"ჩემი ოქრო ჩემთან" თუ "ქოლგა" - რისთვის (არ) არის მზად ოპოზიცია?

აქცია ვადამედლი არჩევნების მოთხოვნით - 19 აპრილი, 2021 წელი

ოპოზიციონერი ლიდერების ერთი ნაწილი სამოქმედო გეგმებში ისევ ერთობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს, ნაწილს კი, წარსული გამოცდილებით, ერთიანი ფრონტით მოქმედება უკვე აღარ წარმოუდგენია. განსხვავებაა „ერთობის“ გაგებაშიც და ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმებშიც.

დისკუსიას ამ თემაზე ბიძგი მისცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას ფეისბუკპოსტმა, სადაც ის „ქოლგა პარტიად“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს. ოპოზიციის დასუსტება საკუთარი ერთწლიანი მუშაობის მიღწევად წარმოუდგენია მმართველი პარტიის თავმჯდომარეს.

  • რა საკითხები აერთიანებთ ოპოზიციურ პარტიებს და სად არის ძირეული განსხვავება?
  • რა რეალობის წინაშე აყენებს ოპოზიციას კანონი?
  • რა აჩვენა წარსულის გამოცდილებამ?

ახალგაზრდა პოლიტიკოსი პარტიიდან „გირჩი - მეტი თავისუფლება“, ცოტნე კობერიძე ახლა თბილისის საკრებულოს წევრია, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები ცუდ გამოცდილებად ახსენდება და რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ წარუმატებელმა გაერთიანებამ მხარდამჭერებიც კი დააკარგვინა:

„მინახავს „გირჩი“, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს და მინახავს „გირჩი“, რომელიც მაღალ ხარისხში თანამშრომლობს სხვა პარტიებთან. არჩევნებზე არ მოვიდნენ ჩვენი მხარდამჭერები, რომლებსაც არ სურდათ ხმის მიცემა „ნაციონალური მოძრაობისთვის“... ჩემი აზრით, ყველაზე სწორი ფორმულაა „ჩემი ოქრო ჩემთან“ - ყველა პარტია უნდა ცდილობდეს საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას“.

„გირჩი - მეტი თავისუფლება“ გზას ახლა სრულიად დამოუკიდებლად აგრძელებს და, კობერიძის თქმით, წინა არჩევნებისგან მიღებულ დაზიანებებს იშუშებს.

„არჩევნების შემდეგ ბევრმა მხარდამჭერმა დაგვტოვა, ბევრმა დამფინანსებელმა დაგვტოვა. ბევრი განაწყენებულია და ახლა გვიწევს მოძლიერება“, - ამბობს კობერიძე. მისი პარტიის ლიდერმა - ზურაბ ჯაფარიძემ სადეპუტატო მანდატი ახლახან საკუთარი სურვილით დატოვა, ძირითადად იმის გამო, რომ რისთვისაც შევიდა, ის, ანუ „შარლ მიშელის შეთანხმება“, არ სრულდება.

ასევე ნახეთ ოპოზიციის ახალი სტრატეგიის შესახებ გიგი უგულავას ხედვას პარტიების ნაწილი კრიტიკულად აფასებს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას მიერ 8 თებერვალს გამოქვეყნებულ ინიციატივას ოპოზიციაში არცთუ ცოტა მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

პოლიტიკოსი, რომელმაც 2021 წელს „ევროპული საქართველო“ დატოვა და თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ 5 ნომრით იყრიდა კენჭს, თვლის, რომ: „ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია“, „ენმ დიდი პოლიტიკური მაგნიტია“, „დღეს ის ერთადერთი პარტიაა საქართველოში“ და რომ პატარა პარტიები „უნდა გახდნენ ენმ-ის დიდი ხომალდის ნაწილი, ისე რომ არ დაკარგოს იდენტობა და საკუთარი დღის წესრიგის წარმოჩენა შეეძლოს“.

ბოლო წლებში ერთობის მთავარი ინიციატორი და მოთავე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია იყო და მან, რამდენიმე პარტიასთან, მათ შორის ჯაფარიძის „გირჩსა“ და „ლელოსთან“ თანამშრომლობით, თვითმმართველობის არჩევნების წინ, კოალიციური მმართველობის მოდელის შექმნაც მოახერხა. თუმცა მისივე პარტიის მომხრეების ნაწილმა მას ეს არ მოუწონა და მწვავედაც გააკრიტიკა.

