„რა უნდა უყოს რუსეთმა უკრაინას?“ - ამ სათაურით რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ვებსაიტზე გამოქვეყნებული სტატია (ავტ. ტიმოფეი სერგეიცევი), მორიგი რუსული მილიტარისტული პროპაგანდისტული ტექსტი როდია. ავტორი ღიად საუბრობს ვლადიმირ პუტინის 2022 წლის 22-24 თებერვლის სატელევიზიო გამოსვლების ძირითადი თეზისების პრაქტიკული განხორციელების გზებისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის სამხედრო-პოლიტიკური მიზნების შესახებ, რაც, თავის მხრივ, გასაგებს ხდის რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედების ტაქტიკას უკრაინაში:
- დაბომბოს და გაანადგუროს როგორც სამხედრო ინფრასტრუქტურა, ასევე სამოქალაქო ობიექტები და საცხოვრებელი კვარტლები
- დახოცოს როგორც მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის, ქალები და ბავშვები
- დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაიტაცოს და გაანადგუროს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები
თუ 24 თებერვალს გაუგებარი იყო, რას ნიშნავდა პუტინის მიერ გამოცხადებული „უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია“, „რია ნოვოსტის“ სტატია ამ საკითხსაც ჰფენს ნათელს, რადგან საუბარია როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების, ასევე მთლიანად უკრაინის სახელმწიფოს გაუქმებაზე, დეუკრაინიზაციაზე. სტატიას საფუძვლად უდევს დაშვება, რომ რაც უკრაინულია, ის ნაცისტურია და, შესაბამისად, უნდა განადგურდეს.
რუსი სოციოლოგისა და ისტორიკოსის, ნიკოლაი მიტროხინის თქმით, რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სახელმწიფო რესურსზე გამოქვეყნება ამ ტექსტს რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური დეკლარაციის ხარისხს ანიჭებს.
„ესაა მკაფიო განცხადება იმისა, რომ რუსულად დენაციფიკაცია ნიშნავს დეუკრაინიზაციას და უკრაინის პოლიტიკური კლასისა და უკრაინის დამცველი ნებისმიერი შეიარაღებული ფორმირების განადგურებას, ფაქტობრივად, ეს ნიშნავს გენოციდის პოლიტიკის გამოცხადებას“, - ამბობს რუსი მეცნიერი.
გამოცხადებული გენოციდის პროგრამა
სტატიის მიხედვით, „დენაციფიკაციის“ პროცესი უნდა შეეხოს არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებას ან მის ნაწილს, არამედ ხალხს, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, რომელიც „ტექნიკურად ვერ დაექვემდებარება, სამხედრო დამნაშავეების მსგავსად, პირდაპირ დასჯას“.
ამასთან, ირიბი დასჯა, როგორც სტატიიდან ირკვევა, უკვე დაწყებულია, რადგან ავტორი მიიჩნევს, რომ „მოსახლეობის ამ ნაწილის სამართლიანი დასჯა შესაძლებელია ნაცისტური სისტემის წინააღმდეგ წარმოებული სამართლიანი ომის გარდაუვალი სიძნელეების ატანით“.
სტატიის ამ ნაწილზე დაყრდნობით, მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის პროფესორი, ენათმეცნიერი ჰასან ჰუსეინოვი ამბობს, რომ პასუხი გაეცა ქალაქ ბუჩაში მაროდიორობისა და ხოცვა-ჟლეტის შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას: „რატომ?“
„ისინიც კი, რომლებსაც სჯერათ, რომ "რუს ჯარისკაცს არ შეეძლო ამის გაკეთება", მუდმივად კითხულობენ, რატომ! და თუკი ასკვნიან, რომ ამის საჭიროება არ იყო, მაშინ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, საერთოდ უარყოფენ სისასტიკის ფაქტს. რა თქმა უნდა, რუსი პროპაგანდისტები და ომის მეხოტბეები ავტომატურად ყველაფერში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებენ, მაგრამ აქ, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ჩნდება მეორე რიგის დოკუმენტი. ცირკულარი, რომელიც ყველაზე შეუფერებელ მომენტში გამოდის და უდავოდ მოწმობს, რომ ბუჩაში მომხდარი არა ე.წ. „რუსული არმიის თვითშემოქმედებაა“, არამედ - პირდაპირ იდეოლოგიური ინსტრუქციის აღსრულება“, - ამბობს ჰუსეინოვი.
