Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეჯოში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაარბიეს


ენმ-ის წევრი მომხდარს უკავშირებს საგარეჯოში 14 მარტს "ალტ-ინფოს" ოფისთან გამართულ აქციას, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობაც" მონაწილეობდა.
ენმ-ის წევრი მომხდარს უკავშირებს საგარეჯოში 14 მარტს "ალტ-ინფოს" ოფისთან გამართულ აქციას, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობაც" მონაწილეობდა.

დაახლოებით ერთი საათის წინ, საგარეჯოში პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა პარტიის წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრმა გარი ბუხნიკაშვილმა.

გარი ბუხნიკაშვილის ინფორმაციით, ოფისში ათეულობით ადამიანი შეიჭრა, განადგურებულია ავეჯი, კომპიუტერული ტექნიკა და ინვენტარი.

საგარეჯოში პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს.
საგარეჯოში პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს.

„საკრებულოს სხდომაზე ვიყავი და დამირეკეს, მოდი, ოფისში ხალში შემოიჭრაო. მივედი და უკვე დარბეული დამხვდა. როგორც მითხრეს, 60-მდე ადამიანი იყო. აქვე ჩვენთან ახლოს არის პოლიციის შენობაც. გამოვიძახეთ სამართალდამცავები და ახლა გამომძიებელს ელოდებიან“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას გარი ბუხნიკაშვილმა.

ენმ-ის წევრი მომხდარს უკავშირებს საგარეჯოში 14 მარტს "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან გამართულ აქციას, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობაც" მონაწილეობდა. საგარეჯოში მოქალაქეებმა „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული პრორუსული, ჰომოფობიური და ქსენოფობიური განწყობების მქონე"კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის გახსნა გააპროტესტეს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ პოლიციას დამნაშავეების გამოვლენა არ უნდა გაუჭირდეს, რადგან შემთხვევა მოხდა დღისით და ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, გადაღებული უნდა იყოს ახლოს მდებარე სათვალთვალო კამერებით.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარის შესახებ დეტალებს ამ წუთებში ადგენენ.

განახლება: "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 160-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვის საკუთრებაში უნებართვო შესვლას და ნივთის განადგურებას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.

XS
SM
MD
LG