საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედმა პარლამენტის წევრმა "ლელოდან" ბადრი ჯაფარიძემ კოლეგა დეპუტატებს, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვამდე რამდენიმე წუთით ადრე, პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა. მან 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის სახელმწიფო გადატრიალება გაიხსენა და დეპუტატის უფლებამოსილების მაშინდელ და სავარაუდო დღევანდელ შეწყვეტას შორის პარალელი გაავლო:
"მინდა გითხრათ, რომ ამ დარბაზში მე ყველაზე ამაღელვებელი წუთი მაქვს განცდილი, როდესაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას მოვაწერე ხელი, ასევე ნანახი მაქვს ეს დარბაზი აოხრებული, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. მაშინ შემიწყვიტეს უფლებამოსილება - სახელმწიფო გადატრიალების შედეგად შეწყდა ჩემი უფლებამოსილება. ახლა ეს განმეორება თუ მოხდა, ცხადია, რომ ეს იქნება სწორედ იმავეს განხორციელება, ოღონდ ამისთვის არ იქნება გამოყენებული სახელმწიფო გადატრიალება, ამ შემთხვევაში იქნება პულტები...
ჩვენ ვერ გაგვტეხს ვერანაირი გადაწყვეტილება, მათ შორის, ჩემი მანდატის შეწყვეტის შესახებ, არ შეამცირებს ჩვენს სულისკვეთებას, ვერ დააზიანებს, არ შეამცირებს ჩვენს ძალისხმევას იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან. პირიქით, გააძლიერებს მოტივაციას იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის და დასაახლოებლად ევროპულ ოჯახთან, სადაც არის ჩვენი კუთვნილი ადგილი", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
დღეს, 15 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის, შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის მანდატების შეჩერების საკითხი განიხილება. "ქართულმა ოცნებამ", რომელსაც გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება შეუძლია, თქვა, რომ მათ უფლებამოსილებას შეუწყვეტენ.
"ლელოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა პარლამენტში მას შემდეგ დაიწყო, რაც მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. თბილისის საქალაქო სასამართლომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო ჯგუფურ თაღლითობაში, თუმცა სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა.