Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდა ბუჩასთან ახლოს და ვინ ჩაუსაფრდა რუს ჯარისკაცებს?


გაზეთი „ნიუ იორკ ტაიმსი“ ირწმუნება, რომ დადგენილია ვიდეოს ავთენტურობა, რომელიც სოციალურ ქსელებში 4 აპრილს გავრცელდა და სადაც სავარაუდოდ, ჩანს, როგორ დახოცეს უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ჯარისკაცები. კადრში ჩანს რომ ერთ-ერთ სამხედროს ხელები ზურგს უკან აქვს შეკრული და ტყვია თავში აქვს ნასროლი.

ტელეგრამის არხებით გავრცელებულ ვიდეოში ასევე ჩანს, რომ სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედრო იარაღს ესვრის რუს ჯარისკაცს, რომელიც დაჭრილია, თავზე სამხედრო ქურთუკი აქვს წაფარებული და ასფალტზე წევს. კადრში ისმის ხმა: „ისევ ცოცხალია. გადაიღე ეს მაროდიორები. შეხედე, ისევ ცოცხალია. ხროტინებს“. სამხედრო, რომლის არც სახე და არც სილუეტი კადრში არ ჩანს, დაჭრილ ჯარისკაცს ორჯერ ესვრის ცეცხლსასროლ იარაღს (კადრში ჩანს, მხოლოდ იარაღის ლულა), თუმცა, ჯარისკაცი კვლავ მოძრაობს. ამის შემდეგ სამხედრო კიდევ ერთხელ ისვრის მისი მისამართით. ჯარისკაცი წყვეტს მოძრაობას.

ყველა რუს სამხედროს, რომელიც ვიდეო-კადრების თანახმად, დახოცილები არიან, აცვიათ სამხედრო კამუფლაჟები. სამს უკეთია თეთრი სამკლაური, რომელსაც რუსული შეიარაღებული ძალები ატარებენ. თითოეული ჯარისკაცის თავთან, ასფალტზე, დიდი რაოდენობით სისხლია დაღვრილი.

ასფალტზე დაყრილი ჯარისკაცებიდან რამდენიმე მეტრში დგას საბრძოლო სადესანტო მანქანა BMD-2, რომელსაც რუსული საჰაერო სადესანტო ნაწილები იყენებენ. გზაზე ასევე ჩანს კიდევ ერთი განადგურებული საბრძოლო მანქანა.

„ნიუ იორკ ტაიმსის“ ცნობით, ვიდეო გადაღებულია კიევის დასავლეთით, სოფელ დმიტრივკას ჩრდილოეთით მდებარე გზაზე, რამდენიმე კილომეტრში ქალაქ ბუჩიდან, საიდანაც 3 აპრილს, გავრცელდა ინფორმაცია და კადრები ასობით დახოცილი და ნაწამები მშვიდობიანი მოქალაქის, მასობრივი სამარხებისა და გაუპატიურებების შესახებ.

როგორც „ნიუ იორკ ტაიმსის“ ჟურნალისტი, ევან ჰილი სტატიაში წერს, სოფელ დმიტრივკას გზაზე რუსი სამხედროები, სავარაუდოდ, დახოცეს 30 მარტს, ჩასაფრებისას, როდესაც რუსულ არმიას თავისი შენაერთები გაჰყავდა კიევის დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქებიდან, იმ ქალაქებიდან, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ბრძოლის ველად იყო ქცეული და რომლებიც რუსულმა არმიამ მიწასთან გაასწორა.

რუსული სამხედრო კოლონების განადგურების შესახებ ინფორმაცია 2 აპრილს გაავრცელა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომაც. უწყებამ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით: „უკრაინელი დამცველების იუველირული ნამუშევარი“.

4 აპრილს გავრცელებულ ვიდეოში, რომლის შესახებაც „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს, რომ ის ავთენტურია, ჩანან უკრაინული მხარის მებრძოლები. ერთ-ერთი მებრძოლი, კამერაში მიმართავს რუს სამხედროებს: „ნუ მოდიხართ ჩვენს მიწაზე“.

