აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი გამოსვლისას 22 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის ორი რეგიონის დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარების გამო აშშ რუსეთს უწესებს სანქციებს.
ბაიდენის თქმით, აშშ-ის სანქციები შეეხება რუსეთის ორ ბანკს, სამხედრო ბანკს და სახელმწიფო ბანკს, VEB-ს, რაც ახალი სანქციების პირველ ნაბიჯს წარმოადგენს.
აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, სანქციების შედეგად რუსეთს აღარ ექნება შესაძლებლობა აიღოს სესხი, მას გადაუჭრიან კავშირს დასავლეთის საფინანსო ინსტიტუტებთან.
გამოსვლისას ბაიდენმა ასევე თქვა, რომ რუსეთის მიმართ სანქციები შეეხება ამ ქვეყნის ელიტას, მათ, ვინც დაკავშირებულია კორუფციასთან და მათი ოჯახის წევრებს.
ბაიდენმა გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ გააგრძელებს აგრესიას, ეს მას ძვირად დაუჯდება და მის წინააღმდეგ ამოქმედდება უფრო მკაცრი სანქციები. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამ მხრივ დასავლეთი, აშშ-ის მოკავშირეები ერთიანი არიან და ახსენა გერმანიის გადაწყვეტილება, შეაჩეროს მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირების პროცესი. მის გამოსვლამდე რუსეთისთვის სანქციების დაწყების შესახებ გამოაცხადეს ევროპის კავშირმა და ცალკე - დიდმა ბრიტანეთმა.
ბაიდენმა თავისი თანამოქალაქეების გასაგონად თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს, რომ არ დაზარალდეს ამერიკელი მწარმოებელი და ამერიკელი მომხმარებელი, რათა ისინი დაიცვას ენერგომატარებლებზე ფასების ზრდისგან. ბაიდენის თქმით, ის იზრუნებს იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით გამოწვეული ზარალი ამერიკის ეკონომიკასაც არ შეეხოს.
ჯო ბაიდენის თანახმად, აშშ კვლავაც დაიცავს ნატოს ტერიტორიას და აპირებს ბალტიის ქვეყნებში, ლიეტუვასა და ლატვიაში გაგზავნოს დამატებითი ჯარი, თუმცა რაოდენობა არ დაუზუსტებია.
გამოსვლის ბოლოს ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინმა თავისი გამოსვლისას დაამახინჯა ისტორია და პირდაპირ დაესხა თავს უკრაინის უფლებას, იარსებოს, პირდაპირ დაემუქრა მას ომით, თუ მოთხოვნებს არ შეუსრულებენ.
ყველაფერი არ არის დაკარგული, დიპლომატიისთვის ჩვენ კვლავ ღია ვართ, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, - თუ რუსეთი თავისი მოქმედებით და არა მხოლოდ სიტყვით გვიჩვენებს თავის მზადყოფნას.
„კიდევ არის დრო, თავიდან ავიცილოთ უარესი სცენარი, რომელიც მოუტანს აღუწერელ ტანჯვას მილიონობით ადამიანს", - განაცხადა ბაიდენმა და იმედი გამოთქვა, რომ „დიპლომატია ჯერ კიდევ მისაწვდომია“.