დიდი ბრიტანეთი თავის როლს შეასრულებს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაში, თუ კიევისგან შესაბამის მიმართვას მიიღებს. ამის შესახებ, როგორც BBC-ი წერს, გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა.
მსგავსი პოზიცია გამოთქვა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის პრესმდივანმა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ დიდი ბრიტანეთი თურქეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად იქნება უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, თუ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი იქნება უკრაინის ნეიტრალური სტატუსი. ამასთან, გამოცემა Times-ი წერს, რომ ლონდონს კიევისგან ოფიციალური მიმართვა ჯერჯერობით არ მიუღია.
29 მარტს, სტამბოლში მოლაპარაკებისას, უკრაინამ რუსეთს წარუდგინა წინადადებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. კიევის პოზიციაა, რომ უკრაინის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. უკრაინა გარანტად მოიაზრებს დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, თურქეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, კანადას, იტალიას, პოლონეთს და ისრაელს.
საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ მოლაპარაკება ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიმდინარეობდა, 29 მარტს კი, მხარეებმა პირისპირ შეხვედრა უკვე სტამბოლში გააგრძელეს. უკრაინისადმი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის ნეიტრალიტეტია.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.