უკრაინელები ამისთვის მზად იყვნენ - ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში გავრცელდა კადრები, როგორ ვარჯიშობენ უკრაინელი ქალები სროლაში:
“რუსული ჯარები ჩვენს საზღვრებთან გროვდებიან და დიდი საფრთხეა, რომ შემოიჭრებიან. ჩვენ არ ვაპირებთ გაქცევას და ჩვენი საყვარელი ხარკოვის მიტოვებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დაცვა უნდა ვისწავლოთ” - უთხრა მაშინ “როიტერსს” 44 წლის, ორი შვილის დედამ ვიქტორია მაკაროვამ.
დღეს უკრაინის მოქალაქეები ყველგან, მთელ ქვეყანაში, არმიის პარალელურად საკუთარი ძალებით უწევენ წინააღმდეგობას რუსულ რაზმებს. მესამე დღეა რაც კიევს, “ტერობორონა” - ანუ ტერიტორიული დაცვის რაზმები იცავენ. სოციალურ მედიაში სწრაფად და ვირუსულად ვრცელდება კადრები, როგორ იყვანენ სახალხო რაზმები, ფაქტობრივად უკრაინელი პარტიზანები რუსეთის ჯარისკაცებს ტყვედ, აფეთქებენ ტანკებს მოლოტოვის კოქტეილებით, ითვისებენ რუსების ჯავშანტექნიკას.
რას წარმოადგენენ ტერიტორიული დაცვის რაზმები?
ტერიტორიული დაცვის რაზმები ახლა არ გაჩნდა , ისინი 2014 წლიდან არსებობს და “ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლების შესახებ" კანონით იმართება. კიევში, მაგალითად, თითო ოლქში 25 ასეთი ბრიგადაა. როგორც უკრაინის დედაქალაქის ოფიციალური გვერდი იუწყება,ბრიგადას ყავს როგორც მუდმივი, პროფესიული სამხედროების შტატი, ისევე რეზერვისტების გუნდები, ადამიანები, რომლებიც იცავენ ოჯახებს, სახლებს და ქვეყანას. ბრიგადები სამხედრო წესით იმართება - აქ არსებობს ოფიცრების, სერჟანტების და ჯარისკაცის წოდებები.
“ტერობორონაში” გაერთიანება 18-დან 57 წლამდე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ამისთვის მსურველმა ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს, შემდეგ ჩამოწერილი მისამართებიდან რომელიმეზე გამოცხადდეს და კონტრაქტს ხელი მოაწეროს.
კონტრაქტის მიხედვით კი, რეზერვისტს ევალება კიევის მოსახლეობის დაცვა, უკრაინის მოქალაქეების მომზადება ეროვნული წინააღმდეგობისთვის, სტრატეგიული ობიექტების დაცვა.
დღევანდელ უკრაინაში იარაღით ხელში ყველას ნახავ რიგითი მოქალაქეებიდან დაწყებული ყოფილი პრეზიდენტით დამთავრებული. პეტრო პოროშენკომ, პირდაპირ ქუჩიდან, კალაშნიკოვით შეიარაღებულმა უთხრა СNN-ის წამყვანს:
“ჩვენ გვაქვს ორი ავტომატი, არ გვაქვს ტანკი, არ გვაქვს არტილერია. აქ, ჩემ გარშემო დიდი რიგია მოქალაქეებისა, ვისაც გაწევრიანება უნდა [ტერიტორიულ დაცვაში] მაგრამ არ გვაქვს საკმარისი იარაღი.”
