საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩეველი ანდრი კასიანოვი კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ გაიწვია ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის. მან ამ საკითხზე მედიასთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მან გაიმეორა პრეზიდენტის მიერ დასახელებული ორივე მიზეზი:
- უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეების არგაშვება;
- სანქციებისადმი გამოხატული პოზიციები.
"არსებობს კიდევ ძალიან ბევრი საკითხი, რომლებიც უნდა განიხილონ ამ კონსულტაციების დროს. ეს არის კომენტარი, რაც შემიძლია ამ საკითხზე გითხრათ", - თქვა ელჩის მრჩეველმა, რომელიც უკრაინის დროებითი რწმუნებულის მოვალეობას შეასრულებს.
კასიანოვის თქმით, საქართველომ მათ გაუგზავნა მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ტვირთი და იმედი გამოთქვა, რომ ეს არ იქნება ბოლო დახმარება მეგობარი ქვეყნიდან.
გუშინ, 28 თებერვალს, საქართველოდან ვერ გაფრინდა მოხალისეთა ის ჯგუფი, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინაში ჩასვლა და მეგობარი ქვეყნისთვის დახმარება სურდა. ამ დრომდე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, რომელიც ქვეყანაში ფრენებს არეგულირებს, რადიო თავისუფლების ზარებს არ პასუხობენ და მიზეზებზე არ საუბრობენ.
დღეს, 1 მარტს კი, უკრაინაში ომის დაწყების მეექვსე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია, მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას ქვეყნის ომში "ჩათრევის" სურვილით ხსნის.
"სამხედრო კონფლიქტში ჩვენ ვერ ჩავერთვებით. იყო პირდაპირი მცდელობა, მოხალისეების გაგზავნის ორგანიზების ნაწილში, რომ ჩავრთულიყავით სამხედრო კონფლიქტში. ეს ვერ იქნა მიღწეული და ამას მოჰყვა ეს ძალიან სამწუხარო ნაბიჯი [ელჩის გაწვევა]..." - თქვა კობახიძემ.
24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.