რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტ პუტინის თანაშემწემ ვლადიმირ მედინსკიმ კონსტრუქციული უწოდა უკრაინის დელეგაციასთან სტამბოლში დღეს გამართულ მოლაპარაკებას. მისი დასრულების შემდეგ მედინსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთი დეესკალაციის მიზნით დგამს ორ ნაბიჯს - სამხედროს და პოლიტიკურს.
სამხედრო ნაბიჯში მედინსკი გულისხმობდა რუსეთის გადაწყვეტილებას კიევის და ჩერნიგოვის მიმართულებებით სამხედრო აქტივობის „კარდინალურად შემცირების“ შესახებ. ეს გადაწყვეტილება სტამბოლში გამოაცხადა რუსეთის დელეგაციის წევრმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა.
„იმის გამო, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტისა და არაბირთვული სტატუსის და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულების მოსამზადებლად მოლაპარაკებები გადადის პრაქტიკულ ჭრილში, დღეს განხილული პრინციპების გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტრომ ურთიერთნდობის ასამაღლებლად და შემდგომი მოლაპარაკებისთვის პირობების შესაქმნელად მიიღო გადაწყვეტილება, კარდინალურად შეამციროს სამხედრო აქტივობა კიევის და ჩერნიგოვის მიმართულებებით“, - განაცხადა ფომინმა.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ მედინსკის ცნობით, დღეს უკრაინისგან მიიღეს „გასაგებად ფორმულირებული პოზიცია ხელშეკრულებაში ჩასართავად“. მედინსკის ინფორმაციით, რუსული მხარე ამ წინადადებებს უახლოეს ხანში განიხილავს, პრეზიდენტს აცნობებს და უკრაინას შესაბამის პასუხს მისცემს.
მედინსკის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინისგან მიიღო წერილობითი წინადადებები, რითიც ადასტურებს სწრაფვას ნეიტრალური და არაბირთვული სტატუსისკენ და ეს მოიცავს უარსაც მასობრივი განადგურების იარაღის ყველა სახეობის წარმოებასა და განთავსებაზე.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა დღეს ისიც განაცხადა, რომ რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელშეკრულების პარაფირებასთან ერთად.