ვიდეოში ასევე ისმის შეძახილი „სლავა უკრაინე“, რომელსაც ეპასუხება ერთ-ერთი მებრძოლი,„გეროიამ სლავა“ და როდესაც ეს მებრძოლი კადრიდან გადის, კაცი, რომელიც ვიდეოს იღებს, ამბობს „ქართველები“.

რუსული მედიისა და რუსული ტელეგრამ-არხის -„ოპერატიული ინფორმაციის“ თანახმად, მოხერხდა კადრებში გამოჩენილი ორი მებრძოლის იდენტიფიცირება და ერთ-ერთი მათგანი 35 წლის თეიმურაზ ხიზანიშვილია ხმელნიცკის ოლქიდან.

ამ მებრძოლის შესახებ წერს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, ელიოტ ჰიგინსი და აქვეყნებს სამხედროს ორ ფოტოს მინაწერით: „Microsoft Azure-მა აჩვენა მსგავსების ძალიან მაღალი ალბათობა. ახლა გასარკვევია, ვინ არის ის“.

ელიო ჰიგინსის ტვიტს, ტექსტურ და ფოტო კომენტარს ურთავს „ნიუ იორკ ტაიმსის“ ჟურნალისტი, ევან ჰილი და წერს: „ერთ-ერთი მებრძოლი ჰგავს ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინელი პოლიტიკოსის მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებას 2017 წელს, საპროტესტო აქციების დროს. სავარაუდო მსგავსება დაადგინა სახის ამომცნობმა პროგრამამ“.

რადიო თავისუფლება შეეცადა პირადად გასაუბრებოდა ქართველ მებრძოლს, რომელსაც რუსული ტელეგრამ არხები „თეიმურაზ ხიზანიშვილად“ მოიხსენიებენ. ველაპარაკეთ უკრაინაში მებრძოლ რამდენიმე ქართველ მოხალისეს სხვადასხვა საბრძოლი დანაყოფიდან, თუმცა, ყველა მათგანი გვეუბნება, რომ არ იცნობენ პირს, რომელიც კადრებში ჩანს და შესაბამისად, მასთან არ აქვთ არანაირი კომუნიკაცია.

რუსული ტელეგრამ-არხი წერს, რომ თეიმურაზ ხიზანიშვილი მოხალისეთა ბატალიონის, „ქართული ლეგიონის“ წევრია.

ამ ინფორმაციას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კატეგორიულად უარყოფს მამუკა მამულაშვილი, „ქართული ლეგიონის“ მეთაური და გვეუბნება:

„მასთან არანაირი შეხება არ გვაქვს და არ ვიცი, ვინ არის. მის შესახებ თავდაპირველად რუსულმა მედიამ დამირეკა და მკითხა. არ ვიცი, ეს ადამიანი ვინ არის“.

მამუკა მამულაშვილმა 4 აპრილს გავრცელებული ვიდეოს შესახებ კომენტარი მისცა კრემლის კრიტიკოსის, ემიგრაციაში მცხოვრები ყოფილი ოლიგარქის, მიხაილ ხოდორკოვსკის ონლაინ-პლატფორმას, „ხადარკოვსკი LIVE“-ს.

ჟურნალისტის კითხვას, „რუს ჯარისკაცებს ხელები შეკრული ჰქონდათ, ანუ, სამხედროებს ჰქონდათ არჩევანი ან მოეკლათ ისინი, ან დაეტოვებინათ ტყვეობაში“, მამუკა მამულაშვილი ასე პასუხობს: „იცით, სამი თვის განმავლობაში მე თავად ვიყავი რუსულ ტყვეობაში და ვნახე, როგორ კლავენ ხელებშეკრულ ქალებსა და ბავშვებს. ასე რომ, თქვენ ფიქრობთ, რომ ტოლერანტულად უნდა მოვეპყროთ იმ რუს სამხედროებს, რომლებიც ამას აკეთებენ?“.

