უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომში 498 რუსი სამხედრო დაიღუპა, წერს BBC-ი რუსეთის სააგენტო "რია ნოვოსტის" მიხედვით, რომელიც, თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს.
„სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ჩვენს ამხანაგებს შორის არის დანაკარგები: 498 რუსი მებრძოლი დაიღუპა სამხედრო მოვალეობის შესრულებისას, დაჭრილია - 1597", - აცხადებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო.
ეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ომში დაღუპული და დაჭრილი სამხედროების შესახებ პირველად დასახელებული მონაცემებია, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დაწყებიდან მეშვიდე დღეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი არაფერს იუწყება სამხედროებს შორის დაჭრილებისა და მსხვერპლის რაოდენობის შესახებ.
რუსეთის თავდაცვის უწყება იტყობინება, რომ მძევლად ჰყავთ აყვანილი 572 უკრაინელი სამხედრო.
- პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
- პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
- 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
- უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
- რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
- ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.