მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა „ალტ-ინფოს“ ჯგუფის წევრების მხრიდან მუქარის მიღების შემდეგ თავს ისევ არ გრძნობს უსაფრთხოდ და ხალხმრავალ ადგილებში სიარულს ერიდება. მას არაერთმა ორგანიზაციამ და ბევრმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, თუმცა ფაქტია, რომ ჯერ არავინ დასჯილა. საფრთხეც ისევ არსებობს. „ალტ-ინფოს“ ჯგუფის წევრები კი, სამირას გარდა, ემუქრებიან ყველას, ვინც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მათი ოფისების გახსნას რაიმე ფორმით აპროტესტებს. ხელისუფლება დუმს.
ძალადობრივი და პრორუსული რიტორიკით ცნობილი „ალტ-ინფოს“ ჯგუფის წევრებმა, სამირას მიმართ მუქარის შემდეგ, ბოლო, რაც გააკეთეს, ის იყო, რომ მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კედლები შეღებეს და იქ სამოქალაქო აქტივისტის შეურაცხმყოფელი წარწერები და ნახატები დატოვეს.
„ალტ-ინფოს“ პარტიის ლიდერებს სჯერათ, რომ რეგიონებში ხალხის და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მათი მისამართით „ნაციონალების“ მართულია და შურისძიებასაც მათი ოფისების დარბევით გამოხატავენ. ასე მოხდა, მაგალითად, საგარეჯოშიც, სადაც მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დააზიანეს.
სამირას საპროტესტო აქციას, როცა მან 14 მარტს, პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი უკრაინის ფერებში შეღება და „მოღალატეები“ დააწერა, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების მთავარმა გმირებმა მისი მოკვლის მუქარით უპასუხეს - მუქარის (ქათამივით თავის წაცლის) გზავნილი სამირამ საჯაროდაც გამოაქვეყნა.
ახლა მის უფლებებს საია იცავს - 21 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კიდევ ერთხელ მოითხოვა მარნეულის რაიონული პროკურატურისგან:
- სამირასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება;
- საქმის მასალების გაცნობა;
- მუქარის განმახორციელებელი ყველა პირის დაუყოვნებლივ იდენტიფიცირება და მათი დასჯა.
ხელისუფლებას ოფიციალური წერილით მიმართეს სამირა ბაირამოვას მშობლებმაც, თეიმურხან ბაირამოვმა და ხანპარი ბაირამოვამ და ეს წერილი, წესით, ახლა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მაგიდაზე დევს - მშობლები მათგან შვილის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვენ და წერენ:
„თუ სახელმწიფო ჩვენი შვილებს უფლებას არ იცავს, მაშინ ჩვენ ვის უნდა ვთხოვოთ დახმარება? ჩვენ როგორც მისი მშობლები ახლა უფრო დიდ საფრთხეს ვხედავთ, მას კონკრეტული ჯგუფები ახლა ღიად და საჯაროდ ემუქრებიან...
ჩვენი გოგო ძლიერია, მაგრამ მისი სიძლიერე საკმარისი არაა ამ ადამიანებისგან მომდინარე ძალადობის რისკების წინაშე. სახელმწიფოს მხარდაჭერა და მეტი დაცვა აუცილებელია არა მარტო სამირასთვის, არამედ ყველა ახალგაზრდა აქტივისტისთვის. სახელმწიფოს დუმილი და უმოქმედობა ჩვენ გვაშინებს. გთხოვთ იმოქმედოთ!“
მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო, თუმცა ჯერ არავინ დასჯილა - უნდობლობას საგამოძიებო უწყების მიმართ ისიც უწყობს ხელს, რომ დღემდე არც ამავე ჯგუფის მიერ 5-6 ივლისს განხორციელებული ჯგუფური ძალადობის სავარაუდო ორგანიზატორები დასჯილან, მათ შორის, „ალტ-ინფოს“ ლიდერები.