ამ პასუხის შემდეგ ჟურნალისტი კვლავ უსვამს მას კითხვას: „რა მომენტში გახდა თქვენთვის გასაგები, რომ გარკვეულ გარემოებებში, რუს სამხედროებს ტყვედ არ აიყვანენ“?

მამუკა მამულაშვილი ჟურნალისტს ეუბნება: „მე ახლა „ქართულ ლეგიონზე“ გეუბნებით, ჩვენ რუს ჯარისკაცებს, არავითარ შემთვევაში არ ავიყვანთ ტყვედ, ისევე როგორც კადიროველებს. არცერთი ადამიანი ტყვედ არ ჩავარდება“.

რაკი მამუკა მამულაშვილის ეს კომენტარი გარკვეული ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა, მას რადიო თავისუფლებამ დამატებითი განმარტება სთხოვა:

„რას გულისხმობდით, როდესაც თქვით, რომ ხელებშეკრულ რუს სამხედროებს „ტოლერანტულად ვერ მოეპყრობით“ და „ქართული ლეგიონი“ რუს ჯარისკაცებს არ აიყვანს ტყვედ“?

მამუკა მამულაშვილი გვპასუხობს:

მამუკა მამულაშვილი
მამუკა მამულაშვილი

„აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ, „ქართული ლეგიონი“, ყველა ტყვეს გადავცემთ უკრაინულ მხარეს. რომ იგულისხმებოდეს ჩემს ნათქვამში, რომ ვიღაცას ვკლავთ, პირდაპირ ვიტყოდი, რომ ტყვეებს ვხვრეტთ. უბრალოდ ინტერვიუს დროს ამოიგლიჯა მთელი კონტექსტი და ამის შესახებ ჟურნალისტს მივწერე კიდეც. მე ინტერვიუში აღარ დავაკონკრეტე, რომ ჩვენ არ აგვყავს ტყვეები და მათ პირდაპირ გადავცემთ უკრაინულ მხარეს. ჩვენ ტყვეებს ვამისამართებთ უკრაინულ მხარესთან. მათ შეეძლოთ ეკითხათ, რას ვუშვრებით ტყვეებს, მაგრამ ეს კითხვა აღარ დამისვეს“.

მამუკა მამულაშვილი იმასაც ამბობს, რომ მისთვის გასაგები შეიძლება იყოს უკრაინელი სამხედროების „ემოციები“, როდესაც ისინი რუს სამხედროებს პირისპირ ხვდებიან და ეს ემოციური ფონი გათვალისწინებული უნდა იყოს საერთაშორისო სამართალში, როდესაც ომის დანაშაულზე შეიძლება დაიწყოს მსჯელობა:

„ამ სამხედროებმა შეიძლება რამდენიმე საათის წინ ნახეს ხელფეხშეკრული და დახოცილი ბავშვები, რომლებიც გააუპატიურეს რუსებმა. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანური რეაქციაა და ემოციებს ომში ვერ გამორიცხავ. თუკი ეს მართლა ისე მოხდა, როგორც 4 აპრილის ვიდეოშია ასახული, არავითარ შემთხვევაში არ გავამტყუნებ მათ. სახლში შეუვარდნენ ხალხს, 10 წლის ბავშვები გაუუპატიურეს, დაუხოცეს და რას ელოდებიან, რომ მათ ტყვეებს გაუფრთხილდებიან? ეს ხომ სისულელეა. ემოციური ფონი ძალიან მაღალია და ეს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული საერთაშორისო სამართალში. 30 წელია ომში ვარ და ასეთი სისასტიკე ჯერ არ მინახავს. ბავშვებს ხელები და ფეხები შეუკრან, გააუპატიურონ და მერე მოკლან, მე ასეთი რამ არ მინახავს“, - უთხრა მამუკა მამულაშვილმა რადიო თავისუფლებას.

