სარატოვის ოლქი, სოფელი ოზერნოვო. სასაფლაოს ბოლოში, არყის ხესთან ახლად გათხრილი სამარეა. თოვლით რომ არ ამოივსოს, ცელოფნით გადაუხურავთ. ეს მაქსიმ ხანიგინის საფლავია, სოფლელი ბიჭის, რომელიც აქ, ოზერნოვოში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ... დასამარხი არავინაა, ოჯახს ცხედარს არ აძლევენ.
მაქსიმი უკრაინაში 24 თებერვალს, ომის პირველივე დღეს დაიღუპა. 25 თებერვალს მაქსიმის დედას ლუდმილა ხანიგინას ტატიშევის რაიონის სამხედრო კომისარიატის უფროსმა დაურეკა და ეს საშინელი ამბავი აცნობა.
„უმცროსმა შვილიშვილმა ჩემგან მოირბინა ყვირილით, ბებია, ჩქარა, წამოდი, დედა დავარდა. მაქსიმი მოგვიკლეს!“ - ჰყვება მაქსიმის ბებია ნატალია ხანიგინა.
ნატალია სახლში რომ შევარდა, დაინახა, რომ მისი შვილი სამზარეულოში იატაკზე იყო გართხმული. სასწრაფოს გამოუძახა და კომისარიატში გადარეკა. იქ დაუდასტურეს, მაქსიმი ნამდვილად დაიღუპაო.
ასევე ნახეთ უკრაინაში ომში 498 რუსი სამხედრო დაიღუპა - BBC რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობითმეორე დღეს ეს ამბავი სოფელს მოედო. მეზობლებმა ფული გადმორიცხეს, გვირგვინები მოიტანეს. ახლობელი საფლავის შერჩევაში დაეხმარათ, ჯვარი იყიდეს. ბებია ჯერ დამკრძალავ სააგენტოში მივიდა, შემდეგ ღვეზლები შეუკვეთა ქელეხისთვის, შემდეგ ტაძარში ადგილობრივ მღვდელს შეუარა...
„თქვენ გვეკითხებით, როდის? როდის? როდის? არ ვიცით როდის. მოვიდნენ ჩვენი სამხედრო კომისარიატიდან, გვეუბნებიან, რომ არ ჩამოასვენებენ ჩემს შვილიშვილს, სანამ ეს „სპეცოპერაცია“ არ დასრულდება. პანიკა რომ არ ატყდეს. გარდაცვალების ცნობა რომ გამოგვიგზავნეს, ამის გამო ილანძღებიან“, - ამბობს ის.
23 თებერვალს დედას და საცოლეს მაქსიმი უკანასკნელად შეეხმიანა, უთხრა, წვრთნებზე მივყავართ, ტელეფონებს ჩამოგვართმევენ და მერე ვერ დაგიკავშირდებიო. ლუდმილას იმედი ჰქონდა, რომ 25 თებერვალს შვილი როგორმე მაინც დაურეკავდა, ამ დღეს მას 22 წელი უსრულდებოდა. 25 თებერვალს მართლაც დარეკეს - სამხედრო კომისარიატიდან.
„ისეთი ნათელი ბიჭია, ყველას უყვარს, - ლუდმილა ტირილით ჰყვება, - ყოველთვის იღიმება და თავს გიქნევს. საერთო საცხოვრებელში მეკარემ რომ დამინახა, მაშინვე მითხრა: „თქვენ ალბათ მაქსიმის დედა ხართ. ისიც ასე იღიმება და თავს გიქნევს“.
არც ცხედარია, არც ამბავი
გონზე რომ მოვიდა, ლუდმილამ ბელგოროდში, ნაწილში დარეკა: „ვეკითხები: „სადაა ჩემი ბავშვი“? მპასუხობენ: „წვრთნებზე“. – „რა წვრთნები, გარდაცვალების ცნობა მომივიდა“. – „რა გარდაცვალების, არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია“.
