"თავიდანვე ითქვა, რომ ვეხმარებით ყველას, მათ შორის რუს ჯარისკაცებს" - ინტერვიუ კიევში მცხოვრებ ქართველ ექიმ მიხეილ ბერიძესთან

მიხეილ ბერიძე

ბათუმელი მიხეილ ბერიძე კიეველი ექიმია. 11 წლის წინ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რეზიდენტურა უკრაინაში გააგრძელა და როდესაც დარჩენა შესთავაზეს, უარი არ უთქვამს. ის კიევის ამოსოვის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის თანამშრომელია.

უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეს მიხეილი კლინიკაში "გადასახლდა". "40 დღე საავადმყოფოში ვიცხოვრე და სამი დღის წინ, 5 აპრილს პირველად დავიძინე სახლში", - უთხრა ქართველმა ექიმმა რადიო თავისუფლებას ინტერვიუს ჩაწერამდე.

რადიო თავისუფლება: ბატონო მიხეილ, როგორი იყო ეს 40 დღე, შეგიძლიათ დეტალების, ცალკეული დღეების აღდგენა?

მიხეილ ბერიძე: თავიდან უფრო ეიფორია იყო, კარგად ვერავინ ხვდებოდა, რა უნდა ექნა. ყველამ იცოდა, რომ უნდა გააკეთოს ერთი რამ - დაიცვას ქვეყანა, რომ ერთად დგომაა საჭირო. ეს ერთიანობა ძალიან იგრძნობოდა. ვიცოდით, რომ ბევრი პაციენტის მიღება მოგვიწევდა.

სიმართლე გითხრათ, პანიკა არ ყოფილა. თანამშრომელთა ნაწილი, რომლებიც თავისუფლები იყვნენ, [განგაშის დროს] თავშესაფარში ჩადიოდნენ. ხოლო ის ექიმები, რომლებიც რეანიმაციაში ან საოპერაციოში ვიყავით, არ მივდიოდით. ამისთვის ჩვენ მზად ვიყავით.

პერსონალის ნაწილს პალატებში ეძინა. ჩვენ საორდინატორო კაბინეტებში ვრჩებოდით. სირენების დროს კი ბუნკერებში გვეძინა პაციენტებთან ერთად.

საოპერაციოც კი ბუნკერში გვქონდა გახსნილი, ყოველი შემთხვევისთვის. იქ ოპერაციის ჩატარება არ დაგვჭირვებია, თუმცა დაბომბვის ხმების პარალელურად ოპერაცია ჩაგვიტარებია. მომზადებული ვიყავით, კიევზე თუ გადმოვიდოდა იერიში.

ეს დაძაბულობა ჯერ არ მოხსნილა. რეანიმაციის გარდა, საავადმყოფოშიც კი, ფანჯრიან პალატებშიც შუქს დღემდე არ ვრთავთ. თავდაცვის მიზნით, ხალხსაც სახლებში შუქი ისევ გამორთული აქვს. მეც ახლა სახლში რომ მივალ, შუქს ვერ ავანთებ.

რადიო თავისუფლება: ომის დროს თითქოს ყველას ამოცანები იცვლება, მათ შორის ალბათ კარდიოქირურგებისაც.

მიხეილ ბერიძე: ომის დროს ჩვენ ვიყავით არა მხოლოდ კარდიოქირურგები, არამედ ზოგადი, სისხლძარღვთა ქირურგებიც, ასევე ტრავმატოლოგებიც. ტრენინგები ჩაგვიტარდა და ზოგადი ქირურგიული ოპერაციების გაკეთებაც მოგვიწია, ჩვენ, კარდიოქირურგებმა სხვა პროფესიებიც შევითვისეთ.

მიხეილ ბერიძის კოლეგები

რადიო თავისუფლება: უფრო მეტად მშვიდობიან მოსახლეობას ეხმარებოდით თუ სამხედროებიც მოჰყავდათ?

მიხეილ ბერიძე: გვყავდა როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე სამხედროები, რომლებიც კიევიდან და შემოგარენიდან შემოჰყავდათ. ძირითადად, ახალგაზრდა პაციენტები. ასევე, არასრულწლოვანიც, რომელიც საცხოვრებელი სახლის აფეთქების შედეგად დაზიანდა. მას კიდურების ორმხრივი მოტეხილობა ჰქონდა, აორტის და არტერიის დაზიანება.

კიდევ ერთი ახალგაზრდა მეომარი მახსენდება, ალბათ 19-20 წლის იქნებოდა, რომელსაც ირპინიდან მოსახლეობა გაჰყავდა. მისი სატვირთო მანქანა ნაღმზე აფეთქდა და სისხლძარღვები დაუზიანდა. მადლობა ღმერთს, ყველა პაციენტი, რომელიც ჩვენთან მოხვდა, ახლა კარგად არიან.

სამხედროებს დამწვრობებიც ჰქონდათ, სისხლდენები, მოტეხილობებიც. ჩემი განყოფილება მწვავე პაციენტებსაც იღებს, რომლებსაც აუცილებელი, გადაუდებელი [ქირურგიული] ჩარევა სჭირდებათ. ძალიან ბევრი მწვავე ინფარქტით - ასეთი პაციენტების რაოდენობამაც მოიმატა.

რადიო თავისუფლება: მანამდე თუ გქონიათ დაჭრილების დახმარების გამოცდილება?

მიხეილ ბერიძე: მანამდე არ მქონია. ერთადერთი საქართველოში რეზერვში ყოფნის დროს და უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მასწავლეს ის, რაც ვიცოდი და მერე აქ გადაგვამზადეს.

