Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და რუსეთი ავრცელებენ ცნობებს ერთმანეთის დანაკარგების შესახებ


რუსეთის მიერ დაბომბილი ჟიტომირი. 2022 წლის 2 მარტი
რუსეთის მიერ დაბომბილი ჟიტომირი. 2022 წლის 2 მარტი

უკრაინის არმიის გენერალურმა შტაბმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნეს მონაცემები ერთმანეთის დანაკარგების შესახებ. სხვა, დამოუკიდებელი წყაროებით ამ ცნობების გადამოწმება შეუძლებელია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს, 2 მარტს გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის თავდასხმის დღიდან, 24 თებერვლიდან რუსეთის არმიამ პირადი შემადგენლობიდან დაკარგა, სავარაუდოდ, 5840 სამხედრო მოსამსახურე. გენერალური შტაბის ინფორმაციით, განადგურებულია მოწინააღმდეგის 30 თვითმფრინავი, 31 ვერტმფრენი, 211 ტანკი, 862 ჯავშანმანქანა, 85 საარტილერიო სისტემა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 9 საშუალება და ა.შ.

დღესვე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა თანახმად, შეიარაღებულმა ძალებმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების დღიდან მწყობრიდან გამოიყვანეს უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის 1502 ობიექტი, მათ შორის 51 მართვის პუნქტი, 38 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და 51 რადიოლოკაციური სადგური. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, განადგურებულია უკრაინის არმიის 58 თვითმფრინავი, 472 ტანკი და ჯავშანმანქანა, ზალპური ცეცხლის 62 რეაქტიული სისტემა და ა.შ.

არც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და არც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი არაფერს იუწყებიან საკუთარი დანაკარგების შესახებ.

ღამის განმავლობაში და დღეს დილიდან რუსეთის სამხედრო ძალებმა ისევ დაბომბეს უკრაინის ქალაქები, მათ შორის: ხარკოვი, ჟიტომირი და მარიუპოლი. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ხარკოვში დაიღუპა 21 ადამიანი, ხოლო ჟიტომირში - 2. უკრაინის ქალაქებში დაიბომბა საცხოვრებელი სახლები, სამედიცინო დაწესებულებები და ადმინისტრაციული შენობები.

  • პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
  • პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
  • 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
  • უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
  • რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
  • ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.

XS
SM
MD
LG