Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან სამხედრო ძალები გაჰყავს


უკრაინის გენშტაბი იუწყება, რომ რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილი კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან გაჰყავთ.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, კარდინალურად შემცირდეს საბრძოლო მოქმედებები კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით.

ეს გადაწყვეტილება სტამბოლში გამოაცხადა რუსეთის დელეგაციის წევრმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა.

იმის გამო, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტისა და არაბირთვული სტატუსის და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულების მოსამზადებლად მოლაპარაკებები გადადის პრაქტიკულ ჭრილში, დღეს განხილული პრინციპების გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტრომ ურთიერთნდობის ასამაღლებლად და შემდგომი მოლაპარაკებისთვის პირობების შესაქმნელად მიიღო გადაწყვეტილება, კარდინალურად შეამციროს სამხედრო აქტივობა კიევის და ჩერნიგოვის მიმართულებებით“, - განაცხადა ფომინმა.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

  • ახლა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კიევის მოთხოვნებია ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უკრაინის ნეიტრალიტეტი.
  • საომარი მოქმედებების პირველ დღეებში რუსეთის ჯარებმა მოახერხეს კიევთან და ხარკოვთან მიახლოება, კონტროლს დაუქვემდებარეს ხერსონი და სამხრეთ უკრაინის ტერიტორიების ნაწილი. თუმცა, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რუსული ჯარებს არ აქვთ წინსვლა.
  • საომარი მოქმედების დაწყებიდან ერთ თვეში, რუსეთის არმიამ და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა მოახერხეს დაემყარებინათ კონტროლი უკრაინის მიერ ადრე კონტროლირებადი ტერიტორიების ნაწილზე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, მაგრამ რამდენიმე დიდი ქალაქი კვლავ უკრაინის კონტროლს ექვემდებარება - მათ შორის სლავიანსკი, კრამატორსკი, ლისიჩანსკი და სხვა. მარიუპოლში გრძელდება ბრძოლები.
  • პენტაგონი არ ადასტურებს უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსეთის აბსოლუტურ უპირატესობას.
  • რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ უკრაინაში ოპერაციაში მონაწილეობდნენ წვევამდელებიც. ოფიციალური უარყოფის მიუხედავად, ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება.
  • რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, „სპეციალური ოპერაციის“ დროს 1300-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა. უკრაინა დაახლოებით 10-ჯერ დიდ რიცხვს ასახელებს. ამ მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია.

XS
SM
MD
LG