ასევე ნახეთ „დედა, აქ ჩამოსვლა არ მინდოდა“: უკრაინა რუსებს მათი მოკლული და ტყვედ ჩავარდნილი ნათესავების იდენტიფიკაციას სთხოვს
მას შემდეგ ლუდმილა სადაც შეეძლო ყველგან რეკავდა: ბელგოროდის პროკურატურაში, სარატოვის საოლქო პროკურატურაში, „ჯარისკაცების დედების კომიტეტში“. პასუხად ყველგან იგივე მიიღო: „ჩვენ არა გვაქვს ინფორმაცია“
„რატომ გაგზავნეს იქ ჩემი შვილი? რისთვის? ვის უნდა ეს ომი? უკრაინელებს არ უნდათ, ჩვენ არ გვინდა. რისთვის გავზარდე შვილი? ვისთვის? იქ რომ მოეკლათ?“
ჩემი შვილი „ფეიკი“ არაა
პეტროვსკელი რაფიკ რახმანკულოვი ერთ-ერთი პირველი ჯარისკაცი იყო, ვინც უკრაინაში ტყვედ ჩავარდა. დატყვევებული რაფიკისა და მისი დაღესტნელი თანამებრძოლის ფოტოები უკრაინელებმა მათ მეგობრებს გადაუგზავნეს.
„უცებ ვიცანი, მიუხედავად იმისა, რომ კუთხეში იჯდა, მობუზული, სკოჩით შეკრული“, - ამბობს ნატალია რუზანოვა, რაფიკის დედა.
ნაწილში, რომელშიც მსახურობდა, რაფიკზე არავითარი ინფორმაცია არ გააჩნდათ. ნატალია მოსკოვში პრეზიდენტის მისაღებში მივიდა. იქ თავდაცვის სამინისტროში გაუშვეს. სამინისტროში უთხრეს, დღეს მიღების დღე არ გვაქვსო... მხოლოდ „ჯარისკაცების დედების კომიტეტში“ იპოვა ინფორმაცია, რომ მისი შვილი ტყვედ არის ჩავარდნილი.
„ტექნიკას, რომლითაც მიდიოდნენ, საწვავი გაუთავდათ თუ რაღაც. კოლონას ჩამორჩნენ, ანუ კოლონამ ისინი მიატოვა. ასე ჩაცვივდნენ ტყვედ“, - ამბობს რაფიკის დედა.
ნატალიამ მისწერა ჩეჩნეთის პრეზიდენტს რაზმან კადიროვს (დაე, მებძოლებმა იცოდნენ, რომ რუსი ჯარისკაცი ტყვეობაშია), ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს (დაე, მოლაპარაკებებზე ტყვეების გაცვლის საკითხი დააყენოს).
ასევე ნახეთ კადიროვმა დაადასტურა უკრაინაში ჩეჩნეთიდან წასულების სიკვდილი„ტელევიზორში აჩვენებენ, რომ ჩვენები უკრაინელ ტყვეებს სახლში უშვებენ, ისინი რატომ არ აკეთებენ ამას? - ამბობს ნატალია, - ტელეარხ „ზვეზდაზე“ რეპორტაჟი ვნახე. ჟურნალისტი ჩემი შვილის ფოტოს აჩვენებდა და ამბობდა, ეს „ფეიკიაო“. უკვე ვიცოდი, რომ რაფიკი ტყვედ იყო. „კონტაქტებში“ ამ გოგოს გვერდი ვიპოვე. ავუხსენი ვინ ვიყავი და შევთავაზე, გამსაუბრებოდა. დამბლოკა“.
ნატალიას არც სოციალურ ქსელში ენდობიან, იქ მან თხოვნა გამოაქვეყნა, შვილის მოძებნაში დამეხმარეთო. ამ დროს „უკრაინელი ბოტები“, რომლებმაც ახლობლებს რუსი ჯარისკაცების ფოტოები დაუგზავნეს, მას ინფორმაციას აწვდიან და ცდილობენ გაამხნეონ კიდეც: „ტყვეებს არ ჩაგრავენ, აჭმევენ, უმკურნალეს“.