სტატია-ცირკულარში შემაძრწუნებლად პრაგმატულად არის გაწერილი უკრაინის მოსახლეობის დასჯის, გამოსწორებისა და ხელახლა აღზრდის ვადები და საშუალებები:
- მოსახლეობის შემდგომი დენაციფიკაცია მოიცავს ხელახალ აღზრდას, რაც მიიღწევა იდეოლოგიური რეპრესიით და მკაცრი ცენზურით არა მხოლოდ პოლიტიკის, არამედ კულტურისა და განათლების სფეროებში
- დენაციფიკაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ გამარჯვებულის მიერ, რაც გულისხმობს (1) მის აბსოლუტურ კონტროლს დენაციფიკაციის პროცესზე და (2) ძალაუფლებას, რომელიც უზრუნველყოფს ასეთ კონტროლს. ამ მხრივ, დენაციფიცირებული ქვეყანა არ შეიძლება იყოს სუვერენული
- დენაციფიკაციის ვადები არანაირად არ შეიძლება იყოს ნაკლები ერთ თაობაზე, რომელიც უნდა დაიბადოს, გაიზარდოს და მომწიფდეს დენაციფიკაციის პირობებში
პუნქტებად არის ჩამოყალიბებული რუსეთის ბოლო წლების ყველა კრიმინალური საგარეო-პოლიტიკური აქტივობის არსი და გამართლება. სტატია იძლევა მკაფიო წარმოდგენას იმაზე, თუ რა სურს კრემლს სინამდვილეში და როგორ ამართლებს თავის ქმედებებს უკრაინაში, რომ უკრაინა უნდა განადგურდეს როგორც ერი და როგორც სახელმწიფო, რაც გულისხმობს სახელწოდება „უკრაინის“ აღმოფხვრას და ქვეყნის დაქუცმაცებას ცალკეულ „სახალხო რესპუბლიკებად“:
- სახელწოდება „უკრაინა“ არ შეიძლება შენარჩუნდეს
- დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე შეიქმნება სახალხო რესპუბლიკები, რომლებიც ისარგებლებენ ეკონომიკური თვითმმართველობისა და სოციალური უზრუნველყოფის უფლებით
- არანაირი „მარშალის გეგმები“ ამ ტერიტორიებზე არ დაიშვება
- არანაირი „ნეიტრალიტეტი“, იდეოლოგიური და პრაქტიკული გაგებით, არ შეიძლება არსებობდეს: შეუძლებელია, ამ ტერიტორიაზე რამე ორგანიზაცია არ ეყრდნობოდეს რუსეთის ძალისმიერ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას
- დენაციფიკაცია გარდაუვალად ნიშნავს დეუკრაინიზაციას
- საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, უკრაინა, როგორც ისტორიამ აჩვენა, შეუძლებელია შედგეს ეროვნულ სახელმწიფოდ. მისი „მშენებლობის“ მცდელობა ბუნებრივად იწვევს ნაციზმს
- უკრაინიზმი ხელოვნური ანტირუსული კონსტრუქციაა, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ცივილიზაციური შინაარსი
- ბანდერას ელემენტი მხოლოდ შირმა და ნაცისტური უკრაინის ევროპული პროექტის შენიღბვაა, ამიტომ უკრაინის დენაციფიკაცია მისი გარდაუვალი დეევროპეიზაციაც არის
- ბანდერელების ზედაფენა უნდა განადგურდეს, მისი ხელახალი აღზრდა-გადაკეთება შეუძლებელია
- დენაციფიკაციისთვის აუცილებელია მოსახლეობის მიმხრობა, რუსეთის მხარეს გადასვლა. საჭირო იქნება გარკვეული დრო, რათა ხალხი გონს მოეგოს ომის საშინელებებისაგან და დარწმუნედეს რუსეთის გრძელვადიან განზრახულობაში, რომ „მათ არ მიატოვებენ“
- „კათოლიკური პროვინცია“ (დასავლეთი უკრაინა ხუთი რეგიონის შემადგენლობით) ნაკლებად სავარაუდოა, რომ გახდეს პრორუსული ტერიტორიების ნაწილი, თუმცა გამყოფი ხაზი ემპირიულად გაივლება. დარჩება რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი, მაგრამ იძულებით ნეიტრალური და დემილიტარიზებული უკრაინა ფორმალურად აკრძალული ნაციზმით. ამ ნარჩენი უკრაინის ნეიტრალურ სახელმწიფოში შენარჩუნების გარანტია უნდა იყოს სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებელი გაგრძელების საფრთხე. შესაძლოა, ამას დასჭირდეს რუსეთის მუდმივი სამხედრო ყოფნა მის ტერიტორიაზე.
