Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Der Spiegel-ი: რუსი სამხედროები ბუჩაში მკვლელობებს რადიოკავშირით განიხილავდნენ


გერმანიის დაზვერვის ფედერალურმა სამსახურმა (BND) რუსი სამხედროების რადიოკავშირით განხორციელებული საუბრები გადაიჭირა, რომლებშიც ისინი ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებს განიხილავენ. ამის შესახებ გამოცემა Der Spiegel-ი წერს. გამოცემა დაასკვნის, რომ, როგორც ჩანს, ასეთი სისასტიკე გეგმის ნაწილი იყო, ვინაიდან საუბრის შინაარსით ჩანს, რომ ნამოქმედარზე სამხედროები ლაპარაკობენ, როგორც ჩვეულებრივ ყოველდღიურობაზე.

"საუბრის შინაარსი, შესაძლოა პირდაპირ იყოს დაკავშირებული იმ გვამებთან, რომელთა ფოტოებიც მოგვიანებით გავრცელდა ბუჩიდან და როგორც ჩანს, სრულად გამოააშკარავებს იმას, რასთან კავშირსაც რუსეთი უარყოფს", - წერს "შპიგელი".

ერთ-ერთი საუბრის მიხედვით, სამხედრო, სავარაუდოდ, მეორე ჯარისკაცს ეუბნება, რომ ახლახან მოკლეს ველოსიპედით მიმავალი ადამიანი. ამას მოწმობს მოგვიანებით გავრცელებული ფოტოც, რომელზეც გვამია ასახული ველოსიპედთან ერთად.

სხვა ჩანაწერებში ისმის მამაკაცის ხმა შინაარსით - „უკრაინელ სამხედროებს ჯერ დაკითხავ, შემდეგ კი დახვრეტ.“

გერმანული გამოცემა წერს, რომ მიღებული ინფორმაციის შესახებ გერმანიის დაზვერვის ფედერალურმა სამსახურმა უკვე აცნობა პარლამენტს.

გამოცემის თანახმად, დაზვერვის სამსახურის მიერ გადაჭერილი საუბრები მოწმობს, რომ ბუჩაში მასობრივი ხოცვა-ჟლეტა შემთხვევითი მოქმედება და „საკუთარ თავზე კონტროლდაკარგული ერთეული სამხედროების საქციელი არ ყოფილა“.

"შპიგელი" ირწმუნება, რომ რუსეთის არმიის სამხედროებთან ერთად ბუჩაში, შესაძლოა, ყოფილიყო კერძო სამხედრო შენაერთი „ვაგნერი“, რომელსაც მიუძღვის წვლილი განსაკუთრებით მძიმე ქმედებებში.

ცნობილია, დაჯგუფების მიერ სირიაში ჩადენილი სისასტიკე.

თვითმხილველების თანახმად, ბუჩაში თავდაპირველად საოკუპაციო ძალებს „ახალგაზრდა ჯარისკაცები“ წარმოადგენდნენ. სწორედ მათი შეცვლის შემდეგ გახშირდა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა. ზოგი თვითმხილველი ქალაქში ჩეჩნური დანაყოფების ყოფნის შესახებ ჰყვება.

ჩანაწერების შინაარსის გაცნობის შემდეგ, წყაროები "შპიგელთან" საუბრისას ამბობენ, რომ „მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა რუსეთის სამხედრო მოქმედებების სტანდარტული შემადგენელია. მეტიც, შორს მიმავალი სტრატეგიის ნაწილიც, რაც მშვიდობიან მოსახლეობაში შიშის დათესვას ემსახურება მათში წინააღმდეგობის გასატეხად“.

ჩანაწერებს ახლა აანალიზებენ და უკვე მოსმენილის თანახმად, გამოცემა წერს, რომ, როგორც ჩანს, ბუჩის გარდა, მსგავსი მოქმედებები სხვა ქალაქებშიც ხდებოდა. იუწყებიან, რომ მსგავსი სისასტიკის ნიშნებს უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქ მარიუპოლიდანაც ელიან.

უფრო ადრე „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ გამოაქვეყნა სატელიტით გადაღებული მასალა, როგორც მტკიცებულება, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ბუჩაში რუსეთის სამხედროების იქ ყოფნის დროს დახოცეს.

ფოტომასალა უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებას, თითქოს, მშვიდობიანი მოქალაქეები ბუჩაში დახოცეს 30 მარტის შემდეგ, როდესაც დასახლებული პუნქტი რუსეთის ჯარმა დატოვა.

სატელიტური ფოტოების ანალიზი ცხადყოფს, რომ მიტოვებული მანქანები და ცხედრები ბუჩაში 20-21 მარტის შუალედში გამოჩნდა.

კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბუჩაში, საიდანაც რუსებმა უკან დაიხიეს, აღმოაჩინეს ათობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი.

ბუჩაში ნანახის შემდეგ ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესეს.

XS
SM
MD
LG