რადიო თავისუფლება: ომის გამო რა პრობლემი ჰქონდათ უკრაინელ ექიმებს, მაგალითად, ხომ არ ყოფილა მედიკამენტების ან აპარატურის დეფიციტი, ხომ არ ქრებოდა შუქი?

მიხეილ ბერიძე: დენი სულ გვქონდა, მედიკამენტებიც. უკრაინას მთელი მსოფლიო უდგას გვერდით. ასე რომ, შემოდიოდა დახმარება.

რადიო თავისუფლება: ახერხებდით თუ არა თქვენს კოლეგებთან კომუნიკაციას მარიუპოლსა და უკრაინის სხვა ცხელ წერტილებში?

მიხეილ ბერიძე: ჩემი კოლეგებისგან ვიცი, რომ ურთულესი სიტუაცია ჰქონდათ… რომ იქ საშინელებები ხდებოდა.

მეგობარი მყავს ბუჩაში და პირველივე დღეს რომ დავურეკე, მითხრა, მეზობლების სახლები დაიწვაო, სახანძრო მანქანებიც არ მიდიან უკვეო. ორი დღის შემდეგ ისევ ველაპარაკე და რასაც თქვენ ვიდეოებზე ხედავთ, მან პირველ პირში მომიყვა. გზაზე მანქანაში ჩამწვარი ადამიანები ვნახე და იმდენად ბევრი იყვნენ, ვერც კი გაჰქონდათ ცხედრებიო.

იმ ადამიანების მანქანები იყო ჩაცხრილული, რომლებიც ქალაქიდან გასვლას ცდილობდნენ. ადამიანების ცხედრების ნაწილი ქუჩაში ეყარა, ნაწილი მანქანაში.

რადიო თავისუფლება: ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მარიუპოლში და სხვაგანაც საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინელი ექიმები დაჭრილ რუს სამხედროებსაც ეხმარებოდნენ, ეს მართალია, თქვენ შეგიძლიათ ამის დადასტურება?

მიხეილ ბერიძე: ჩვენ რუსი დაჭრილები არ გვყოლია, მაგრამ ჩვენს კლინიკაში თავიდანვე ითქვა, რომ ვეხმარებით ყველას, მათ შორის რუს ჯარისკაცებსაც. ასე რომ, ვფიქრობ, სხვა კლინიკებიც ასე იქცეოდნენ, სადაც რუსი შეიყვანეს. ექიმისთვის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს.

რადიო თავისუფლება: თქვენც პირადად ასევე მოიქცეოდით?

მიხეილ ბერიძე: იმის გამო, რასაც ისინი სჩადიან, არანაირ დახმარებას არ იმსახურებენ, მაგრამ როგორც ექიმი, ვალდებული ვარ, დავეხმარო.

რადიო თავისუფლება: რას ნიშნავს იყო ექიმი მაშინ, როცა ომია?

მიხეილ ბერიძე: ექიმი ყოველთვის ექიმი უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა, ომია თუ არა. ადამიანების დახმარებას ყოველთვის უნდა ცდილობდეს. ომის დროს ექიმს უფრო მეტი ვალდებულება აკისრია, ეს მან თავიდანვე უნდა გაითავისოს, რომ ჩვეულ რეჟიმში ვერ იმუშავებს და ამისთვის მზად უნდა იყოს.

რადიო თავისუფლება: ოჯახის წევრებთან დალაპარაკებას თუ ახერხებდით?

მიხეილ ბერიძე: მე დაოჯახებული არ ვარ. მშობლები და ძმა ბათუმში მყავს და ინტერნეტის საშუალებით ვუკავშირდებოდი. ვცდილობდი, მათ ყველა ზარზე მეპასუხა, რომ არ ენერვიულათ და როცა დაკავებული ვიყავი, წინასწარ ვაგებინებდი, რომ ცოტა ხანი ხაზზე ვერ ვიქნებოდი.

აქ და საქართველოში მცხოვრებმა ბევრმა მეგობარმა დამირეკა ომის პირველივე დღეს, წასასვლელად ბილეთები რომ შეიძინეს, ჩემთვისაც უყიდიათ, მაგრამ მე აქ დარჩენა გადავწყვიტე.

ამოსოვის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის ექიმები

რადიო თავისუფლება: რა ვითარებაა ახლა კიევში?

მიხეილ ბერიძე: ბოლო ერთი კვირაა, რაც შედარებით დამშვიდდა სიტუაცია, რადგან რუსეთმა კიევის შემოგარენიდან ჯარი გაიყვანა. ავტომობილები უფრო მეტად მოძრაობს, მაღაზიებთან დიდი რიგები აღარ არის და არც პროდუქტის ნაკლებობაა.

მაშინ ცარიელი იყო ქალაქი. ერთი-ორი მანქანა თუ მოძრაობდა, ისიც სამხედრო ტექნიკა, იყო ბარიკადები. კიევში ხალხი უბრუნდება სახლებს, მაგრამ მაინც ფრთხილად, არავის ჩემოდანი არ ამოულაგებია.

სამწუხაროდ, სირენების ხმა ისევ ისმის, მაგრამ არა ისეთი სიხშირით, როგორც ადრე. ქალაქი თითქოს უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მაგრამ დაძაბულობა მაინც იგრძნობა, რადგან არის მოლოდინი, რომ შეტევები შეიძლება ისევ განმეორდეს.