- უკრაინაში ნებისმიერი სამხედრო ფორმირების, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების ლიკვიდაცია
- რუსეთის საინფორმაციო სივრცის ინსტრალაცია
- არსებული სასწავლო მასალებისა და ყველა დონის საგანმანათლებლო პროგრამის აკრძალვა
- უკრაინის დენაციფიკაციის გეგმის პრაქტიკაში განსახორციელებლად, რუსეთს მოუწევს საბოლოოდ დაშორდეს პროევროპულ და პროდასავლურ ილუზიებს, გაიაზროს თავი ისტორიული ევროპის იმ ფასეულობათა დაცვისა და შენარჩუნების უკანასკნელ ინსტანციად, რომელზეც დასავლეთმა საბოლოოდ თქვა უარი
აღიარებითი ჩვენება
„დავანაწევრებთ უკრაინას, ავკრძალავთ „უკრაინის“ ხსენებას, დავაწესებთ ცენზურას, გავაუქმებთ უკრაინულ ენასა და სახელმძღვანელოებს“, - როგორც ჩანს, ასეთია რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების გეგმა, რომელსაც ზოგიერთი მიმომხილველი რუსეთის ხელისუფლების აღიარებით ჩვენებასაც უწოდებს.
„უკრაინის დენაციფიკაციაზე ლაპარაკობენ, მაგრამ სინამდვილეში თვითონ რუსეთის საზოგადოებასა და მის მმართველ ელიტას სჭირდება დენაციფიკაცია. რუსეთში არიან ნორმალური ადამიანებიც, რომლებსაც ეს ყველაფერი ზარავთ (ეს არ არის ზოგადად რუსული გენეტიკური ავადმყოფობა), მაგრამ რუსეთში ნამდვილად არის გარკვეული იდეოლოგიური საწამლავი, რომელიც ყოველთვის ძლიერად მოქმედებდა და ამჟამადაც მოქმედებს იქაურ საზოგადოებაზე“, - ამბობს ისტორიკოსი, რუსეთის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი, დავით დარჩიაშვილი, რომლის თქმითაც, რუსეთის მმართველ ელიტაში სულ არსებობდა მოსაზრება, რომ უკრაინა ხელოვნური წარმონაქმნია, რომ უკრაინელები რუსები არიან და რომ დასავლეთმა ჩაუნერგა ზოგიერთ უკრაინელს, რომ უკრაინელები ცალკე ხალხია და, რომ დასავლეთი მუშაობს რუსი ერის გაყოფაზე და ა.შ.
„საბჭოთა კავშირის დროსაც ბევრი იწერებოდა ამაზე, მანამდე საუკუნეები მიმდინარეობდა უკრაინელების რუსიფიკაცია და ბოლოს მოვედით პუტინის წერილებამდე და შემდეგ ომამდე, სისხლისღვრამდე, რომელიც გენოციდური განზრახვების სახეს იღებს. ამას ვერ დავარქმევთ უბრალო იმპერიალიზმს. იმპერიები ისე იქმნებოდა, რომ ერების ასიმილაცია და გენოციდი ყოველთვის არ ხდებოდა. ეს რაღაც კატასტროფული ფორმაა. სრული განადგურება უნდა ერის. 21-ე საუკუნის ღირებულებებიდან გამომდინარე, არ შეიძლება ლაპარაკი მხოლოდ პოლიტიკურ და სამხედრო მიზნებზე. ეს არის რაღაც მახინჯი იდეოლოგიური მიზანი, რომ მეზობელი ქვეყანა არ არსებობდეს. აქამდე მიიყვანა საქმე ილინებისა და დუგინების კითხვამ. შეიძლება რაღაც ბავშვობის ტრავმებიც იყოს. საქმე გვაქვს ავადმყოფობასთან, რომელსაც ასხივებს ეს კაცი“, - ამბობს დავით დარჩიაშვილი.
რაც შეეხება „რია ნოვოსტიში“ გამოქვეყნებული წერილის (როგორც ერთმა რუსმა მიმომხილველმა უწოდა - „რუსული ფაშიზმის მანიფესტის“) ავტორს. რუსეთის პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებში ტიმოფეი სერგეიცევი ცნობილია, როგორც პოლიტტექნოლოგი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდა რუსი მილიარდერისა და პოლიტიკოსის, მიხაილ პროხოროვისა და უკრაინის გაქცეული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მსგავს პროკრემლისტურ პროექტებზე. 2000-იანი წლების დასაწყისიდან ტიმოფეი სერგეიცევი ახმოვანებს პუტინის აწ უკვე საყოველთაოდ ცნობილ თეზისებს უკრაინის შესახებ. ლაპარაკია უკრაინის „გარედან მართვაზე“, „სამოქალაქო ომზე“; დეკომუნიზაციისა და დესოვიეტიზაციის შედეგების მინიშნებებზე ტერიტორიების დაკარგვის სახით და ა.შ. ასევე დიდია მისი ძალისხმევა უკრაინის, როგორც „რუსეთზე გავლენის იარაღის“ დამკვიდრების საქმეში. ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ სერგეიცევმა იწინასწარმეტყველა „ლიმონის რევოლუცია“, რომლითაც იულია ტიმოშენკოს უნდა ექცია უკრაინა „სრულ მარიონეტულ სახელმწიფოდ“.