„არ მინდა, რომ მათი პროვოკაციის მიზანი გავხდე, ამიტომ არ გავდივარ ხალხმრავალ ადგილებში. თან ვიცით, რომ მარნეულში მათ ჰყავთ რადიკალური მხარდამჭერები“, - გვეუბნება სამირა ბაირამოვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შეღებვის შემდეგ, სამირას ისევ სწერენ - ნახე, რა გავაკეთეთ? ისევ ასე გავაგრძელებთ. სამირა არაფერს პასუხობს.
ის გვეუბნება, რომ ამ პროვოკაციაში ჩართვა არ სურს.
რადიო თავისუფლებამ მას ჰკითხა, მისი ამბით ხომ არ დაინტერესებულა ადგილობრივი ხელისუფლება, რაზეც სამოქალაქო აქტივისტი გვპასუხობს, რომ არა და არც ამის მოლოდინი აქვს, რადგან, მისი სიტყვებით, მარნეულის მერიაში „ალტ-ინფოს“ იდეებს ბევრი ღია თუ ფარული გულშემატკივარი ჰყავს.
ადგილობრივ ხელისუფლებას, სამირას აზრით, სამოქალაქი აქტივისტების გაჩუმება უფრო აძლევს ხელს და თუ ამას „კონსერვატიული მოძრაობის“ ხელით მიაღწევს, მოხარულიც კი იქნება.
21 მარტს სამირას მიმართ მუქარის ფაქტზე მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც ილაპარაკა. სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, საქმე მალე გამოიძიონ, მერე კი ქართულ სოციალურ ქსელსაც გადასწვდა: თქვა, რომ რაც იქ ხდება, „აბსოლუტურად მიუღებელია“ და სიძულვილის „შებოჭვის“ საკითხსაც შეეხო:
„ყველა გამხდარა ამგვარი მუქარისა და ჰეითერული კამპანიის სამიზნე, ამიტომ ესეც საკითხია, რომ ჩვენი საზოგადოება უნდა დაფიქრდეს ამაზე, რომ ის სიძულვილი, რაც სოციალურ ქსელში არის ხოლმე ხშირად, რაიმენაირად უნდა შეიბოჭოს“.
სამირა ბაირამოვა არ არის ერთადერთი, ვისაც „ალტ-ინფოს“ ჯგუფის წევრები ემუქრებიან - ასეთ მინიშნებებს, დაფარული ნომრიდან სატელეფონო ზარებს იღებენ აქტივისტები, მაგალითად, საგარეჯოშოც, სადაც ასევე გააპროტესტდეს პრორუსული „კონსერვტიული მოძრაობის“ ოფისის გახსნა.
ეკა ქვლივიძემ, რომელიც იქ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე და პარტია „ლელოს“ წევრია, გვითხრა, რომ სამირა არის მაგალითი, თუ რა საფრთხის წინ შეიძლება დადგეს ადამიანი ამ ჯგუფის საქმიანობის გაპროტესტების გამო.
მისი სიტყვებით, ყველგან, სადაც კი ადგილობრივმა მოსახლეობამ გამართა მშვიდობიანი აქცია, პასუხად მიიღო სიძულვილი, აგრესია და მუქარა.
ასევე ნახეთ "ლელო": საგარეჯოში “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებული დაჯგუფება ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს ემუქრებასაგარეჯოში გამართული აქციის პასუხად, „ალტ-ინფოს“ ჯგუფის წევრებმა დღის საათებში დაარბიეს ქალაქის ცენტრში მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი, რომელიც, როგორც ეკა ქვლივიძე ამბობს, სულ რამდენიმე მეტრშია შსს-ს დაწესებულებიდან.
„ვინ მიცავს მე ამ ფონზე, როცა ასეთი მოძალადე ადამიანები, კასტეტებით ჯიბეში, თავისუფლად გადაადგილდებიან ქუჩაში? სად არის ადგილობრივი ხელისუფლება? სად არის პოლიცია? არავის არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია. შემთხვევით, მათ ხომ არ აწყობთ ის ყველაფერი, რასაც "ალტ-ინფო" აკეთებს? ასე არაპირდაპირ ხომ არ თესავენ შიშს საზოგადოებაში?“, - კითხულობს ეკა ქვლივიძე.
