ევროპის კავშირმა ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას, მოსკოვის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების და იქ ჯარების განთავსების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა 22 თებერვალს, რომ მინისტრებმა „ერთხმად მიიღეს სანქციების პირველდაწყებითი პაკეტი“ პარიზში რიგგარეშე შეხვედრის დროს. ლე დრიანმა გამოაცხადა, რომ მოსკოვმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და არ შეასრულა თავისი ვალდებულება.
სანქციები შეეხება რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის წევრებს და სხვა პირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის აღმოსავლეთში, სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონში რუსეთის ჯარების განთავსების დამტკიცებაში, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა უზენაესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა.
სანქციები შეეხება რუსეთის პოლიტიკის დაფინანსებასთან დაკავშირებულ ინსტიტუტებს, ისინი მიმართული იქნება ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის არმიას და სხვა ოპერაციებს უკრაინის სეპარატისტულ ტერიტორიებზე. სანქციების მეოხებით ევროკავშირის კაპიტალის და საფინანსო ბაზრებზე და მომსახურებაზე წვდომა შეეზღუდებათ რუსეთის სახელმწიფოს და მთავრობას. სანქციები ასევე შეეხება ვაჭრობას ორ სეპარატისტულ რეგიონთან.
ბორელის თქმით, სანქციები დიდ ზარალს მიაყენებს რუსეთს. ადრე გამოცხადდა, რომ გერმანია აჩერებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირებას, რაც ასევე მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებას და მის განკარგულებას, განათავსოს ჯარი სეპარატისტულ რეგიონებში. რუსეთს სანქციებს დაუწესებს ასევე დიდი ბრიტანეთი.