არჩევნების შემდეგ თანამშრომლობა ნელ-ნელა მიილია, შემდეგ წინასაარჩევნო კავშირი თითქოს საერთოდ გაქრა. ყველა პარტია თავის დღის წესრიგს დაუბრუნდა. პოლიტიკურ თემებზე ჯგუფური შეხვედრები აღარ გამართულა.

სამომავლო კოალიციური მთავრობის საჭიროებას ხედავენ, მაგრამ როგორც ენმ-ს სამდივნოს წევრი, ნიკა ობოლაძე ადასტურებს, ამ ეტაპზე სხვა პარტიებთან რაიმე ფორმის ერთობაზე საუბრები არ აქვთ.

„ჩვენ არ გვაქვს პარტიულ-ეგოისტური დამოკიდებულება, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა არის აუცილებელი. რა ფორმას მიიღებს ეს საზოგადოების ჯგუფებზე, სხვა პარტიებზე და ასე შემდეგ... ჩვენ ვართ ყოველთვის ღია თანამშრომლობისთვის და ყველა კონკრეტული ინიციატივის განსახილველად“, - ამბობს ობოლაძე.

ასევე ნახეთ ნიკა მელია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება

„ერთი ქოლგის ქვეშ“ გაერთიანებას „ევროპულ საქართველოში“ თეორიულადაც კი არ განიხილავენ, რადგან პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით - „პოლიტიკური გაერთიანება უნდა ემყარებოდეს ღირებულებებსა და შეხედულებებს“.

უარია „სტრატეგია აღმაშენებლისგანაც“.

„ეს ნიშნავს, რომ ყველა ვერთიანდებით და მივყვებით „ქართულ ოცნებას“ ნარატივში, რაშიც დიდი ინვესტიცია, ბრჭყალებში, ჩადო - ყველა პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ ეძახის და ამომრჩევლებს ჰიპოთეტური საფრთხეებით აფრთხობს - შიმშილთან ერთად, თქვენზე ძალადობაც იქნებაო...

პირიქით, ჩვენ ამომრჩეველს უნდა ვუთხრათ, რომ მრავალფეროვანია ოპოზიცია. ჯობია, რომ ყველა გემოვნების ამომრჩეველმა გააკეთოს თავისი არჩევანი პროპორციულ სისტემაში და მერე ყველამ ერთად შევცვალოთ ხელისუფლება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პარტიის გენერალური მდივანი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე. მისივე თქმით, ახლა მთავარი საზრუნავი პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების გატანაა, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ოპოზიციის მომავალსაც.

რა აქვთ საერთო?

„ოპოზიცია არ გამოიყურება კარგად - დაქსაქსულობისა და დაბნეულობის ეტაპზეა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე და მიზეზად ასახელებს იმას, რომ „ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს ვიწროპარტიული ინტერესების გვერდზე გაწევა და საერთო ინტერესებით მოქმედება“.

ბურჯანაძე ყოველთვის ოპოზიციური ერთობის მომხრე იყო. როგორია მისთვის ოპოზიციური ერთობა?

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ კოორდინირებულად იმოქმედოს. ოპოზიციამ უნდა დაანახოს ხალხს, რომ დღეს თუ არა, ხვალ მას კოალიციური მმართველობით მოსვლა შეუძლია. ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ახლა შეიქმნას პოლიტიკური ბლოკების მსგავსი გაერთიანებები... მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ, განსხვავებული ხედვების მიუხედავად, ყველანი იყვნენ გაერთიანებული იმისთვის, რომ შესუსტდეს ხელისუფლების ის მანქანა, რომელიც უზრუნველჰყოფს არჩევნების გაყალბებას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნინო ბურჯანაძე და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს, ამ ხედვის გაზიარებასა და საერთო ინტერესების გამოკვეთას ცდილობს.

„თუ ოპოზიციის ერთობა არ შედგება, გარწმუნებთ, რომ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შანსი საერთოდ არ იარსებებს“, - ამბობს ბურჯანაძე.

