საპარლამენტო უმრავლესობამ სადეპუტატო მანდატები ნათელაშვილსა და ხოშტარიას - გაცდენებისთვის, ხოლო ჯაფარიძეს - სასამართლოს განაჩენის გამო გაუუქმა და საფუძვლად კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნები დაასახელა.
კონსტიტუციონალისტები იმავე კონსტიტუციის მოთხოვნათა იგნორირებაზე ლაპარაკობდნენ ერთი წლის წინ, როცა უმრავლესობამ მანდატები არ გაუუქმა იმ 50-ზე მეტ ოპოზიციონერ დეპუტატს, ვისაც საპარლამენტო ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული.
მანდატების გაუქმება
მას შემდეგ, რაც პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ სხდომაზე, 14 თებერვალს გადაწყდა, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობა სამ ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატებს გაუუქმებდა, ოპოზიციაში ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ 15 თებერვალს, პარლამენტის სხდომაზე ეს სწორედ ასე მოხდებოდა.
თუმცა კენჭისყრამდე, ოპოზიციონერი დეპუტატები შეეცადნენ აეხსნათ უმრავლესობისთვის, რომ ოპოზიციონერი კოლეგების მანდატების გაუქმება „დიდი შეცდომა“ იქნებოდა „პოლიტიკური ანგარიშსწორების“ ელფერით.
ასევე ნახეთ პარლამენტმა ნათელაშვილს, ხოშტარიას და ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა„კონსტიტუცია და სამართალი თქვენთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ ზნეობრივ და მორალურ საკითხებზე მაინტერესებს, რაიმე სახის შინაგანი რწმენა თუ გაქვთ მაინც თქვენს თავთან?!“ - იკითხა პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ.
გრძნობდნენ თუ არა „ოცნების“ დეპუტატები შინაგან დისკომფორტს კოლეგებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების გაუქმების გამო, ეს შეკითხვა 15 თებერვალს არაერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დასვა.
„ყველა ნორმალური ადამიანისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის გარკვეული სიმძიმის მატარებელი გადაწყვეტილება“, - თქვა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა. თუმცა, უმრავლესობის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, მანაც კანონის მოთხოვნებზე მიუთითა და თქვა, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საშუალება არა აქვთ.
ქადაგიშვილმა ასევე თქვა, რომ ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში კომიტეტი ვერ გადახედავდა სასამართლოს 12 იანვრის განაჩენს და, ამდენად, გადაწყვეტილება მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის საფუძველზე იქნა მიღებული.
„[რამდენად სამართლიანია სასამართლოს განაჩენი] ეს საკითხი არცერთი ჩვენთაგანის გადასაწყვეტი არ არის, არც კომიტეტის დონეზე და არც პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო დისკრეცია. არის თუ არა ესა თუ ის ადამიანი დამნაშავე, განსაზღვრავს მხოლოდ სასამართლო... დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ კომიტეტის ის დასკვნა, რომელიც სწორედ იმ სამართლებრივ სტანდარტებთან არის დაკავშირებული, რასაც ჩვენ კონსტიტუცია, პარლამენტის რეგლამენტი და კანონი გვკარნახობს“, - თქვა ქადაგიშვილმა.
ასევე ნახეთ მდინარაძე ჯაფარიძის საქმეზე: პარლამენტი კვაზი სასამართლოს ფუნქციას ვერ შეასრულებს15 თებერვლის სხდომაზე ბევრმა ოპოზიციონერმა კოლეგამ ბადრი ჯაფარიძე კონსტრუქტიული და მუყაითი დეპუტატის მაგალითად დაასახელა, თუმცა მისი პარტიის წევრების, „ლელოელების“ პოზიციით, მთავარია არა ის, ვინ როგორი დეპუტატია, არამედ ის, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის ჩამორთმევის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
„ბადრი ჯაფარიძეს დაერქვა დამნაშავე ქმედებისთვის, რომელიც არ არის დანაშაული. ეს ჩემი შეხედულებით კი არა, პროკურორის ნათქვამით [2019 წელს], რომ ამიტომ [თაღლითობის მუხლით] ბრალს ვერ დავდებო და მოსამართლის მიერ დაწერილით [12 იანვრის განაჩენში], რომ, კი, ეს [დანაშაული] ხანდაზმულიაო და ამიტომ ვერ დავსჯი ამ კაცსო. არსი დავინახოთ, იმ სამწლიან [გამოძიება-სასამართლო განხილვის] პროცესს რომ თავი დავანებოთ“, - მიმართა სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენლებს დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ეწინააღმდეგებასაპარლამენტო უმრავლესობას ბოლო კვირებში არაერთმა იურისტმა თუ მესამე სექტორის წარმომადგენელმა მიმართა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით. ისინი ცდილობდნენ ახსნას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 12 იანვრის გადაწყვეტილება მხედველობაში არ უნდა ყოფილიყო მიღებული.
„განაჩენი გამოტანილია საქართველოს კანონმდებლობის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევით“, - წერდა 20 იურისტის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში „დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი“, ხოლო მანამდე, „დემოკრატიის ინდექსი“ აღნიშნავდა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლა „აქარწყლებს დამნაშავის ყოველგვარ პასუხისმგებლობას“ და პირი „არ ითვლება ნასამართლევად, არ ეზღუდება სხვა უფლებები, მათ შორის, საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება“.
ასევე ნახეთ ბადრი ჯაფარიძე: ეს დარბაზი მაქვს აოხრებული ნანახი... მაშინ გადატრიალების დროს შემიწყდა უფლებამოსილება ასევე ნახეთ შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას მანდატების დათმობისკენ მოუწოდებსბადრი ჯაფარიძისგან განსხვავებით, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება გაცდენების გამო შეუწყვიტა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ისინი პარლამენტის მუშაობაში არცერთ ეტაპზე არ ჩართულან.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, სულ ახლახან, როგორც თავად თქვა - მხარდამჭერებთან კომუნიკაციის შედეგად - დათანხმდა პარლამენტში შესვლას. თუმცა, მან ეს ვეღარ მოასწრო.
