პარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ფეისბუკის" გვერდზე მოკლე განცხადება გამოაქვეყნა. ის წერს, რომ არ ეთანხმება დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილებას:
"არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას!"- - წერს სალომე ზურაბიშვილი.
დღეს 15 თებერვალს პარლამენტმა, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, კენჭი უყარა და უფლებამოსილება შეუწყვიტა დეპუტატებს შალვა ნათელაშვილმა და ბადრი ჯაფარიძეს.
დღესვე პარლამენტმა 2 სხვა დეპუტატსაც შეუწყვიტა უფლებამოსილება. ესენი არიან ელენე ხოშტარია და კახა კუჭავა.
- ჯაფარიძის შემთხვევაში მომხრე 77 დეპუტატი იყო, 38 - წინააღმდეგი;
-
ნათელაშვილის შემთხვევაში მომხრე 79 დეპუტატი იყო, 28 - წინააღმდეგი;
- ხოშტარიას შემთხვევაში მომხრე 77 დეპუტატი იყო, 9 - წინააღმდეგი.
წინსწრებით იყო ცნობილი, რომ პარლამენტში უმრავლესობაში მყოფი პარტია "ქართული ოცნება" ამ სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერდა.
"ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის საკითხის განხილვა პარლამენტში მას შემდეგ დაიწყო, რაც მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. თბილისის საქალაქო სასამართლომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო ჯგუფურ თაღლითობაში, თუმცა სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა.
"ნორმალურ ვითარებაში რომ ავიღოთ და ნორმალურად დაწყებულიყო საქმე, ბადრი ჯაფარიძე არ არის დამნაშავე. სისხლის სამართლის საქმე დაიწყო სწორედ იმიტომ, რომ "თაღლითობით" ვერ დაიწყებოდა. შესაბამისად, გასული იყო ხანდაზმულობის ვადა და არ იყო დამნაშავე... ეს სხვა შემთხვევაა, აქ არ არსებობს საფუძველი, რომ პარლამენტმა მას შეუწყვიტოს უფლებამოსილება, რადგან ბადრი ჯაფარიძე არ არის დამნაშავე", - თქვა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის დამოუკიდებელი წევრმა, თამარ კორძაიამ.
ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის "დროას" თავმჯდომარე ელენე ხოშტარია და "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი არცერთ სხდომას არ დასწრებიან - პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში დეპუტატს უფლებამოსილება შეიძლება შეუწყდეს. მათგან ნათელაშვილი მზად იყო დაეწყო საპარლამენტო საქმიანობა, ხოშტარიას კი აზრი არ შეუცვლია.
ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობდნენ, რომ ნათელაშვილი ბოიკოტის რეჟიმში იყო და მისი და ხოშტარიას შემთხვევა ერთმანეთისგან განსხვავებულია.
დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში ბრიფინგი გამართა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ. ის ითხოვდა, ცესკოში აღდგეს პარტიების ე.წ. სათადარიგო სიები, რომლითაც პარლამენტში ამ სამი ოპოზიციონერი დეპუტატის ადგილმონაცვლე დაინიშნება.
არასამთავრობო ორგანიზაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. ამ ორგანიზაციების მიერ 10 თებერვალს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადება ეხებოდა სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.