Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი: უკრაინის კონფლიქტის „გრძელვადიანი მოგვარებისთვის“ უკრაინამ ნატოში შესვლაზე უარი უნდა თქვას


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში პრესკონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის „გრძელვადიანი მოგვარებისთვის“ უკრაინამ უნდა აღიაროს რუსეთის მერ ყირიმის ანექსია, უარი თქვას ნატოში შესვლაზე და მოხდეს მისი „დემილიტარიზაცია“.

პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთმა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა“ აღიარა უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის საზღვრებში.
ამ დროს ამ ოლქების დიდი ნაწილი უკრაინის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის და არა სეპარატისტებისა.

21 თებერვლის განკარგულებაში, როცა პუტინმა ცნო სეპარატისტული რეგიონები, მას არ დაუკონკრეტებია, კერძოდ რა საზღვრებში აღიარებს ამ ტერიტორიებს, მაგრამ 22 თებერვალს, პრესკონფერენციაზე სიცხადე შეიტანა საკითხში - პუტინის თქმით, რუსეთმა აღიარა უკრაინის სეპარატისტული რეგიონები მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში, იმ ტერიტორიის ჩათვლით, რომელსაც კიევი აკონტროლებს. "ჩვენ ვაღიარებთ მათ იმ დამფუძნებელი დოკუმენტების და კონსტიტუციის შესაბამისად, რომელთა თანახმად, მათი საზღვრები ემთხვევა ლუგანკის და დონეცკის რეგიონების საზღვრებს, სანამ ისინი უკრაინის შემადგენლობაში იყვნენ". პუტინმა განმარტა, რომ ამ საკითხის მოგვარება უნდა მოხდეს უკრაინის ახლანდელ ხელისუფლებას და ამ რეგიონების ხელმძღვანელობას შორის, რაც, მისი თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან საბრძოლო მოქმედება გრძელდება.

22 თებერვალს პრესკონფერენციაზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმება, რომელსაც აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი უნდა დაესრულებინა, "აღარ არსებობს" და კიევი დაადანაშაულა მის მოსპობაში.

შეკითხვაზე, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს რუსეთის ჯარი უკრაინაში, პუტინმა უპასუხა, რომ „პირველ რიგში, მე არ მითქვამს, რომ ჯარი პირდაპირ იქ წავა. მეორე: საერთოდ შეუძლებელია საბრძოლო მოქმედების განსაზღვრა წინასწარ. ეს დამოკიდებულია კონკრეტულ ვითარებაზე, რომელიც ადგილზე შეიქმნება“.

22 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საბჭომ მიიღო პუტინის მიმართვა და მას ნება დართო ჯარი გამოიყენოს რუსეთის ფარგლებს გარეთ, დონბასში შექმნილ ვითარებასთან კავშირში.

XS
SM
MD
LG