ანა ფოტიგა: „მე საქართველოს ნამდვილი მეგობარი ვარ და არა - მტერი“

ანა ფოტიგა

ევროპარლამენტი საქართველოსა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარების მოწოდებით გამოდის - საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ყოველწლიურ ანგარიშში ეს კომპონენტი პოლონელ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით შევიდა. 

ანგარიში „მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, აღიარონ საქართველოსა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნების უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის და წარმოადგენს მამოძრავებელ ძალას, რომ მათ გააგრძელონ შიდა რეფორმები“.

„ეს უბრალოდ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია სწორი მიმართულებით - ჩემი ქვეყანა, პოლონეთი, 12 წელიწადი ელოდა ევროკავშირში გაწევრებას, სხვა ქვეყნებს კიდევ უფრო დიდხანს მოუწიათ ლოდინი“, - უთხრა ფოტიგამ რადიო თავისუფლებას. მისი თქმით, „ევროპარლამენტის ანგარიშში ეს ცვლილება შეიტანეს უკიდურესად მნიშვნელოვანი, ურთულესი პოლიტიკური სიტუაციის ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია ემუქრება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროკავშირსა და მის სამეზობლოს, მათ შორის, საქართველოს. და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან მიმართებით რჩება საკითხები, რაც კვლავაც იწვევს შეშფოთებას - მხედველობაში მაქვს პოლიტიკური პროცესები, მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის საქმე - მე უწინდებურად მყარად ვუჭერ მხარს საქართველოს მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ვნახო წარმატებული, გამარჯვებული ქართველი საზოგადოება. ევროპარლამენტში თანდათან იზრდება გავლენიან პოლიტიკოსთა რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ ბრიუსელმა უფრო უნდა იაქტიუროს, თავადვე გამოიჩინოს ინიციატივა და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას უკვე უნდა შესთავაზოს ე.წ. „ყველაფერი, წევრობის გარდა“ მოდელი, რაც თავისთავად წევრობასაც არ გამორიცხავს, როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება. ამ ეტაპზე უნდა დავიწყოთ ამ ქვეყნების სრული ინტეგრაციით ევროკავშირის ერთიან ბაზარზე. ოპტიმიზმით ვარ განმსჭვალული ამ წამოწყების მიმართ და ვფიქრობ, რომ პარლამენტის ანგარიშში ევროპული პერსპექტივის შესახებ შეტანილი ცვლილება ამ საქმესაც წაადგება“.

ვიცი, რომ საქართველოში ეს გაუხარდათ. ვფიქრობ, ქართველ ხალხს გამხნევება სჭირდება, კარგად მესმის მათი, ძნელია მუდმივ გაურკვევლობაში ცხოვრება.

რადიო თავისუფლება: რა რეაქცია ჰქონდა ამ ყველაფერზე ქართულ მხარეს?

ანა ფოტიგა: ჩვენ გვაქვს კომუნიკაციის ჩვენი არხები, მათ შორის, მთავრობასთანაც, თუმცა დაბალ დონეზე. მაგრამ, რაც მთავარია, მე ვიცი ქართველი საზოგადოების, ქართველი ხალხის რეაქციის შესახებ. მე ვიცი, რომ საქართველოში ეს გაუხარდათ. ვფიქრობ, ქართველ ხალხს გამხნევება სჭირდება, კარგად მესმის მათი, ძნელია მუდმივ გაურკვევლობაში ცხოვრება. იმედი მაქვს, რომ ეს მოწოდება ევროპული პერსპექტივის შესახებ მათ მხნეობას შემატებს - ხალხს სჭირდება იგრძნოს, რომ რაღაც გაკეთდა, რომ რაღაცას მივაღწიეთ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.

რადიო თავისუფლება: ხაზგასმით ახსენეთ, რომ საკომუნიკაციო არხებს ხელისუფლების დაბალ ეშელონებთან ინარჩუნებთ - და რაც შეეხება ე.წ. ლიდერშიპს? მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თქვენ ოპოზიციას ლობირებთ, პრემიერი კი თვლის, რომ ევროპარლამენტარების ნათქვამს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს...

ანა ფოტიგა: დიახ, ვიცი, რომ ისინი, რბილად რომ ვთქვათ, ჩემი ფანები არ არიან. აი, რას ვიტყოდი - რანაირად ვარ საქართველოს მტერი, როდესაც მთელი ჩემი ცხოვრებაა სულ საქართველოს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს ვუჭერ მხარს? აღფრთოვანებული ვარ ქართველების ეროვნული სიამაყით, მიმაჩნია, რომ საქართველო დასავლური ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. ვფიქრობ, მე საქართველოს ნამდვილი მეგობარი ვარ და არა მტერი.