მაქსიმ ხანიგინისგან განსხვავებით რაფიკ რახმანკულოვს კონტრაქტზე ხელი ჰქონდა მოწერილი.
„მე დავიყოლიე ამაზე, - აღიარა ნატალიამ. - გაფანტული ბიჭია და ჯარში დისციპლინას შეეჩვევა-მეთქი. თან პერსპექტივაც, სამხედრო კარიერა, სამხედრო იპოთეკა... ვერ ვიტყვი, რომ ვნანობ. სამშობლოს დაცვა სათაკილო არაა. ცუდი ისაა, გაუწვრთნელ ბიჭს, ზაფხულის ფორმით, წვრთნების მაგიერ, საბრძოლველად რომ აგზავნი... უკვე მზად ვარ, ბალიშისპირი თეთრი ბაირაღივით დავიჭირო და საზღვარზე გადავიდე ჩემი ბიჭის დასაბრუნებლად“.
ორგანიზაცია „ჯარისკაცების დედების“ პასუხისმგებელი მდივანი ვალენტინა მელნიკოვა ამბობს, რომ მათ ახლა ბევრი მიმართავს ახლობლის მოსაძებნად, იმდენი არა, როგორც ეს ჩეჩნეთის ომის დროს იყო, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხალხს უკრაინაში გაჩაღებული ომის ჯერ კიდევ არ სჯერა.
ვალენტინა მელნიკოვა: „რატომ არ მეშინია ამ სიტყვის? იმიტომ რომ არსებობს ჟენევის კონვენცია, რომელშიც ნათლად არის განმარტებული, თუ რა ითვლება ომად. სახელის სწორად დარქმევა მნიშვნელოვანია. ცინიკური იქნება, მაგრამ მაინც ვიტყვი, თუ სამხედრო ომში მონაწილეობს, მას სახელმწიფოსგან სულ სხვა შეღავათები, მედლები და ა.შ. ეკუთვნის, მაგრამ თუ ეს მხოლოდ „წესრიგის დამყარება“ ან „კონტროპერაციაა“ როგორც ეს ჩეჩნეთში ომის დროს იყო, ვერაფერსაც ვერ მიიღებენ.
ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი გაფრთხილება არაფრად ჩააგდეს. ჯერ კიდევ დეკემბერში, როდესაც მშობლები მომმართავდნენ და მეუბნებოდნენ, ჩემი შვილი სამხრეთ საზღვართან გადაიყვანესო, ვურჩევდი, ჩადით, ნახეთ, რას აკეთებენ, მეთაურებს, სამხედრო პროკურორებს დაელაპარაკეთ-მეთქი. არცერთი არ წავიდა და აჰა, რა მივიღეთ“.
ასევე ნახეთ „როცა გაიგეს, რომ 3 ათასი ცხედარი შეგვიძლია გადავცეთ, შოკში ჩაცვივდნენ“ - ინტერვიუ სერგეი გარმაშთანორგანიზაციის „ჯარისკაცების დედები სანქტ-პეტერბურგში“, ხელმძღვანელი აქსანა პარამონოვა ამბობს, რომ მათ ძირითადად ის ხალხი მიმართავს, რომელიც 17-23 თებერვლის შემდეგ შვილს ვეღარ უკავშირდება.
აქსანა პარამონოვა: „ასევე რამდენიმე მშობელმა მოგვმართა, რომელმაც ვიდეოზე ტყვედ ჩავარდნილებში შვილი ამოიცნო. ბოლო დღეებში კი ბევრი გვირეკავს და მობილიზაციის შესახებ გვეკითხება, რა ელით გაწვევის შემთხვევაში, ან რა მიზეზით შეიძლება გაწვევაზე უარის თქმა“.
აქსანა პარამონოვა ამბობს, რომ უკრაინისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროები დაღუპულების რადიკალურად სხვადასხვა რაოდენობას ასახელებენ, მაგრამ: „თუნდაც სადღაც შუაშიც რომ ვიგულისხმოთ, უკვე საშინელი რიცხვია“.