როგორ დაეხმარა საქართველო უკრაინას - საგარეო უწყება ჩამონათვალს აქვეყნებს

16 თებერვალს უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა.

„საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას“ - ამ სათაურით საქართველოს საგარეო უწყება აქვეყნებს იმ ნაბიჯების ჩამონათვალს, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად ხელისუფლებამ გადადგა.

პირველი ნაწილი მოიცავს საქართველოს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში:

  • მიუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში შეჭრის თაობაზე;
  • თანასპონსორობა გაუწია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ;
  • მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას რუსეთისთვის მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობითი უფლების შეჩერების შესახებ;
  • ეუთო-ს მუდმივი საბჭოს გაძლიერებულ სხდომაზე შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი და მტკიცე პასუხის აუცილებლობას;
  • მიუერთდა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ერთობლივ განცხადებას და კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ;
  • გაეროს გენერალური ასამბლეის მეთერთმეტე საგანგებო სესიაზე საქართველოს წარმომადგენელმა გააკეთა ეროვნული განცხადება და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.

მეორე ნაწილში თავმოყრილია უკრაინის მხარდამჭერი ოფიციალური განცხადებები, მათ შორის, „ტვიტერზე“ საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მიერ დაწერილი პოსტები.

მესამე ნაწილში, რომლის სათაურიც არის „ჰუმანიტარული დახმარება და სოლიდარობა", უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების გარდა, ნახავთ უკრაინის დროშის ფერებში თბილისის ანძისა და ბათუმის სტადიონის განათების ფაქტის აღნიშვნასაც.

  • 1 მილიონი ლარის ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას;
  • დახმარება საქართველოში მყოფ ვიზიტორ უკრაინელებს;
  • 24/7 ცხელი ხაზი უკრაინელი ტურისტებისთვის;
  • თბილისის ანძა და ბათუმის სტადიონი განათდა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში;
  • პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინისა და საქართველოს დროშები;
  • „საქართველოს ფოსტა“ უფასოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით.

გუშინ, 28 თებერვალს, საქართველოდან ვერ გაფრინდა მოხალისეთა ის ჯგუფი, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინაში ჩასვლა და მეგობარი ქვეყნისთვის დახმარება სურდა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა "ტვიტერზე", მათ შორის, ქართულ ენაზე გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც იმედს გამოთქვამს, რომ ქართველ მოხალისეებს უკრაინაში ჩასვლა შეეძლებათ.

"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება", - დაწერა მან.

ასევე ნახეთ უკრაინის პრემიერი: იმედია ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და მოხალისეებისთვის გასცემს ფრენის ნებართვას

დღეს, 1 მარტს კი, უკრაინაში ომის დაწყების მეექვსე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია, მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.

ასევე ნახეთ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის
ასევე ნახეთ უკრაინის საელჩო კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ გაიწვია ელჩი ზელენსკიმ საქართველოდან

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას ქვეყნის ომში "ჩათრევის" სურვილით ხსნის.

"სამხედრო კონფლიქტში ჩვენ ვერ ჩავერთვებით. იყო პირდაპირი მცდელობა, მოხალისეების გაგზავნის ორგანიზების ნაწილში, რომ ჩავრთულიყავით სამხედრო კონფლიქტში. ეს ვერ იქნა მიღწეული და ამას მოჰყვა ეს ძალიან სამწუხარო ნაბიჯი [ელჩის გაწვევა]..." - თქვა კობახიძემ.

ასევე ნახეთ კობახიძე საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზე: ენმ-ს ჩვენი ომში ჩათრევა უნდა

24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.