4 აპრილს გავრცელებული ვიდეოსა და შესაძლო ომის დანაშაულის შესახებ 7 აპრილს, BBC-სთან გააკეთა კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა მაქსიმალურად მტკიცედ იცავს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მათ შორის, ჟენევის კონვენციას სამხედრო ტყვეებთან მიმართებაში, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ ცხადია, ინტენსიური საომარი მოქმედებების პირობებში, შესაძლოა მოხდეს გარკვეული ინციდენტების პროვოცირებაც:

მიხაილო პოდოლიაკი
მიხაილო პოდოლიაკი

"ამასთანავე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსული არმიის მიერ ომის წესებისა და კანონების სრული იგნორირება, უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობები და განზრახ შეურაცხყოფა, რასაც უკვე აქვს დოკუმენტირებული სახე, უკრაინის საზოგადოებასა და შეიარაღებულ ძალებში ქმნის გარკვეულ ემოციურ ფონს. რუსეთი უტევს ჩვენს შვილებს, ქალებს, ხანდაზმულებს და რა თქმა უნდა, არ შეიძლება, რომ ეს არ იწვევდეს უკრაინელის სამხედროების საპასუხო რეაქციას. ამიტომ, პირველ რიგში, მსგავსი ინციდენტები საჭიროებს ზუსტ გამოძიებას მოტივებისა და გარემოებების გამოსავლენად. და მეორე, რუსეთმა უარი უნდა თქვას ანტიუკრაინული გენოციდის პროპაგანდაზე და დააბრუნოს თავისი არმია ომის წესებისა და კანონების ჩარჩოებში".

ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროებისა და უკრაინული მხარის მიერ მათდამი მოპყრობის წესებსა და ჩარჩოებზე, ერთი თვის წინ, 5 მარტს გაავრცელა ვიდეო-მიმართვა პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა.

მისი თქმით, უკრაინული არმია ევროპული არმიაა და მოუწოდებს სამხედროებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისთვის გასაგებია სამხედროების ემოციები, მაქსიმალურად დაიცვან ტყვეთა უფლებები. არსეტოვიჩი შეახსენებს უკრაინელ სამხედროებს, რომ ჟენევის კონვენციის დარღვევის შემთხვევაში, ომის დანაშაულის ბრალდება უკრაინასაც შეიძლება წაუყენონ, რაც ქვეყანას მძიმე სიტუაციაში ჩააგდებს და რაც ასევე იმოქმედებს დასავლელი პარტნიორების გადაწყვეტილებებზე უკრაინის სასარგებლოდ:

