Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე ოპოზიციაზე: ადრე ვეხვეწებოდით პარლამენტში შემოსვლას, ახლა გვეხვეწებიან,  არ გავუშვათ


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

ოპოზიციის სამი წარმომადგენლისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მან გაიხსენა, რა პოზიცია ჰქონდა ოპოზიციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

„ნახევარ წელიწადზე მეტი გაატარებინეს ქართულ საზოგადოებას იმაზე საუბარში, თუ რატომ არ უნდა შემოსულიყო ოპოზიცია პარლამენტში და მთელი დისკუსია იყო ამასთან დაკავშირებით. ახლა შემოტრიალებულია ეს ყველაფერი და საუბრობენ იმაზე, თუ რატომ არ უნდა შეუწყდეთ სადეპუტატო უფლებამოსილება. ადრე ვეხვეწებოდით პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, რომ არ გავუშვათ პარლამენტიდან. სინამდვილეში ხდება რა: როდესაც პარლამენტის მიერ მიიღება გადაწყვეტილება მანდატის შეწყვეტის თაობაზე, ეს გადაწყვეტილება მიიღება კონკრეტული საფუძვლით. როდესაც ისინი აპროტესტებდნენ ამ გადაწყვეტილებას, უნდა გაიხსენონ ის, თუ ვინ აცდენდა სხდომებს, ვინ ჩადიოდა დანაშაულს, ვინ ახორციელებდა საბოტაჟს და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ შეწყვეტოდათ მანდატები", - განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გაუქმებული „სათადარიგო" პარტიული სიების აღდგენის მოთხოვნას.

„ახლა ისინი თვითონ გვეხვეწებიან მათ მიერ „ჩახსნილი" სიების აღდგენას. ესეც მიუთითებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩავაყენეთ რადიკალური ოპოზიცია, რაც არის ძალიან კარგი. მათი მძიმე მდგომარეობა დადებითად აისახება ქართული დემოკრატიის ხარისხზე", - თქვა მან.

საქართველოს პარლამენტმა სამ ოპოზიციონერ დეპუტატს - შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიას და ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა. კენჭისყრა პარლამენტში დღეს, 15 თებერვალს, გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიიჩნევენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა. ამ ორგანიზაციების მიერ 10 თებერვალს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადება ეხებოდა სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.

XS
SM
MD
LG