„ტყუილი და ღალატი!“ - რა აშფოთებთ კრემლის მომხრეებს და რას მოელიან კიევში

რუსული ტანკი უკრაინაში, სუმის ოლქში. 2022 წლის მარტი.

კიევთან ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების გამო პუტინის პოლიტიკის მომხრეებს შორის საყოველთაო განგაშია გამოცხადებული - რუსეთის დელეგაციას ტონს უწუნებენ და მარცხად აღიქვამენ უშუალოდ იმ ფაქტსაც, რომ მოსკოვი „ნაცისტებთან“ დიალოგში  მონაწილეობს.

სტამბოლში 29 მარტს შეხვედრის შემდეგ კიევისა და მოსკოვის წარმომადგენლებს ხელი არაფრისთვის მოუწერიათ და, ბუნდოვანი პერსპექტივის ფონზე, კიევის შეთავაზება მოსკოვს ოფიციალურად ჯერ არც შეუფასებია. ამ ეტაპზე, რუსეთის ჯარები მოჩვენებითი დეესკალაციის პირობასაც არ ასრულებენ. პოლიტიკოსები თუ ექსპერტები რუსეთის გარეთ, შიშობენ, რომ მოსკოვი, ჩვეული ხელწერით, უკრაინის გაცურებას შეეცდება.

  • რა აშინებთ და აბრაზებთ რუსეთში?
  • რას ცვლის მიმდინარე მოლაპარაკებები და რამდენად რეალისტურია შეთანხმების მიღწევა?

ღალატის ბრალდება

რუსული იუტუბარხის, „A News“-ის წამყვანი, პოლიტიკური მიმომხილველი, იური პოდოლიაკი "სამხედრო ოპერაციის" დაწყების დღიდან არწმუნებდა თავის მაყურებლებს, რომ რუსეთი უკრაინასთან ომს მოიგებს და სრული გამარჯვება ახლოსაა. მაგრამ ახლა, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების სტამბოლის რაუნდის შემდეგ, თავადაც შეშინდა და, ჩანს, პანიკა მაყურებლებსაც გადასდო.

„რუსეთის საზოგადოება ამას (შეთანხმებას) არ მიიღებს... ყველაზე მეტად რამაც აღმაშფოთა, ეს იყო რუსეთის მომლაპარაკებლების აკანკალებული სახეები. მათ ენა ებმებოდათ, როდესაც თავიანთ სიტყვას წარმოთქვამდნენ. მათ სულ სხვა ტონით უნდა ელაპარაკათ - დამაჯერებლად, ძალის პოზიციიდან. აი, ამით ვიყავი აღშფოთებული წინა ვიდეოში... ვწუხვარ, რომ ჩემი ის ვიდეოც გამოყენებული იქნება პანიკის დასათესად რუსეთის საზოგადოებაში... სამწუხაროდ, ბევრმა ისე არ გაიგო, რისი თქმაც მინდოდა, პირველ რიგში, რუსეთის ხელისუფლებისთვის“, - მიმართა აუდიტორიას პოდოლიაკმა 30 მარტს. მის არხზე ხსენებული „წინა ვიდეო“ უკვე აღარ იძებნება.

რუსულ სოციალურ ქსელებში მრავლად გვხვდება მწვავე კომენტარები, სადაც რუსეთის მოქალაქეები ხელისუფლების წარმომადგენლებს ღალატშიც სდებენ ბრალს:

  • „ტყუილი და ღალატი! არ დავივიწყებთ, არ გაპატიებთ!“;
  • „ეს მედინსკი [რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი] ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი კადრია და მისი ტანჯული მზერა რუსებს სევდას ჰგვრის“;
  • „თუ მიიღეთ ბრძოლის გადაწყვეტილება, იბრძოლეთ ბოლომდე... რა სამარცხვინო იყო ეს მოლაპარაკებები“;
  • „თუ გავჩერდებით, გამოდის, რომ ხალხი ტყუილად დავხოცეთ. ბოლომდე უნდა გავიმარჯვოთ, უკან დახევა ღალატია“.

რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს მთავარსარდლის, ანუ პრეზიდენტ პუტინის ბრძანების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, დასავლეთის მიერ სანქცირებული ვლადიმირ სოლოვიოვი; რომელიც ომის დაწყების დღიდან ელოდება კიევის ხელისუფლების დამხობასა და მთელი უკრაინის დაჩოქებას.

„ნაცისტებთან ნებისმიერი მოლაპარაკებები, ვიდრე შენი ჩექმა მის ყელს არ აჭერს, აღიქმება სისუსტედ... არ არის საჭირო მათთან რაღაც ფორმულირებების გაცვლა... არც უნდა შეხვდე და არც დაელაპარაკო... ხალხის 80% დაუჭერს მხარს პრეზიდენტის [პუტინის] გადაწყვეტილებას - გავანადგუროთ ნაციზმი და გადავარჩინოთ რუსები... დასახულია ამოცანა და ის უნდა შესრულდეს სრულად. ამოცანის დასახვა შეუძლია მხოლოდ უმაღლეს მთავარსარდალს“, - ყვიროდა სოლოვიოვი 30 მარტს, თავის გადაცემაში.

ასევე ნახეთ მედინსკი: რუსეთი დეესკალაციის მიზნით დგამს ორ ნაბიჯს
ასევე ნახეთ პესკოვი: არანაირი სტალინგრადები კალენდარში არ გვაქვს

დელეგაციის ხელმძღვანელი, ვლადიმირ მედინსკი, რომელსაც სოციალური ქსელების რუსი მომხმარებლები ყველაზე მეტად ერჩიან, პრეზიდენტ პუტინის თანაშემწეა. 29 მარტს მან თქვა, რომ მოლაპარაკებები - „კონსტრუქციული“, ხოლო კიევის პოზიცია - „გასაგებად ფორმულირებული“ იყო და რომ რუსეთი მზად არის გადადგას ნაბიჯები დეესკალაციის მიზნითაც.

ეს ნაბიჯები სტამბოლში უფრო კონკრეტულად განმარტა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა. მან თქვა, რომ რუსეთმა გადაწყვიტა „კარდინარულად შეამციროს“ სამხედრო აქტივობა კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებით.

უარი არ უთქვამს კიევზე

30 მარტს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „შეინიშნება [რუსეთის არმიის] შენაერთების გარკვეული ნაწილობრივი გადაადგილება კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებიდან“, მაგრამ ეს არ არის "ჯარის გაყვანა" და „რუსეთს უარი არ უთქვამს კიევისა და ჩერნიგოვის აღების მცდელობებზე“. ასეთივე იყო მანამდე აშშ-ის დაზვერვის ინფორმაცია და რუსეთის ნდობას უკრაინელებს არც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ურჩევდა.

ასევე ნახეთ ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებაზე: უკრაინის შეიარაღებული ძალები გადარჩენის ერთადერთი გარანტიაა
ასევე ნახეთ ვიქტორია ნულანდი: რუსებმა ბოლომდე ვერ გააცნობიერეს, რამდენად ძლიერია უკრაინის არმია

30 მარტს, სხვადასხვა წყარო დღის განმავლობაში იტყობინებოდა, რომ რუსეთმა ავიაიერიში არაერთხელ მიიტანა სწორედ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებით. ზოგი იმასაც მიანიშნებდა, რომ მსგავსი იერიში კიევის მიდამოებში მანამდე არასოდეს ყოფილა.

უკანდახევის დაპირებას იმთავითვე ეჭვის თვალით შეხედა საგამოძიებო ჯგუფის, Bellingcat-ის ხელმძღვანელმა, ხრისტო გროზევმა, რადგან ომის მეორე ეტაპი და ტაქტიკის შეცვლის გადაწყვეტილება მოსკოვმა ჯერ კიდევ დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოაცხადა.

„გუშინ [29 მარტს] გასაღდა ეს როგორც კომპრომისი, მაგრამ სინამდვილეში ეს იძულებითი გადაწყვეტილებაა, რადგან კიევის მიმართულებით მათ [რუსეთის არმია] ვერანაირი პროგრესი ვერ აჩვენეს... მათ ახლა ახალი ძალები სჭირდებათ აღმოსავლეთით და სამხრეთით, სადაც ასევე არც ისე კარგად მისდით საქმე და ეშინოდათ უკრაინელების კონტრშეტევის“, - თქვა გროზევმა.