ალექსი არესტოვიჩი
ალექსი არესტოვიჩი

„კატეგორიულად აკრძალულია ტყვეების მიმართ ბარბაროსული მოპყრობა. აგიხსნით რატომ, ჩვენ სინათლის მებრძოლები ვართ, ჩვენ არ ვართ ფაშისტები. მეორე, ჩვენი დასავლელი პარტნიორები, საერთაშორისო თანამეგობრობა, უკიდურესად ნეგატიურად რეაგირებს მსგავს ფაქტებზე. პატარა ვიდეოები, რომლებიც ვრცელდება და სადაც ასახულია დაკითხვის დეტალები, ყელთან მიბჯენილი დანით, მუქარით, იცოდეთ, რომ პირველ რიგში, ამით ირღვევა ჟენევის კონვენცია და მეორე, ამით თქვენ აძლიერებთ დასავლეთში იმ ადამიანების არგუმენტებს, რომლებიც ამბობენ, რომ აი, უკრაინა არღვევს ჟენევის კონვენციას, სჩადის ომის დანაშაულს და ა.შ. და ამის საფუძველზე, დასავლური ქვეყნების ხელისუფლებებს უკვე გაუჩნდებათ კითხვები, აბა, როგორ დაგეხმაროთ, ძნელი იქნება. ჩვენთან მოქმედებს ძლიერი პოლიტიკური ფაქტორი, ძლიერი ჰუმანური და მორალური ფაქტორი, მოქმედებს ასევე ძლიერი იურიდიული ფაქტორი და ამ ფაქტორების გათვალისწინებითა და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ადამიანებად უნდა დავრჩეთ, მაქსიმუმ, რაც შეიძლება ვკითხოთ ტყვეებს ჟენევის კონვენციის გათვალისწინებით, ეს არის სამხედროს დანაყოფის ნომერი, სახელი და გვარი და შემდეგ უკვე სპეციალური ორგანოები გააგრძელებენ მუშაობას. მოდით, დავრჩეთ ადამიანებად და ნუ ჩავაყენებთ ცუდ მდგომარეობაში ნურც საკუთარ თავებსა და ნურც ქვეყანას. გახსოვდეთ, რომ უკრაინაში მუშაობს პროკურატურა. ომის დანაშაულის ბრალდება შესაძლოა წაუყენონ უკრაინასაც. არ გვინდა ჩვენ ამ პოზიციაში აღმოჩენა. ჩვენ ამ პოზიციაში არ უნდა აღმოვჩნდეთ. მოდით, დავრჩეთ ევროპულ არმიად, რომელიც აწარმოებს ევროპულ ომს“, - მოუწოდა ალექსი არესტოვიჩმა უკრაინელ სამხედროებს.

მარტის შუა რიცხვებში, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, Human Rights Watch-მა და Amnesty International-მა გააკრიტიკეს უკრაინის ხელისუფლება ტყვეთა ვიდეოების გამოქვეყნებისთვის. მათი განცხადებით, არ არის გამორიცხული რომ რუს ჯარისკაცებს კამერის წინ ჩვენებების მიცემას აიძულებენ. ორგანიზაციების განცხადებით, ზოგიერთ ვიდეოში მათ ღიად ამცირებენ და აშინებენ. უფლებადამცველებმა მოუწოდეს უკრაინას, შეეწყვიტათ ვიდეოების გამოქვეყნება. მათი განმარტებით, მსგავსი მოპყრობა არღვევს ჟენევის კონვენციას სამხედრო ტყვეების დაცვის შესახებ.

უკანასკნელი დღეებია, უკრაინული ძალების მიერ გათავისუფლებული კიევის ოლქის ქალაქებიდან, ბუჩიდან, ირპენიდან, გოსტომელიდან და სხვა პატარა ქალაქებიდან, ვრცელდება ინფორმაცია და კადრები, რომელიც აღწერს, თუ რა მდგომარეობაში დატოვეს ქალაქები რუსმა სამხედროებმა. ქალაქებში შესულ უკრაინულ ძალებსა და დაბრუნებულ ადგილობრივებს, შემაძრწუნებელი სურათი დახვდათ. ქუჩებსა და თავშესაფრებში დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის, ნაწამები, ხელებშეკრული ქალებისა და ბავშვების რაოდენობა ასეულებს აღწევს. ამ დრომდე მიმდინარეობს მიწასთან გასწორებული ქალაქების ნანგრევებში დაღუპულების ძიების პროცესი.

უკრაინის გენერალურ პროკურატურას უკვე დაწყებული აქვს გამოძიება უკრაინაში ომის დანაშაულის ფაქტებზე. გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა თავად ჩავიდა კიევის ოლქის ქალაქებში და პირადად ელაპარაკა მოწმეებსა და მსხვერპლებს: "ჩვენ ამ ინფორმაციის შეგროვება 24 თებერვლიდან დავიწყეთ, ჩვენ ვერ დავკარგავთ დროს და ვერ დაველოდებით, რადგან ეს გრძელი პროცესი იქნება", - უთხრა ბუჩაში ჩასულმა ვენედიქტოვამ ჟურნალისტებს.

რუსული მხარე უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG