის ჯარების მიერ დაკავებულ რაიონებში, ქვეყნის სამხრეთში, შეიქმნა რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი ადმინისტრაციები, რომელთა ხელმძღვანელებმა დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში უნდა იქნენ მიღებული. რეგიონები მოინახულეს რუსეთის მაღალი რანგის მოხელეებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები „სამუდამოდ არიან რუსეთთან“ და ისინი „რუსეთის ოჯახში იმუშავებენ“. ამასთან, რეგიონების რაიმე ოფიციალურ სტატუსზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა უკრაინის მოქალაქეთათვის „პასპორტიზაციის ცენტრების“ მოწყობის მზადყოფნაზე.

პუტინის ბრძანებულებაში არ არის ლაპარაკი ხარკოვისა და ნიკოლაევის ოლქებზე, რომელთა ტერიტორიების ნაწილი ასევე ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ.

XS
SM
MD
LG