მუქარა, როცა ხელისუფლების ქოლგის ქვეშ დგახარ
რა არგუმენტები და ფაქტები ამყარებს მოსაზრებას, რომ „კონსერვატიულ მოძრაობას“ ზურგს სწორედ მოქმედი ხელისუფლება უმაგრებს? და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამ პრორუსული პარტიის და საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიზნები ერთმანეთს ემთხვევა?
ამ კითხვას ნაწილობრივ გასცა პასუხი ყოფილმა „რესპუბლიკელმა“ დავით ზურაბიშვილმა, რომელმაც საკუთარ ფეისბუკზე საჯაროდ დაწერა, რომ, მისი აზრით, დღეს ქვეყანაში არანაირი ფაშისტური პარტიები და ორგანიზაციები, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტები არ არსებობენ და რომ საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი ყველა პრორუსულ-ფაშისტური ორგანიზაცია „დაფინანსებული და მხარდაჭერილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ - პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლოცვა-კურთხევით“.
დავით ზურაბიშვილი იმასაც წერს, რომ დანაშაულის ტოლფასი იყო ის გულგრილობა, რაც ასეთი „მართვადი ფაშისტოიდების“ მიმართ გამოიჩინეს ხელისუფლებასა და „ოცნების“ კოალიციაში მყოფმა პროდასავლურმა პარტიებმა. ამ ჩამონათვალში ის საკუთარ თავსაც მოიაზრებს.
დავით ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარშიც გაიხსენა რამდენიმე ფაქტი, რაც, მისი აზრით, ხელისუფლების მხრიდან ამ ძალადობრივი ჯგუფების მხარდაჭერის დასტურია.
- გავიხსენოთ თუნდაც ე.წ. მივარდნები 2012, 2013 და 2014 წლებში, როცა ისინი „ნაცმოძრაობის“ ოფისებს ქვებს ესროდნენ ან რაღაც მსგავსს სჩადიოდნენ. ან, მაგალითად, ის, თუ როგორ მოაწყვეს გაუპატიურების ფაქტების სახალხო ჩვენებები, რომლის ორგანიზატორი, შემდეგ, თუ არ ვცდები, გუბერნატორის მოადგილედ დანიშნეს, „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე - იყო მინისტრის მოადგილე და „რესპუბლიკურ პარტიას“ დიდი ბრძოლა დასჭირდა, რომ ის პოსტიდან გაეთავისუფლებინათ. ეს იმთავითვე ნათელი იყო, რომ ხელისუფლებასთან გადაჯაჭვული და უშიშროების მიერ მართული ძალები იყო და გამორიცხულია, ეს არ სცოდნოდა ბიძინა ივანიშვილს. ჩვენთვის მას ანგარიში ამ საკითხზე არ ჩაუბარებია, მაგრამ მისი ნებართვის გარეშე ასეთი რამეები შეუძლებელი იქნებოდა. 5 ივლისიც ამის დასტურია.
- მაშინ, როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაში, ლაპარაკობდით ამ საფრთხეებზე?
- კი და ამას ჩემი თანამებრძოლებიც დაადასტურებენ. ვამბობდი, რომ სამარცხვინოა ისეთ ხელისუფლებაში ყოფნა, რომელიც ფაშისტურ ჯგუფებს კვებავს. მაგრამ მაშინ ამას არ მოჰყვა შედეგი და ამან განმიმტკიცა აზრი, რომ ეს მოდიოდა ზემოდან. როგორც მეუბნებოდნენ, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ტაქტიკა, რომ ყველა სპექტრი ყოფილიყო მისი კონტროლის ქვეშ. მათ შორის, ეს ძალაც.
- თუ ხელისუფლება ამ ჯგუფებს მფარველობს, გამოდის, რომ მის პრორუსულ იდეებსაც ბოლომდე იზიარებს?
