ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „რუსეთს არ შეუწყვეტია უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაგეგმვა". „ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ რუსეთი უკრაინაზე ფართომასშტაბიანი შეტევის დაგეგმვას აგრძელებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე. მოვუწოდებთ რუსეთს, „უკან დაიხიოს“, არასოდესაა გვიან, არ განახორციელო თავდასხმა, - დასძინა სტოლტენბერგმა.
თეთრმა სახლმა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ჯარის განთავსებას უწოდა „შეჭრა“ და აღნიშნა, რომ „წითელი ხაზი“ გადაიკვეთა, რასაც მოსკოვის მიმართ აშშ-ის მძაფრი სანქციები მოჰყვება. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის უკრაინაში შეჭრის დასაწყისი, - თქვა ჯონ ფაინერმა, ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის პირველმა მოადგილემ. „შეჭრა შეჭრაა და ახლა სწორედ ეს ხდება,“ - თქვა მან.
22 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენებას რუსეთის ტერიტორიის გარეთ. ეს გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე - დონბასში შექმნილ ვითარებას უკავშირდება. კანონმდებლებმა საკითხს კენჭი უყარეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 22 თებერვალს გაგზავნილი მიმართვის საფუძველზე. პუტინმა 21 დეკემბერს უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე სეპარატისტული რეგიონები "დამოუკიდებლად" აღიარა და ხელი მოაწერა განკარგულებას იქ რუსეთის ჯარის განთავსების შესახებ.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სიტყვით გამოვა ერისადმი მიმართვით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედების გარშემო ადგილობრივი დროით 13 საათზე (თბილისის დროით 22:00 საათი), - იტყობინება თეთრი სახლი.