Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ მოლაპარაკებაზე უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა


უკრაინის დელეგაცია
უკრაინის დელეგაცია

სტამბოლში „დოლმაბაჰჩე“- ს სასახლეში დასრულდა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკება. უკრაინული დელეგაციის წევრმა, უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პირობები და ის ქვეყნები დაასახელა, რომლებსაც ასეთ გარანტორებად განიხილავენ.

უკრაინამ რუსეთს წარუდგინა თავისი წინადადებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის თაობაზე ხელშეკრულების შესახებ, რაც შესაძლებელს გახდის ომის დასრულებას. უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს.

უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. ზოგ ქვეყანას წინასწარი თანხმობა უკვე გაცემული აქვს.

უკრაინის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულება ასევე უნდა ასახავდეს გარანტორი ქვეყნების ურთიერთქმედების ეფექტურ მექანიზმს. ეს, შესაძლოა, ნატოს წესდების მე-5 მუხლის მსგავსიც იყოს („ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმის ტოლფასია“). თუ უკრაინის წინააღმდეგ ომი, აგრესია ან სპეცოპერაცია დაიწყება, მაშინ გარანტორი ქვეყნები მართავენ კონსულტაციებს სამი დღის განმავლობაში, შემდეგ კი კანონით ვალდებული არიან, უკრაინას დახმარება გაუწიონ.

"ეს წინადადება არ იქნა მიღებული, ჩვენ მას გადავცემთ რუსულ მხარეს. დაველოდებით მათ პასუხს", - განაცხადა არახამიამ.

საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ კი, მოლაპარაკება ვიდეოფორმატით გრძელდებოდა. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, კიევის მოთხოვნებია ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უკრაინის ნეიტრალიტეტი.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

XS
SM
MD
LG