- ასე პირდაპირ შეიძლება არ გავიგოთ. უფრო ვიტყოდი, რომ ხელისუფლებას ის სჭირდება იმისთვის, რომ საჭირო დროს ოპოზიციას მიუსიოს. მთლად ასე რომ იყოს, მაშინ პირდაპირ ხელისუფლებაში ეყოლებოდა ეს ჯგუფები. ისინი არ სჭირდებათ თანამდებობებზე - ისინი სჭირდებათ ქუჩაში, „ვითომ ჩვენ არ ვართ“ - ეგეთ დროს. თუმცა ადრე, ჩემი აზრით, ხელისუფლება ახერხებდა ბალანსის დაცვას, ისეთი ადამიანები ჰყავდა შიგნით. ახლა ამ ძალის გამაწონასწორებელ-შემაკავებელი ხელისუფლებაში არ არსებობს გარდა თავად ივანიშვილისა და ის რამდენად იქნება ასეთი, როცა საომარ ვითარებაში აშკარად რუსეთის სასარგებლოდ აქვს ფსონი დადებული და ეს ჩანს მის ქმედებებში, არ ვიცი. ძალიან სახიფათო ტენდენციაა.
ხელისუფლების მხრიდან „ალტ-ინფოს“ განცხადებების თუ ქმედებების დამგმობ შეფასებებს ვერ იხსენებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრის დამფუძნებელი ბექა მინდიაშვილიც, სამაგიეროდ მას კარგად ახსოვს სწორედ 5 ივლისის მოვლენების შემდგომ პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება, უმრავლესობის აზრს უნდა დავემორჩილოთ და ამიტომ „ღირსების მარში“ თბილისში არ უნდა ჩატარდესო.
ასევე ნახეთ „უმრავლესობის დიქტატურა“ - საქართველო სახიფათო გზაგასაყარზე?ახსოვს დუმილი, როცა ამავე ძალამ პარლამენტის წინ ჯვარი აღმართა და ევროკავშირის დროშა ჩამოაგდო.
და ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, რაც ბექა მინდიაშვილს უმყარებს განცდას, რომ ასეთ ძალადობრივ ჯგუფებს ზურგს უმაგრებს, ერთი მხრივ, ხელისუფლება და არანაკლები ძალით - ეკლესიაც.
„ხელისუფლების მხრიდან, ამ ღიად მეხუთე კოლონის წინააღმდეგ, რომელიც აცხადებს, რომ აპირებს რეჟიმის შეცვლას, რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულებაში შესვლას, სრულად იზიარებს დუგინის იდეებს და ამბობს, რომ აპირებს რუსეთში წასვლას, არაფერი მოგვისმენია. არანაირი კრიტიკა. დღესაც კი ისევ გაიმეორა პრემიერმა ღარიბაშვილმა, თუ რამდენად მოღალატეობრივია პროდასავლური პარტიების საქმიანობა, რომლებიც დღეს მიტინგებს მართავენ“, - გვეუბნება ბექა მინდიაშვილი.
ის იხსენებს მთავრობის მეთაურის 5 ივლისის მოვლენებისწინა და შემდგომ განცხადებებს.
იხსენებს იმასაც, რომ იმ დღის ძალადობრივი ქმედებებისთვის დასჯილი არ არის არცერთი ორგანიზატორი - პირიქით, მათ უფრო გააფართოვეს საქმიანობა მთელ საქართველოში, გახსნეს ოფისები. როგორც ბექა მინდიაშვილი ამბობს, მათ საქმიანობაში მონაწილეობენ სუს-ის ყოფილი თანამშრომლებიც, რაც კიდევ უფრო აძლიერებს წარმოდგენას, რომ ისინი ხელისუფლების მხრიდანაც არიან ზურგგამაგრებულები.
