"ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს, ცესკოში აღდგეს ოპოზიციური პარტიების სურვილითვე გაუქმებული ე.წ. სათადარიგო სიები. ამ საკითხზე პარლამენტში ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე კენჭისყრის გამართვამდე ისაუბრეს.
"ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს ქართველი ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით უნდა ჩამოერთვას ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს, უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით. ეს რეალურად იქნება ის პროპორცია, რაც ქართველმა ხალხმა გაყალბებულ, მაგრამ მაინც არჩევნებზე მიანიჭა ამ პოლიტიკურ პარტიებს", - თქვა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ.
ე.წ. სათადარიგო სიების საკითხი ოპოზიციურმა პარტიამ მას შემდეგ წამოჭრა, რაც ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობაში მყოფი "ქართული ოცნება" აპირებს მხარი დაუჭიროს სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. იმის გამო, რომ ამ პარტიებს ცესკოში გაუქმებული აქვთ ადგილმონაცვლეების სიები, ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილი, მანდატის შეჩერების შემდეგ, აუთვისებელი რჩება.
ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ პარტიული სიები, რომლიდანაც უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ადგილმონაცვლე ინიშნებოდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში პროტესტის ნიშნად გააუქმა - ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და არ აპირებდნენ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას. მათმა დიდმა ნაწილმა რამდენიმეთვიანი პროტესტი "შარლ მიშელის შეთანხმების" გაფორმების შემდეგ შეწყვიტა.
უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გუშინ, 14 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე „ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერ შალვა ნათელაშვილისთვის, „ლელო"-ს გენერალურ მდივან ბადრი ჯაფარიძისთვის და „დროა"-ს ლიდერ ელენე ხოშტარიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას.
ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის საფუძვლად სახელდება გაცდენები არასაპატიო მიზეზით, ხოლო დეპუტატ ბადრი ჯაფარიძეს მანდატის დაკარგვა სასამართლოს 12 იანვრის ხმაურიანი და სადავო განაჩენის გამო ემუქრება.
არასამთავრობო ორგანიზაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. ამ ორგანიზაციების მიერ 10 თებერვალს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადება ეხება სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.