Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო რუსეთის მიერ ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის შესახებ ევროკავშირის დეკლარაციას შეუერთდა


უკრაინელი ჯარისკაცები ათვალიერებენ ქალაქ ბუჩაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დანგრეულ სახლს. უკრაინა, 2022 წლის 6 აპრილი.
უკრაინელი ჯარისკაცები ათვალიერებენ ქალაქ ბუჩაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დანგრეულ სახლს. უკრაინა, 2022 წლის 6 აპრილი.

საქართველო შეუერთდა საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის უზენაესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის ინიციირებულ დეკლარაციას ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკის შესახებ.

დეკლარაციაში, რომელიც 4 აპრილით თარიღდება, ნათქვამია, რომ ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სისასტიკეს უკრაინის რიგ ქალაქებში:

დიდი რაოდენობით მსხვერპლის და სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლის, ასევე დანგრეული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სურათები წარმოაჩენს სასტიკი ომის სახეს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი სისასტიკეების სიაში ჩაიწერება“.

დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა იმ სისასტიკეზე, რომელიც ჩადენილია მაშინ, როდესაც ფაქტობრივად ისინი აკონტროლებდნენ ამ რაიონს, მათზე ვრცელდება ოკუპაციის შესახებ საერთაშორისო სამართალი.

დეკლარაციის თანახმად, ომის დანაშაულების და სხვა სერიოზული დარღვევების ჩამდენმა, ასევე ხელისუფლების წარმომადგენელმა ყველა პასუხისმგებელმა პირმა და სამხედრო ლიდერებმა პასუხი უნდა აგონ.

ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა ზომას რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად.

კერძოდ, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ დაწყებულ გამოძიებას ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე ისევე, როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის საგამოძიებო კომისიის მუშაობას. ევროკავშირი ეხმარება უკრაინის გენერალურ პროკურორს და სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ორიენტირებულია ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებაზე“, - ნათქვამია დეკლარაციაში

„პრეზიდენტმა პუტინმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ეს ომი“, - ამ სიტყვებით სრულდება დეკლარაციის ტექსტი, რომელსაც საქართველოსთან ერთად შეუერთდნენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო და ალბანეთი. ასევე ბოსნია-ჰერცეგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, უკრაინა და მოლდოვა.

დღეს, 7 აპრილს მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტი დამატებითი სადამსჯელო ზომების მიღებას მოითხოვს რუსეთისთვის, მათ შორის „დაუყოვნებლივ სრულ ემბარგოს რუსული ნავთობის, ქვანახშირის, ბირთვული საწვავის და გაზის იმპორტზე“.

ევროკავშირმა და აშშ-მა უკრაინაში რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ განხორციელებული სისასტიკის გამო სანქციები გაამკაცრეს.

გერმანულმა გამოცემა "შპიგელმა" გაავრცელა ცნობა, რომ გერმანიის დაზვერვის ფედერალურმა სამსახურმა (BND) რუსი სამხედროების რადიოკავშირით განხორციელებული საუბრები გადაიჭირა, რომლებშიც ისინი ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებს განიხილავენ.

"საუბრის შინაარსი, შესაძლოა, პირდაპირ იყოს დაკავშირებული იმ გვამებთან, რომელთა ფოტოებიც მოგვიანებით გავრცელდა ბუჩიდან და როგორც ჩანს, სრულად გამოააშკარავებს იმას, რასთან კავშირსაც რუსეთი უარყოფს", - წერს "შპიგელი".

XS
SM
MD
LG