მათი საქმიანობის შესაზღუდად ხელისუფლებას ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს, - გვეუბნება ბექა და პარალელს ავლებს 90-იანი წლების ბოლოს, ბასილ მკალავიშვილის საქმიანობასთან:
„მაშინაც, ხელისუფლება თითქოს ემიჯნებოდა ძალადობრივ ექსტრემიზმს, მაგრამ უკვე უტყუარად შეგვიძლია ვთქვათ, როგორც მაშინდელი სპეცსამსახურების აღიარებით, ისე შევარდნაძის გვიანდელი აღიარებით, რომ დიახაც, ეს იყო უშიშროების სამინისტროს მიერ შექმნილი ძალადობრივი ჯგუფი, რომელიც მას ყველანაირად ეხმარებოდა. შეუძლებელია თავმოყვარე ხელისუფლება ითმენდეს ისეთ ორგანიზაციას, რომელსაც ასევე აქვს ძალადობაზე ხელმისაწვდომობა, რადგან ერთადერთი სტრუქტურა, რომელსაც შეუძლია არსით ძალადობა, უნდა იყოს ხელისუფლება - ეს არის თანამედროვე სახელმწიფოს სტანდარტი. ამ გამოწვევას ხელისუფლება გამოწვევად არ აღიქვამს, რადგან ეს ძალა არის მისგან მხარდაჭერილი ძალადობრივი ორგანიზაცია, რომელსაც ის იყენებს ოპოზიციის წინააღმდეგ. ასევე, რუსული განწყობების გასაძლიერებლად“.
- არის თუ არა ეს ძალა უფრო მეტად საშიში, ვიდრე აქამდე, არცთუ შორეულ წარსულში მოქმედი პრორუსული ძალები, ასევე ცნობილი ფაშისტური იდეოლოგიით, ჰომოფობიური და სხვა სახის ძალადობრივი მოწოდებებით?
- ის ძალები უფრო „მუშაობდნენ“ ექსტრემისტებად. მათ არც შესაბამისი ცოდნა ჰქონდათ, არც მოტივაცია, არც ასეთი ურთიერთობები რუსეთთან და მჭიდრო კონტაქტი ხელისუფლებასთნ, როგორც ამათ. ეს ჯგუფები ღარიბაშვილის მოსვლის შემდეგ გაძლიერდნენ. ჩემი აზრით, სწორედ ის დგას ამ იერარქიის მწვერვალზე. მას აქვს უპირობო მხარდაჭერა ყველა პრორუსული ჯგუფისა საქართველოში. და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკლესიაც სრულფასოვნად არის ჩართული ამ პრორუსული ჯგუფების დაფრთიანებაში.
ბექა მინდიაშვილი ვერ იხსენებს, პრორუსული განწყობებისთვის ასეთი დიდი ველი რომელიმე სხვა ხელისუფლების დროს შექმნილიყოს საქართველოში, როგორც ეს დღეს მოქმედი ხელისუფლების პირობებში ხდება.
მას მიაჩნია, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ალტ-ინფოს“ პოლიტიკურ ძალას წინააღმდეგობა გაუწიოს ქართველმა ხალხმა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ქმნიდეს მათთვის ბარიერს, ხოლო მათი არსებობა საქართველოში იყოს უხერხული და ისინი თავს ვერ გრძნობდნენ დაცულად - ეს იქნებოდა პირდაპირი წინააღმდეგობის გაწევა რუსეთისთვის.
ასევე ნახეთ “კონსერვატიულ მოძრაობას” 41 შემომწირველი ჰყავს - ვინ სწირავს პრორუსულ პარტიას ფულს?ორიოდე დღის წინ ჟურნალისტებმა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს პირდაპირ ჰკითხეს, ხედავს თუ არა ის რაიმე სახის დანაშაულს „ალტ-ინფოს“, როგორც პარტიის მოქმედებებში. შეახსენეს პარტიის თავმჯდომარის, ზურა მახარაძის განცხადებებიც რუსული ბაზების საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით.
გომელაურმა კი ამ კითხვებს ასეთი პასუხი გასცა:
„კანონით არანაირად არ ეწინააღმდეგება. აზრის გამოხატვის უფლება აქვს ყველა ადამიანს... კორეა მოეწონება ვიღაცას, ჩინეთის მიმართულება. რუსეთის თუ ბრაზილიის მიმართულება, პარტია რომ შეიქმნას ხვალ და თქვას, ბრაზილია მინდა მე და გავერთიანდეთ ბრაზილიასთანო, მაგაზე ხომ ვერ დავიჭერთ?! არაა ეგეთი ცნება მუხლში“.
სხვა კომენტარი „ალტ-ინფოს“ ჯგუფის წევრების ბოლოდროინდელ ძალადობრივ ქმედებებზე ხელისუფლებას არ გაუკეთებია.