უკრაინის ხელისუფლების წყაროების თანახმად, რუსეთის არმიის კიევთან განთავსებული კონტინგენტი არ აღემატება 15 ათასს.

Bellingcat-ის ხელმძღვანელი მოელის, რომ რუსი სამხედროების ამ ნაწილს ჯერ გაიყვანენ უკრაინიდან, ხოლო შემდეგ - გადაისვრიან დონბასში - დონეცკისა და ლუგანსკის ავტონომიური ოლქების სრულად ოკუპაციისთვის. ეს ოლქები რუსეთმა დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა უკრაინის ტერიტერორიაზე შეჭრამდე.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ დონბასში წარმატების შემდეგ რუსეთის არმია უფრო მასშტაბური შემადგენლობით დაუბრუნდეს კიევს.

ასევე ნახეთ უკრაინამ მოლაპარაკებაზე უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა
ასევე ნახეთ უკრაინის წინადადებაა, დონბასის საკითხი პირადად განიხილონ ზელენსკიმ და პუტინმა

რუსეთისთვის შეთავაზებული პროექტის შინაარსის განხილვას ამ ეტაპზე დიდ დროს არ უთმობენ უკრაინელი ექსპერტები და მედია. მათი მთელი ყურადღება ძირითადად საომარი მოქმედებებისკენ არის მიმართული. ბევრი თანხმდება, რომ "გადამწყვეტი ბრძოლების წინ" ზავზე ლაპარაკი ნაადრევია.

პოლონელი პოლიტიკური მიმომხილველი იური შულიპა
Newsader-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ საზოგადოება ახლა თვალყურს ადევნებს „მოლაპარაკებებს მოლაპარაკებებისთვის“, რადგან ამ ეტაპზე შეთანხმების გაფორმება არცერთ მხარეს არ აძლევს ხელს და ყველაფერი ბრძოლის ველზე - „ომის თეატრში“ უნდა გადაწყდეს.

„ყველაფერი გადაწყდება უხლოეს დღეევში დონბასში, ლუგანსკის, დონეცკისა და ხერსონის ბრძოლის თეატრში და არა მოლაპარაკებების მაგიდასთან. მნიშვნელოვანი ის არის, რომ მტერმა უარი თქვა თავის შეშლილ იდეაზე უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის შესახებ... მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ახლა უკრაინის არმიაზე. ახლა რუსეთიცა და უკრაინაც, ვფიქრობ, ამ მოლაპარაკებებს ტაქტიკურ-ოპერატიული პაუზისთვის იყენებს“, - ამბობს უკრაინელი ანალიტიკოსი.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ დაახლოებით ერთ კვირაში სრულიად არარელევანტური გახდეს შეთანხმების ამჟამად ცნობილი პროექტის შინაარსი.

ნეიტრალიტეტი, ნატო, გარანტიები

მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პუტინის მრჩეველმა, ვლადიმირ მედინსკიმ 30 მარტს განაცხადა, რომ უკრაინამ „პირველად დააფიქსირა მზადყოფნა, დააკმაყოფილოს უმნიშვნელოვანესი პირობები - რათა მომავალში დაამყაროს ნორმალური ურთიერთობები მოსკოვთან“ და რომ განიხილება კიევის მზადყოფნა „უარი თქვას ნატოსა და ბირთვულ იარაღზე“. ამის შესახებ რუსეთის მედიასაშუალებები წერენ.

„ტასი“ იტყობინება, რომ მედინსკი ხედავს მოსკოვის მიზნების მიღწევის შესაძლებლობას; კერძოდ, ლაპარაკია უკრაინის სავარაუდო „უბლოკო სტატუსზე“ და უკრაინაში „ნატოს პლაცდარმის შექმნის საფრთხის“ განეიტრალებაზე.

ასევე ნახეთ მედინსკი: სტამბოლში უკრაინა „არსებითად“ დათანხმდა რუსეთის „პრინციპულ მოთხოვნებზე“

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ორი დღეა, ცდილობს აუხსნას უკრაინის მოქალაქეებს, რომ ამ პროექტის მიხედვით, ნატოს წევრობის ნაცვლად, უკრაინა არანაკლებ ძლიერ დაცვას მიიღებს. განიმარტება ჩანაფიქრიც, რომ აუცილებელი სამხედრო დახმარება 3 დღეზე მეტს არ დაიგვიანებს.