ასევე ნახეთ „ოცნების" თავმჯდომარედ არჩევიდან ერთი წლისთავზე კობახიძემ მიღწეული შედეგები დაასახელა

ოპოზიციის დასუსტებას „ქართული ოცნება“ ხშირად უსვამს ხაზს და სულ ახლახან, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის დასუსტება თავისი ერთწლიანი მუშაობის მიღწევების ჩამონათვალშიც შეიტანა. ასევე, მმართველი პარტია მუდმივად იმეორებს, რომ ქვეყანაში „ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი დასრულდა“ და ქვეყანა სულ სწრაფი ტემპით ივლის წინ.

„მმართველი გუნდი იცავს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფო და საპარლამენტო სუვერენიტეტს, მთავრობამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უზრუნველყო“, - აღნიშნავს კობახიძე.

რისთვის არ არის მზად ოპოზიცია?

მიუხედავად იმისა, რომ NDI-ის ბოლო კვლევით, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ ხელისუფლება ცუდად მუშაობს და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 24%-ია, რაც ოქტომბრის არჩევნებში მიღებული შედეგის ნახევარია; კიდევ უფრო მეტად არის შემცირებული ოპოზიციური პარტიების რეიტინგი და „ნაციონალური მოძრაობის“ (საუკეთესო) მაჩვენებელი მხოლოდ 9%-ს შეადგენს. გამოკითხულების 41% ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არცერთი პოლიტიკური პარტია არ დგას.

ასევე ნახეთ NDI: "ქართული ოცნება" - 24%; "ნაციონალური მოძრაობა" - 9%

ოპოზიციის ამჟამინდელ არასახარბიელო მდგომარეობაზე გიგი უგულავაც წერს და იმასაც აღნიშნავს, რომ „თუ ვინმე არაა დღეს მზად რიგგარეშე არჩევნებისთვის, ეს ოპოზიციაა“.

მისი შეფასებით, „რიგგარეშე არჩევნები, წინა თვეებისგან განსხვავებით, არც ოპოზიციურ ამომრჩეველს უნდა, რადგან ხედავს რომ, საუკეთესო შემთხვევაში, ოპოზიცია წინა არჩევნების მსგავსი კონფიგურაციით გამოვა და თუნდაც რომ ჯამურად გაიმარჯვოს, ცვლილებებს ვერ მიაღწევს”.

ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებულ პრიორიტეტებში ვადამდელი არჩევნების თემამ ბოლო პერიოდში აშკარად უკანა პლანზე გადაიწია.

ოპოზიციის საერთო ინტერესების სარბიელი ამ ეტაპზე არა ქუჩა, არამედ - პარლამენტია, მით უფრო მას შემდეგ, რაც ენმ-ის 30-წევრიანი ფრაქცია ისევ დაუბრუნდა საკანონმდებლო ორგანოს.

ოპოზიციონერი დეპუტატების მთავარ თემებს შორის არის საგამოძიებო კომისიები და საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე გატანა.

თუკი კონსტიტუციაში არაფერი შეიცვლება, 2024 წლისთვის ისევ 5%-იანი ბარიერი დარჩება, ყველა აცნობიერებს, რომ ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მოხვდნენ.

ამ თემაზე განხილვების პროცესის შეჩერების მიზეზად „ქართული ოცნება“ ასახელებდა იმ ფაქტს, რომ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდა ენმ. პაატა მანჯგალაძე გვეუბნება, რომ ყველაზე მსხვილი ფრაქციის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ, ცვლილებების გატანა-დამტკიცება უფრო რეალისტური გახდა.

ასევე ნახეთ საპარლამენტო მიმატება-გამოკლება

პარალელურად, პარლამენტში სულ უფრო თხელდება ოპოზიციის რიგები.

მანდატები მანამდე საკუთარი ნებით დატოვეს: ნიკა მელიამ, ზურაბ ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ. ამ სამიდან ორი ადგილი (სიების ჩახსნის გამო) ვერ შეივსება.

ახლა კი, ბევრი აღარაფერი უკლია მანდატების გაუქმებას კიდევ სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის: ბადრი ჯაფარიძისთვის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის. ამ სამი ადგილიდან ვერცერთი ვეღარ შეივსება.

კომიტეტის დონეზე საკითხს მხარი უკვე დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მალე პლენარულ სხდომაზეც გაიტანენ.