საგარეჯოში პარტია „ლელოს“ წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ პრორუსულ და ძალადობრივ ჯგუფ „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული პარტიის, "კონსერვატიული მოძრაობის", წევრები მათ მუქარისა და აგრესიის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიან.
საგარეჯოში "ლელოს" წარმომადგენელმა და ადგილობრივი საკრებულოს წევრმა თაკო ყორღანაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებენ მას შემდეგ, რაც პარტიამ ადგილობრივებთან ერთად საგარეჯოში ჰომოფობიური და ქსენოფობიური განწყობების მქონე "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის გახსნა გააპროტესტა.
„საჯარო წყაროებიდან მოვუწოდებთ შს სამინისტროს, დაინტერესდეს ჩვენ მიერ გაჟღერებული ინფორმაციით და პასუხისგებაში მიეცნენ პირები, ვინც ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს ემუქრება. ისინი ქალებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ, ხოლო მამაკაცებს ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით. ჩვენი ინფორმაციით, მათ ჰყავთ შექმნილი 50-60 კაციანი დაჯგუფება, რომლებიც ქალაქ-ქალაქ დადიან და კასტეტებითა და ცივი იარაღის ქნევით იმუქრებიან. ამ საკითხზე ჩვენ მალე ოფიციალურადაც მივმართავთ ძალოვან უწყებას. ისინი ძალადობრივ შეტყობინებებში მიუთითებენ, რომ უკმაყოფილო არიან ჩვენს მიერ გამართული აქციებით“, - განაცხადა "ლელოს" წევრმა თაკო ყორღანაშვილმა.
პარტიამ დღეს მხარდაჭერა გამოუცხადა მარნეულელ აქტივისტს, სამირა ბაირამოვასაც, რომლის მისამართითაც ასევე ხორციელდება მუქარა "ალტ-ინფოსთან" დაკავშირებული ჯგუფის მხრიდან.
16 მარტს საგარეჯოში პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს. ოფისში ათეულობით ადამიანი შეიჭრა, განადგურებულია ავეჯი, კომპიუტერული ტექნიკა და ინვენტარი. პარტიის წარმომადგენლის, გარი ბუხნიკაშვილის ინფორმაციით, დარბევაში მონაწილეობდნენ „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული "კონსერვატიული მოძრაობის" წევრები.
ენმ-ის წევრი მომხდარს უკავშირებს საგარეჯოში 14 მარტს "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან გამართულ აქციას, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობაც" მონაწილეობდა. საგარეჯოში მოქალაქეებმა „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული პრორუსული, "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის გახსნა გააპროტესტეს.