„მომავალში ვეღარავინ ჩათვლის, რომ 3-5 დღეში შეძლებს მთელი უკრაინის აღებას“, - პოდოლიაკის ეს სიტყვები 30 მარტს გაავრცელა „უნიანმა“.

ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა 30 მარტს განაცხადა, რომ არ ისურვებდა პრეზიდენტ ზელენსკის ადგილას ყოფნას, რადგან განსახილველ საკითხებში არსებული მკაფიო წითელი ხაზები პრეზიდენტის სამოქმედო სივრცეს ზღუდავს. გორდონი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის მისაღებად გამოიყურება ცოტა რამ და ეს შეიძლება ითქვას მაგალითად "ნეიტრალიტეტის" საკითხზე.

ასევე ნახეთ დიდი ბრიტანეთი თანახმაა იყოს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი

წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ დიდი ბრიტანეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, გერმანია, კანადა, იტალია, პოლონეთი, ისრაელი, ჩინეთი და რუსეთი.

ქვეყნების ჩამონათვალი ექსპერტების ერთ ნაწილს შეკითხვებს უჩენს და ისინი ჯერჯერობით ვერ ხსნიან ამ ჯგუფის დაკომპლექტების პრინციპს.

როგორც რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ ეთერში თქვა პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ, ასეთი მხარდაჭერის მობილიზება „უკრაინის დიპლომატიის მკაფიო მიღწევაა“ და „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის დასაბამს“ წარმოადგენს.

ომის შემდეგ ნატოს შესაძლო გარდასახვასა და ახალი ალიანსების შექმნა-გაძლიერებაზე ხშირად ისმის ექსპერტების ვარაუდები, მათ შორის - უკრაინაშიც.

დასახელებული ქვეყნებიდან, 30 მარტს, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორის სტატუსზე ოფიციალური თანხმობა გამოაცხადა დიდმა ბრიტანეთმა, რომელსაც უკრაინა განსაკუთრებულ მოკავშირედ მიიჩნევს - დახმარების მასშტაბებისა და სისწრაფის გათვალისწინებით.

Reuters-ის ცნობით, თანხმობაა გერმანიისგანაც და, კანცლერმა ოლაფ შოლცმა ეს უკვე შეატყობინა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. ინფორმაცია ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის სახელით ვრცელდება.

ასევე ნახეთ რუსეთი და ჩინეთი აცხადებენ, რომ მტკიცე, თანმიმდევრულ ურთიერთობებს გააგრძელებენ

ჯერჯერობით არაფერია ცნობილი ჩინეთის პასუხზე.

გარანტორთა სიის შემადგენლობაში ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ ჩინეთსა და რუსეთს უკავშირდება და მით უფრო იმ ფონზე, როცა ეს ორი ქვეყანა კვლავაც განაგრძობს მეგობრობისა და მტკიცე პარტნიორობის დემონსტრირებას. წინასწარი ინფორმაციით, სიაში ისინი მოხვდნენ როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები.

რუსეთის მედიის ცნობით, 30 მარტს, ჩინეთში ჩასულმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ამჟამად „საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში ძალიან სერიოზული ეტაპია“, ხოლო მომავალში, რუსეთი ჩინეთსა და სხვა თანამოაზრეებთან ერთად ივლის "მრავალპოლუსიანი, სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისკენ".

„მრავალპოლუსიანი მსოფლიოს შექმნის“ იდეა რუსეთის იდეოლოგების მთავარი მიზანია შეერთებული შტატების ლიდერობის წინააღმდეგ და „ამერიკის ჟანდარმობის“ ეპოქის დასასრულებლად განიხილება.

„რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი უკიდურესად სკეპტიკურად არის განწყობილი რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების გაფორმების პერსპექტივასთან დაკავშირებით. როგორც მან რადიო თავისუფლების ეთერში განაცხადა, „პუტინს ეს ყველაფერი დროის გასაყვანად სჭირდება“.