ამასთან, როგორც მისი კოლეგები ამბობენ, სერგეიცევი არ არის ისეთი შეშლილი ფანატიკოსი, როგორიც, მაგალითად, დუგინი ან გლაზიევია. ნამდვილი ინტელექტუალი და პროფესიონალი პოლიტტექნოლოგია, აბსოლუტურად ცინიკური, რომელსაც დამკვეთის მონუსხვა შეუძლია, დამკვეთი კი, ამ შემთხვევაში, როგორც რუსი მიმომხილველები შენიშნავენ, რუსეთის ხელისუფლების სულ ზემოთა „ეშელონია“.
ალბათ, შემთხვევით არ არის, რომ ამ დღებში უკრაინის შესახებ ასევე გამოაქვეყნა წერილი რუსეთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა, რომლის ლექსიკა და იდეები დიდად არ განსხვავდება „რია ნოვოსტის“ „რუსული ფაშიზმის მანიფესტისგან“.
„ნაცისტი უკრაინელებისთვის გაკვეთილი იქნება არა მხოლოდ მიმდინარე სპეცოპერაცია, არამედ ეპიზოდები დიდებული წარსულიდან. მაგალითად, როდესაც პაველ სუდოპლატოვმა გაანადგურა ნაციონალისტი ევგენ კონოვალეცი, როდესაც ტკბილეულის მოყვარულს როტერდამში თავაზიანად გადასცა კანფეტების ყუთი, რომელშიც ბომბი იდო - "აი, შენთვის საჩუქარი კიივიდან". ნაცისტი დამნაშავეებისთვის კიდევ ბევრი ასეთი "საჩუქარი" იქნება!“, - ამბობს დმიტრი მედვედევი, რომელიც თავის წერილს ასე ამთავრებს:
„რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მტკიცედ დაისახა მიზნად უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია. ეს რთული ამოცანები ერთდროულად არ ხდება და ისინი არ გადაწყდება მხოლოდ ბრძოლის ველზე. უკრაინელების ნაწილის სისხლიანი და ცრუ მითებით სავსე ცნობიერების შეცვლა უმთავრესი მიზანია. მიზანია თავად უკრაინელების მომავალი თაობების მშვიდობა და შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ ავაშენოთ ღია ევრაზია - ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე“.
ლისაბონის ხსენებით რუსეთი ირიბად ევროპასაც ემუქრება. ევროპას ხშირად ახსენებს ტიმოფეი სერგეიცევიც, რომლის თქმითაც, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა უმადური დასავლეთის გადასარჩენად მე-20 საუკუნეში.
„რუსეთმა განახორციელა მთავარი დასავლური პროექტი, კაპიტალიზმის ალტერნატივა - სოციალისტური, წითელი პროექტი, რომელმაც გაიმარჯვა ეროვნულ სახელმწიფოებზე. რუსეთმა გაანადგურა გერმანული ნაციზმი, დასავლური ცივილიზაციის კრიზისის ამაზრზენი პირმშო, ხოლო რუსული ალტრუიზმის ბოლო აქტი იყო რუსეთისგან დასავლეთისთვის გაწვდილი მეგობრობის ხელი, რის სანაცვლოდაც რუსეთმა 1990-იან წლებში ამაზრზენი დარტყმა მიიღო. აწი, რუსეთი წავა თავისი გზით, არ იდარდებს დასავლეთის ბედზე, დაეყრდნობა თავისი მემკვიდრეობის სხვა ნაწილს - ლიდერობას დეკოლონიზაციის გლობალურ პროცესში. ამ პროცესის ფარგლებში რუსეთს აქვს პარტნიორული ურთიერთობის მაღალი პოტენციალი იმ ქვეყნებთან, რომლებსაც დასავლეთი საუკუნეების განმავლობაში ჩაგრავდა“, - ვკითხულობთ ტიმოფეი სერგეიცევის სტატიაში „რა უნდა უყოს რუსეთმა უკრაინას?“, რომელიც რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ საიტზე გამოქვეყნდა.