„დროას“ დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ, რომელიც პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ სიით გავიდა, სადეპუტატო მანდატზე უარი იმთავითვე თქვა, როდესაც ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება მას უკან აღარ წაუღია.
კონსტიტუციის მოთხოვნის წაკითხვა
საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს თუკი ის - „მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს“ ანდა, მაგალითად, თუკი ის „კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ“. მაგრამ იმავე ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებს შემთხვევა, როცა დეპუტატი „პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“.
ჯაფარიძეც, ნათელაშვილიც და ხოშტარიაც, იმ სხვა ათეულ ოპოზიციონერ დეპუტატს შორის იყვნენ, რომლებსაც მმართველმა პარტიამ გასულ წელს მანდატების გაუქმებაზე, პირადი განცხადებების მიუხედავად, მტკიცე უარი უთხრა. ეს მიდგომა არ გავრცელდა მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსზე“, რომლის სიით გასული დეპუტატები ახლა პარლამენტში ფრიდონ ინჯიას პარტიის - „ევროპელი სოციალისტების“ სახელით მუშაობენ.
- 2021 წლის 2 თებერვალს გამართულ პირველ საგაზაფხულო სესიაზე, უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების შეწყვეტას;
- მაშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს ოპოზიციის მხარდამჭერების პატივისცემის ნიშნად მოხდა;
- მაშინ „ქართული ოცნება“ აცხადებდა ასევე, რომ კონსტიტუციაში იდო სპეციალური მექანიზმი „ოპოზიციის საბოტაჟის“ წინააღმდეგ.
კონსტიტუციონალისტები მაშინ რადიო თავისუფლებასთან დაბეჯითებით აცხადებდნენ, რომ დეპუტატებისთვის მანდატების არგაუქმება კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა.
51 დეპუტატისთვის მანდატების გაუქმების შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა მეათე მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიმაშინ პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზეც ლაპარაკობდნენ.
ასევე ნახეთ კობახიძე ოპოზიციაზე: ადრე ვეხვეწებოდით პარლამენტში შემოსვლას, ახლა გვეხვეწებიან, არ გავუშვათ15 თებერვალს უმრავლესობამ არ გაითვალისწინა ოპოზიციის მოწოდება, რომ კონსტიტუციის წაკითხვა „აზრის გამოცლითა“ და მხოლოდ „სიტყვების რახა-რუხით“ არ შეიძლება.
ოპოზიციის შეთხელებული რიგები
მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ 30-წევრიანი ფრაქცია დაბრუნდა პარლამენტში - ოპოზიციონერი დეპუტატების რიცხვი 64-ს შეადგენს. სამი დეპუტატისთვის მანდატების გაუქმების შემდეგ, პარლამენტში 61 ოპოზიციონერი დეპუტატი რჩება, რადგან ამ სამ ვაკანსიას ადგილმონაცვლეები ვეღარ დაიკავებენ, პარტიების მიერ საარჩევნო სიების გაუქმების გამო.
ოპოზიციონერი დეპუტატების რიგებს მანამდე გამოაკლდნენ ნიკა მელია (ენმ), მამუკა ხაზარაძე („ლელო“) და ზურაბ ჯაფარიძე („გირჩი მეტი თავისუფლება“). ამ სამი ვაკანსიიდან შეივსო მხოლოდ ერთი - რადგან „გირჩს“ პარტიული სია არ ჰქონდა გაუქმებული.
ასევე ნახეთ საპარლამენტო მიმატება-გამოკლებაჯერჯერობით უპასუხოდ რჩება ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნა, რომ ცესკოში გადაიხედოს გაუქმებული პარტიული სიების საკითხი და საშუალება მიეცეთ, რომ ადგილმონაცვლეების ხარჯზე შეივსონ რიცხობრივი დანაკლისი.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება პოლიტიკური ქურდობა“, - თქვა ხატია დეკანოიძემ 15 თებერვალს. უმრავლესობის დეპუტატმა, შოთა მიქანაძემ კი ოპოზიციონერებს სხდომაზე შეახსენა, რომ სიები თავად გააუქმეს.
რას ცვლის დანაკლისი?
იმის გამო, რომ მოქმედი კანონმდებლობით, საპარლამენტო ფრაქციაში, სულ მცირე - 7 დეპუტატი უნდა იყოს, ბადრი ჯაფარიძის პარლამენტიდან წასვლის შემდეგ, დაიშლება „ლელოს“ ფრაქცია.
მანამდე ეს ერთხელ უკვე მოხდა, მამუკა ხაზარაძისთვის მანდატის საკუთარი მოთხოვნით გაუქმების შემდეგ; თუმცა დანაკლისი მაშინ ენმ-ის ფრაქციიდან "ლელოში" გადასულმა დილარ ხაბულიანმა შეავსო და ფრაქციის აღდგენა მოხერხდა.
დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების შემდეგ, ეჭვქვეშ დადგა კონკრეტულად პატიმარ ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან ენმ-ის ეს ინიციატივა, დიდი ალბათობით, ვეღარ შეაგროვებს მხარდამჭერების საჭირო რაოდენობას. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის საჭიროა, სულ ცოტა, 50 დეპუტატის მხარდაჭერა.
ასევე ნახეთ პარლამენტს მოუწოდებენ უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს ოპოზიციონერ დეპუტატებსარასამთავრობო ორგანიზაციები - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" - მიიჩნევენ, რომ დეპუტატების რიცხვის შემცირება პარლამენტის დასუსტებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.