“რაც არ უნდა ბევრი ჯარისკაცი ჰყავდეს პუტინს, უკრაინას ვერასდროს ჩაიგდებს ხელში” - დაამატა მან მოგვიანებით. “ჩვენ, უკრაინელები, თავისუფალი ხალხი ვართ, დიდი ევროპული მომავლით”.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო
ტერიტორიული დაცვის რაზმები ერთმანეთს ორგანიზებულად, ტელეგრამ-არხებით უკავშირდებიან. მათ როგორც უკრაინის მთავრობა, ისე ხალხი აფინანსებს. იური ბირიუკოვი, თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, რომელიც ახლა ტერიტორიული დაცვის 206 ბატალიონში მსახურობს, თავის ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებს ტერიტორიული დაცვის ეკიპირების ფოტოებს და ყვება, როგორ იხარჯება თანხები. ეკიპირებისა და ფორმის გარდა, ბატალიონებს ახლა უკვე ჯავშანტექნიკაც და 500 პირველადი დახმარების აფთიაქი აქვთ. ამ დღეებში ძირითადად ბუტერბროდებითა და სწრაფი მომზადების ფაფებით გააქვთ თავი.
რადიო თავისუფლება ტერიტორიული დაცვის მოხალისე
კოორდინატორს, იაროსლავა ფედორაშს ესაუბრა. იაროსლავა ჰყვება, რომ “ტერობორონაში” აქტიური მიღება ორი თვის წინ დაიწყო, და მათ, ვინც ეწერებოდა, ყოველ შაბათს ჰქონდათ წვრთნები. ბოლო დღეებში კი ბატალიონებში მოხალისედ ათასობით ადამიანი ჩაეწერა.
“კაცები, ქალები, ძალიან ბევრი ქალი, არა მარტო ახალგაზრდები, უფრო ასაკის ბევრნი იყვნენ” - ყვება იაროსლავა დღევანდელ დღეზე, რომელიც “ტერობორონის” კიევის ერთ-ერთ განყოფილებაში გაატარა. “დღეს დილით რომ მივდიოდი, ალბათ იცით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის და ძალიან ბევრი ადამიანი, ზურგჩანთებით, პირდაპირ ქუჩაში აჩერებდა მანქანას რომ განყოფილებამდე მიეღწიათ.”
იაროსლავას თქმით, ყველას ვერ იღებენ - სამყოფი იარაღი და უნიფორმა არ არის. ეკიპირების შემდეგ რეზერვისტებს მოკლე წვრთნას უტარებენ და აფთიაქებს ურიგებენ, მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ გასვლა. “ეტყობათ, რომ ლოდინით დაიღალნენ. ერთი სული აქვთ, როდის გაუშვებენ ველზე, საბრძოლო სულისკვეთებით არიან.”
ტერიტორიული დაცვის რაზმები კიევში ახლა სრულფასოვანი სამხედროების როლს ასრულებენ. ის დანაყოფები, რომლებიც იაროსლავამ დღეს ნახა, ისვენებდნენ რომ ამაღამ საბრძოლველად გასულიყვნენ. ისინი ქუჩებში პატრულირებენ, მათ აქვთ ბაზები მთელი ქალაქის მასშტაბით. “ტერობორონას” ერთ-ერთი ფუნქცია რუსი სამხედროების გამოჭერაა, რომლებიც თავს უკრაინელებად ასაღებენ. ამისთვის ერთ-ერთი ხერხი უკრაინულად გასაუბრებაა. “გარდა იმისა რომ ეროვნული ღირსების საკითხია უკრაინულად საუბარი, ახლა ასეც გვადგება. უკრაინელებს შეუძლიათ რუსულად საუბარი, რუსებს უკრაინულად - არა”.
იაროსლავა ამბობს, რომ განყოფილებაში წესრიგი და მზადყოფნაა, და რომ იქ თავს დაცულად გრძნობს. “მიუხედავად იმისა, რომ კიევის ცენტრშია ეს განყოფილება, დღეს საოცრად მშვიდად ვგრძნობდი იქ თავს” - ამბობს იაროსლავა. “მე თვითონაც ვფიქრობდი გაწევრიანებას, მაგრამ ფიზიკური მომზადება არ მაქვს საკმარისად კარგი. ვცდილობ, იქ ვიყო, სადაც უფრო სასარგებლო ვიქნები”.